Accessibility links

logo-print

ადამიანის უფლებები საპარლამენტო ჭრილში


მესამე ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

მესამე ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

სასჯელაღსრულების სამინისტრო და პროკურატურა – ეს ის ორი ძირითადი უწყებაა, რომლებითაც უკმაყოფილო მოქალაქეები 2014 წელს ყველაზე ხშირად მიმართავდნენ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტს. იმის შესახებ, თუ ძირითადად რას უჩივიან მოქალაქეები და რას აჩვენებს საჩივრების სიმრავლე, კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ილაპარაკა მესამე ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაციაზე, რომელიც, გაეროს განვითარების ფონდის მხარდაჭერით, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ შედგა. პრეზენტაციაზე დისკუსიაც გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ: სახალხო დამცველი, იუსტიციის საბჭოს წარმომადგენლები, სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოების წევრები და მესამე სექტორის წარმომადგენლები.

განცხადება-საჩივრებში, რომლებიც ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტმა 2014 წლის განმავლობაში მიიღო, აღწერილია მოქალაქეთა სამოქალაქო-პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დარღვევის შემთხვევები და მოთხოვნილია დარღვეული უფლებების აღდგენა. 2014 წლის განმავლობაში სხვადასხვა უწყებასთან დაკავშირებით კომიტეტში შესული 11 355 განცხადებიდან1445 განცხადება სასჯელაღსრულების სამინისტროს მუშაობით უკმაყოფილო მოქალაქეებს ეკუთვნით. პატიმრებისა თუ მათი წარმომადგენლების განცხადებებშისაუბარია წამების, არაადამიანური მოპყრობისა და ცემის ფაქტებზე, რომელთა უდიდესი ნაწილი, ანგარიშის თანახმად, 2012 წლის ოქტომბრამდე პერიოდს უკავშირდება. სამაგიეროდ, მაგალითად, მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან, პირობითი მსჯავრის გაუქმებასთან, მსჯავრდებულთა სამედიცინო დახმარებასა თუ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების გაუმჯობესებასთან დაკავშირებული განცხადებები ძირითადად 2012 წლის ოქტომბრის შემდგომი პერიოდისაა.

1188 განცხადებაა პროკურატურის მუშაობით უკმაყოფილოთა სათვალავზე. განცხადების ავტორები ძირითადად მოითხოვენ არასათანადო მოპყრობის, წამების, ზეწოლის იმ ფაქტების გამოძიებას, რომლებიც, სავარაუდოდ, 2012 წლის ოქტომბრამდეა ჩადენილი და ასევე დიდწილად სწორედ იმ პერიოდისაა, მაგალითად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებასთან დაკავშირებული განცახდებები. თუმცა 2012 წლის ოქტომბრის შემდგომ პერიოდში ლამის გაორმაგებულია საპროცესო ნორმების დარღვევასთან დაკავშირებული საჩივრები, ხოლო ობიექტური გამოძიების ჩატარების მოთხოვნას 800-ზე მეტი საჩივარი უკავშირდება და ეს მაჩვენებელი თითქმის თანაბრად იყოფა ოქტომბრამდელ და ოქტომბრის შემდგომ პერიოდებზე.

შეუძლებელი აღმოჩნდა ყველა საკითხის სიღრმისეულად შესწავლა და არ არის კარგი და არ არის კარგის მანიშნებელი, როდესაც პირდაპირ მოქალაქე მოდის პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში, და იქ წერს პირველ განცხადებას...

ეს ყველაფერი, კომიტეტის მუშაობის სხვა მიმართულებებთან – კანონშემოქმედებით საქმიანობასთან, საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებზე საკომიტეტო მოსმენების უზრუნველყოფასა თუ რეკომენდაციების შემუშავებასთან – ერთადასახულია ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის ახალ ანგარიშში. როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ აღნიშნა 29 დეკემბერს გამართულ პრეზენტაციაზე,ყველა განცხადება ინდივიდუალური წესით იხილებოდა, თუმცა ეს იყო საკმაოდ რთული პროცესი, მხოლოდ 15-კაციანი რესურსის გათვალისწინებით. ამასთან, ეკა ბესელია ერთ არასახარბიელო ტენდენციაზეც მიანიშნებს:

„შეუძლებელი აღმოჩნდა ყველა საკითხის სიღრმისეულად შესწავლა და არ არის კარგი და არ არის კარგის მანიშნებელი, როდესაც პირდაპირ მოქალაქე მოდის პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში, და იქ წერს პირველ განცხადებას. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ქვევით ჩვენ გვაქვს უფრო მეტი სამუშაო. გარკვეული ინსტანციები უნდა გაიაროს მან, ვიდრე ჩვენთან მოვა და პირველი ინსტანცია არ უნდა იყოს პარლამენტი, სადაც ხდება დარღვეულ უფლებებზე რეაგირება“.

იმის გამო, რომ პარლამენტის საკომიტეტო მუშაობამ სულ ახლახან გადმოინაცვლა ქუთაისიდან თბილისში, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ფიქრობს, რომ აქამდე მანძილი დიდწილად უშლიდა ხელს უფრო აქტიურ და ნაყოფიერ თანამშრომლობას ადამიანის უფლებათა კომიტეტთან. ისე კი, მისი ერთიანი შეფასება ძირითადად პოზიტიურია:

„მაინც ვფიქრობ, რომ საკმაოდ აქტიური იყო ჩვენი თანამშრომლობა მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა რამდენიმე კანონში და იყო ახალი ინიციატივებიც - იქნებოდა ეს ადამიანის უფლებათა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება, ცვლილებები პატიმრობის კოდექსში, დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ კანონი და ასე შემდეგ... 1 აგვისტოს მიღებულ იქნა ასევე დადგენილება, სადაც გათვალისწინებულია ჩვენი რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი. ამან შექმნა ახალი რეალობა, როდესაც პარლამენტი სპეციალურ დადგენილებას იღებს და იზიარებს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს“.

ჩვენ ბევრი ქვეყნის გამოცდილება შევისწავლეთ და დავრწმუნდით, რომ ასეთი მძიმე შემთხვევები კანონის დარღვევისა ყოველთვის არის პასუხისმგებლობის საფუძველი და, ვფიქრობ, ჩვენს კანონმდებლობაში უნდა შემოღებულ იქნეს ნორმა...

ომბუდსმენი კმაყოფილია იმითაც, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტმა გაითვალისწინა მისი კიდევ ერთი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, ყოველი მომდევნო ანგარიშის განხილვამდე შეფასდება, თუ როგორ შეასრულა ამა თუ იმ უწყებამ წინა წლის ანგარიშის რეკომენდაციები.

ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის ყოველწლიური ანგარიშის განხილვაში მონაწილეობდა ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე. მისთვის პრობლემაა, რომ მოსამართლის მხრიდან კანონის არასწორი გამოყენების, სასჯელის არასწორად დანიშვნისა თუ მსგავს ფაქტებზე ვერანაირად ვერ რეაგირებს იუსტიციის საბჭო. მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ კანონი არ ითვალისწინებს კანონდამრღვევი მოსამართლის დასჯას, მიუხედავად იმისა, რომ ზოგ შემთხვევაში შესაძლოა მოსამართლის მხრიდან წინასწარ განზრახულ არაკეთილსინდისიერ ქმედებასთან გვქონდეს საქმე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ევა გოცირიძე საკანონმდებლო ცვლილების აუცილებლობას ხედავს:

„ჩვენ ბევრი ქვეყნის გამოცდილება შევისწავლეთ და დავრწმუნდით, რომ ასეთი მძიმე შემთხვევები კანონის დარღვევისა ყოველთვის არის პასუხისმგებლობის საფუძველი და, ვფიქრობ, ჩვენს კანონმდებლობაში უნდა შემოღებულ იქნეს ნორმა, რომ, თუკი კანონდარღვევა ჩადენილია არაკეთილსინდისიერად, ბოროტი განზრახვით, ის უნდა იყოს დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი. მეტიც, არაერთი ქვეყნის გამოცდილება გვკარნახობს, რომ ზოგ შემთხვევაში, კანონის არასაპატიო უცოდინრობაც კი შეიძლება იყოს პასუხისმგებლობის საფუძველი და ამაზე ჩვენ უნდა ვიფიქროთ“.

მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა - და ამ შემთხვევაში ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტმა - თვალი მიადევნოს, უკვე მიღებული კანონები რა გავლენას ახდენს ქვეყანაში მიღებულ შედეგებზე, ანუ ადამიანის უფლებათა პრაქტიკაში რეალიზებაზე...

თავისთავად იმ ფაქტს, რომ საპარლამენტო კომიტეტი საზოგადოებას ერთწლიანი მუშაობის ანგარიშს წარუდგენს, მიესალმება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ახალი ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი, ხოლო რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მას რამდენიმე რეკომენდაცია აქვს. როგორც ანა ნაცვლიშვილმა შეხვედრის მსვლელობის დროსაც აღნიშნა და შემდეგ უკვე რადიო თავისუფლებასთან საუბრისასაც გაიმეორა, უფრო მეტი საკანონმდებლო ინიციატივა უნდა წამოვიდეს პარლამენტის წიაღიდან – ამჟამინდელი პრაქტიკის საპირისპიროდ, როცა საკანონმდებლო ხელისუფლება უპირატესად აღმასრულებელი ხელისუფლების ინიციატივებზე მუშაობს. საიას ხელმძღვანელი აუცილებლად მიიჩნევს, რომ გაძლიერდეს საპარლამენტო კონტროლი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე და რომ კარგად გაანალიზდეს, თუ რა კვალს ტოვებს ესა თუ ის კანონი ადამიანების ცხოვრებაზე.

ანგარიშის განხილვისას საუბარი არ ყოფილა პარლამენტის მიერ რამდენიმე კვირის წინ დამტკიცებულ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რამაც ძალიან უკმაყოფილო დატოვა წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციები და უფლებადამცველები. გავიხსენოთ, რომ დამტკიცებული პაკეტის ერთ-ერთი თანაავტორი თავად ეკა ბესელია გახლდათ. მართალია, ამ თემას ახლა არ უღრმავდება, მაგრამ კანონის მოქმედების კონტროლი ანა ნაცვლიშვილს ამ საკანონმდებლო პაკეტის დახვეწის წინაპირობადაც წარმოუდგენია:

„მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა - და ამ შემთხვევაში ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტმა - თვალი მიადევნოს, უკვე მიღებული კანონები რა გავლენას ახდენს ქვეყანაში მიღებულ შედეგებზე, ანუ ადამიანის უფლებათა პრაქტიკაში რეალიზებაზე როგორ აისახება პროდუქტი, რომელსაც პარლამენტი ქმნის... თუკი გამოიკვეთება, რომ მიღებული კანონი ჯეროვნად ვერ ასრულებს თავის უპირველეს მისიას, რომელიც არის ადამიანის უფლებების დაცვა, პროცესი დაბრუნდეს ისევ პარლამენტში, პარლამენტისვე ინიციატივით, და მოხდეს უფრო დახვეწილი კანონმდებლობის მიღება. ეს შეეხება მოსმენების თემასაც და ეს შეეხება სხვა ბევრ თემას“.

ანა ნაცვლიშვილი იმედოვნებს, რომ თუკი საპარლამენტო კონტროლი ჯეროვნად გაძლიერდება, ადამიანის უფლებები ამ ქვეყანაში უკეთ იქნება დაცული. ამ ეტაპზე კი მისთვის ცხადია, რომ კვლავაც მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ადამიანის უფლებათა არაჯეროვანი დაცვა და არასათანადო რეაგირება დარღვევებზე.

XS
SM
MD
LG