Accessibility links

ადამიანის უფლებები 2013 წლის პირველ ნახევარში


17 მაისის აქციის დარბევა

17 მაისის აქციის დარბევა

„საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ საქართველოში 2013 წლის პირველ ნახევარში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ პირველი ვრცელი ანგარიში წარმოადგინა. ორგანიზაციის მიერ მომზადებულ დოკუმენტში საანგარიშო პერიოდში განვითარებული ისეთი მოვლენებია შეფასებული, როგორიცაა პოლიტიკური ნიშნით მსჯავრდებულ პირთა მიმართ განხორციელებული ამნისტია, პირადი ცხოვრების შემცველი მასალების გავრცელება, რელიგიური შეუწყნარებლობა, ზეწოლა ადგილობრივ თვითმმართველობებზე და სხვა. ანგარიში, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, სახელისუფლებო სტრუქტურებსაც გადაეგზავნება.
„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თანახმად, ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით 2013 წლის პირველ ნახევარში შეინიშნება ვითარების გაუარესება ძირითადად ისეთ სფეროებში, როგორიცაა უმცირესობების უფლებები და რელიგიური თავისუფლება და შესაბამის დაძაბულ სიტუაციებში სახელმწიფოს არაადეკვატური რეაგირება. რაც შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა შეკრება-მანიფესტაციის უფლება, ორგანიზაციის თავმჯდომარის გიორგი ტუღუშის აზრით, წინა წლებში არსებული პრობლემები დარჩა 2013 წლის პირველ ნახევარშიც. მისივე შეფასებით, აღნიშნულ პერიოდში კვლავ განმეორდა - გარკვეულ შემთხვევებში უფრო მძაფრი ფორმებით - ისეთი მოვლენები, როგორიცაა ადგილობრივ თითმმართველობებზე ზეწოლა და საჯარო მოხელეების სამსახურებიდან დათხოვნა. საკანონმდებლო ცვლილებებს რაც შეეხება, გიორგი ტუღუში აღნიშნავს ამ მიმართულებით გადადგმულ როგორც პოზიტიურ, ასევე ნეგატიურ ცვლილებებს. აქედან გამომდინარე, იგი ასკვნის, რომ ყველა ხელისუფლებამ კარგად უნდა გაითავისოს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვალდებულებაა, რომლის განხორციელება პრაქტიკაში ხშირად რთულდება:

“ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ორი რამით - ან ნების არარსებობით, ან პროფესიონალიზმის ძალიან დაბალი დონით. აქედან გამომდინარე, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვხედავთ, რომ გარკვეული პრობლემები მეორდება. არის წინსვლა რიგი მიმართულებებით, თუმცა არის კიდევ ძალიან ბევრი სერიოზული კონკრეტული პრობლემები, რომლებთან გამკლავებაც მოუწევს ახალ ხელისუფლებას, თუ, რა თქმა უნდა, ამის სურვილი ექნება და აქ, რა თქმა უნდა, გარდა ნებისა, აუცილებელია შესაბამისი რესურსის მობილიზება - ვთქვათ, იმავე გასულ წლებში ძალიან ხშირი იყო თვალის დახუჭვა მთელ რიგ პრობლემებზე და საუბარი გარკვეულ პროვოკაციებზე, თუმცა მე ვთვლი, რომ ეს დრო უნდა წავიდეს“.

დარღვევები, რომლებიც ადამიანის უფლებების სფეროში 2013 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში დაგროვდა, ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ 48 ფურცელსა და 17 მიმართულებაში გაწერა. ეს მიმართულებებია: სამართალდამცავი ორგანოების ქმედებების კანონიერება, თავისუფლებისა და ხელშეუვალობის უფლება, ზემოთ უკვე ნახსენები რელიგიური შეუწყნარებლობა, ზეწოლა ადგილობრივ თითმმართველობებზე, პოლიტიკური ნიშნით მსჯავრდებულ პირთა მიმართ განხორციელებული ამნისტია და სხვა. „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ წარმომადგენლის გიორგი მშვენიერაძის თანახმად, ამნისტიის პროცესი კანონმდებლობის მოთხოვნათა უგულებელყოფით წარიმართა. აქ იგი განსაკუთრებით გამოყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის საკითხს:

“თითქოსდა პირველი ორი თვე, ოქტომბრის შემდეგ, იყო ტენდენცია, რომ სახელმწიფო ცდილობდა ამ უფლების დაცვას, თუმცა რაღაც ეტაპზე სახელმწიფომ დაივიწყა ეს ვალდებულება და ახლა მასობრივად ხდება, თითქმის ყოველდღიურად ხდება ამ უფლების დარღვევა. ამას არღვევენ როგორც მაღალი თანამდებობის პირები, ასევე ამ უფლებას არღვევენ რიგითი საგამოძიებო უწყებები, როდესაც მტკიცების ფორმაში გადმოსცემენ დანაშაულის ჩადენის ფაქტს და პირებს მოიხსენიებენ როგორც დანაშაულის ჩამდენებს.ეს უარყოფითად აისახება სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე. ასევე არის ანგარიშში საუბარი ბედუკაძის საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით“.

ბედუკაძის საპროცესო შეთანხმება „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ანგარიშში შეფასებულია როგორც კანონდარღვევა. ამავე ანგარიშით, პროკურატურის მიერ არადამაჯერებლად იყო არგუმენტირებული ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა. ანგარიშში საუბარია ასევე თბილისის მერიის მაღალჩინოსანთა დაკავების პროცედურულ დარღვევებზე და სხვა.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ანგარიშს“ ჯერ არ გასცნობია. შესაბამისად, იგი ანგარიშში გამოთქმულ კანონდარღვევებზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა გამოკვეთს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მისი აზრით არსებულ პოზიტივებს:

“ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ამნისტია, რომელიც ჩვენ მივიღეთ. ჩვენ პატიმართა 60 პროცენტი გავათავისუფლეთ. საპატიმროებში აღარ არის წამება და ღირსების შემლახავი მოპყრობა, რაც ასევე ძალზე მნიშვნელოვანია. პოლიცია აღარ არის პოლიტიკური ინსტრუმენტი და ის იწყებს რეფორმას, რომ ძირითადად პრევენციული ფუნქცია შეასრულოს. პროკურატურაში დაიწყო ასევე რეფორმირება, ანუ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ვითარება, რა თქმა უნდა, რადიკალურად შეცვლილია“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროექტის ხელმძღვანელი გია გვილავა კი შენიშნავს, რომ ადამიანის უფლებების სფეროში თითქმის ყოველთვიურად სახეზეა გახმაურებული დარღვევები:

“რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირება სამთაწყაროში, მოგეხსენებათ, ძალიან აქტუალური თემა იყო და ძალიან პრობლემური. იქ გამოიკვეთა პოლიციის მხრიდან მუსლიმების წინააღმდეგ გარკვეული ქმედებები, ანუ ხელშეწყობა იქ ადგილობრივი მოსახლეობისა. 17 მაისის ძალიან გახმაურებული შემთხვევა. არის საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია, მაგალითად, საჯარო სამსახურში დაუსაბუთებლად ადამიანების გათავისუფლებასთან“.

რაც შეეხება „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის მიერ“ 2013 წლის პირველ ნახევარში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მომზადებულ ანგარიშს, მასზე გია გვილავა ამბობს, რომ ანგარიში საინტერესოა იმითაც, რომ იგი ადამიანის უფლებათა სფეროში ახალი ხელისუფლების საქმიანობას ეხება და მკაფიოდ გვიჩვენებს, რა შეიცვალა, რა გამოსწორდა, რა პრობლემები დარჩა ან მოემატა სახელმწიფოს.
XS
SM
MD
LG