Accessibility links

logo-print

”თუ ჩვენ არ ვთქვით, სხვა ვერ მიხვდება, რა გვინდა”

  • ნინო როდონაია

თამაზ მჟავანაძე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტია. ორი თვეა ხელმძღვანელობს არასამთავრობო ორგანიზაციას ”შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებებისთვის.” მისი დაარსების აუცილებლობას თამაზ მჟავანაძე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების ნაკლებობით ხსნის. ამბობს, რომ პრობლემებს ყველაზე უკეთ თავად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები იცნობენ და სწორედ მათ აქტიურობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა.

”ახალგაზრდებმა უნდა დავიწყოთ საუბარი - განსაკუთრებით მათ, ვისაც ეს პრობლემა თავადვე გვაწუხებს. მე 23 წელია, დაბადებიდან ვერ დავდივარ და ვიცი, თუ ჩვენ არ ამოვიღეთ ხმა, სხვა ვერ მიხვდება, მე რა მინდა, იმიტომ რომ როცა სკოლაში ვსწავლობდით, უცხოპლანეტელივით გვიყურებდა ყველა”, - უთხრა რადიო თავისუფლებას თამაზ მჟავანაძემ.

მისი დაკვირვებით, ბოლო წლებში მიდგომა ერთგვარად შეიცვალა:

”დღეს ინვალიდს აღარ გვეძახიან. ადრე ეს მიდგომა იყო. 12 წლის წინ გვთავაზობდნენ, რომ მე სახლში უნდა მესწავლა და ა.შ., მაგრამ დღეს სიტუაცია შეიცვალა. მინდა ვთქვა, რომ სკოლაში იდეალური ურთიერთობა მქონდა ბავშვებთან და ეს პედაგოგების დამსახურებაცაა”, - გვიამბობს თამაზ მჟავანაძე.

მე ვიცი ბევრი ოჯახი, სადაც სოფლის პირობების, შესაბამისი განათლების დაბალი დონის გამო მალავენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილს. სამწუხაროდ, მიდგომა ასეთია, რომ თუ გამოვაჩენ, მეორე შვილს, მაგალითად, ვერ გავათხოვებ...
სწორედ პედაგოგების შესაბამისად მომზადება ესახება ერთ-ერთ პრიორიტეტად ორგანიზაციას ”შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებებისთვის.” თამაზ მჟავანაძის თქმით: ”პედაგოგს მეტი პრაქტიკული მუშაობის საშუალება უნდა მისცე. კარგია, რომ უნივერსიტეტში საგანი „ინკლუზიური განათლება“ ისწავლება, მაგრამ პედაგოგი უნდა გადამზადდეს. ბავშვი რომ მივა, სიბრალულით არ უნდა შეხედოს. ვფიქრობ, რომ ამ მხრივ ცოტა ხარვეზები გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ კანონში ძალიან კარგად წერია ინკლუზიური განათლების შესახებ”.

კიდევ ერთი ამოცანა, რომელიც ორგანიზაციამ დაისახა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შესახებ საზოგადოების განათლების დონის ამაღლებაა. თამაზ მჟავანაძის შეფასებით, ამ მხრივ განსაკუთრებით რთული ვითარება სოფლებშია:

”მე ვიცი ბევრი ოჯახი, სადაც სოფლის პირობების, შესაბამისი განათლების დაბალი დონის გამო მალავენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილს. სამწუხაროდ, მიდგომა ასეთია, რომ თუ გამოვაჩენ, მეორე შვილს, მაგალითად, ვერ გავათხოვებ. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ლექციების კურსი. მინდა პირადად მივიდე ყველა ასეთ ოჯახში, თუ ამას შევძლებ და გვექნება დონორების დაფინანსებაც. ჩვენ ახლა ენთუზიაზმზე ვმუშაობთ და ჯერჯერობით არანაირი დაფინანსება არ გვაქვს”, - უთხრა რადიო თავისუფლებას თამაზ მჟავანაძემ. მან რამდენიმე პოტენციურ დონორს უკვე მიმართა, თუმცა პასუხი ჯერჯერობით არ მიუღია.

ბავშვი გარეთ სირცხვილით კი არა, როგორც ოჯახის სრულფასოვანი წევრი, ისე უნდა გაიყვანოს და მერე უკვე საზოგადოებაც გვერდით დაგიდგება...
დონორები ჯერ არა, მაგრამ სხვა მხარდამჭერები ახლად შექმნილ ორგანიზაციას უკვე არცთუ ცოტა ჰყავს. მათ შორის არიან სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. თამაზ მჟავანაძე გვიამბობს, რომ ორგანიზაციის შესახებ ინტერნეტით შეიტყო ”მის თბილისმა,” ჟურნალისტმა მაგდა ილურიძემ, რომელიც მზად არის ორგანიზაციის საპატიო წევრის სტატუსით ჩაუდგეს სათავეში საქველმოქმედო კამპანიას.
არასამთავრობო ორგანიზაციამ ”შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებებისთვის” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ბათუმის უნივერსიტეტის ბიზნესის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტთან და ამასვე გეგმავს კიდევ არაერთ სახელმწიფო დაწესებულებასთან. დაფუძნებიდან ორი თვის განმავლობაში ორგანიზაციამ ხელისუფლებას ორი რეკომენდაციით უკვე მიმართა - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის საარჩევნო გარემოს ადაპტაციისა და ხარისხიანი, საჭიროებაზე მორგებული ეტლებით მათ უზრუნველსაყოფად. თამაზ მჟავანაძის თქმით, ინფრასტრუქტურის ადაპტაციის, სოციალური და განათლების პრობლემები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის განსაკუთრებულად მწვავეა. თუმცა, მისივე შეფასებით, უმთავრესად მაინც საზოგადოების დამოკიდებულების პრობლემა რჩება. კიდევ უფრო დიდ სირთულედ თამაზ მჟავანაძე ასახელებს დამოკიდებულებას თავად იმ ოჯახებისა, რომელთა წევრებიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები არიან. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი უმთავრესად მიიჩნევს სწორედ ასეთი ოჯახების წევრთა ცნობიერების შეცვლას:

”შენ განსხვავებული და კი არ გყავს, ან ძმა, შენ გყავს ადამიანი, რომელიც შეიძლება შენზე ჭკვიანი და ძლიერი იყოს. როცა მშობელი ამბობს, რომ შვილს ვერ გამოაჩენს, გამოაჩენს რა, ნივთი ხომ არ არის?! ბავშვი გარეთ სირცხვილით კი არა, როგორც ოჯახის სრულფასოვანი წევრი, ისე უნდა გაიყვანოს და მერე უკვე საზოგადოებაც გვერდით დაგიდგება”,- უთხრა რადიო თავისუფლებას თამაზ მჟავანაძემ.
XS
SM
MD
LG