Accessibility links

logo-print

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა კვლავ მთავარი გამოწვევაა - ადამიანის უფლებები 2015 წელს


ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით გასული წლის მდგომარეობის შეფასებისას სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და სახალხო დამცველიც მნიშვნელოვან პოზიტიურ მოვლენად 29 ოქტომბერს გაეროს გენერალური ასამბლეის პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებების საბჭოს წევრად საქართველოს პირველად არჩევას ასახელებენ. თუმცა პრობლემები რჩება სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილ შესაძლო დანაშაულთა გამოძიების, პენიტენციურ სისტემაში გამოვლენილ შესაძლო დანაშაულთა გამოუძიებლობის თვალსაზრისით.

მომავალი ორი წლის ვადით საქართველოს ადამიანის უფლებების საბჭოს წევრადარჩევის გადაწყვეტილება გაეროს გენერალურმაასამბლეამ 177 ხმით მიიღო. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საბჭოს წევრობისთვის რეგიონალური პრინციპით სულ გამოყოფილი იყო 18 ადგილი, საიდანაც საქართველო კონკურენციის გარეშე აირჩიეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჯგუფისთვის გამოყოფილი ორი ვაკანტური ადგილიდან ერთ-ერთზე. სახალხო დამცველის შეფასებით, საბჭოს წევრობა ახალი გამოწვევაა ქვეყნისთვის და, შესაბამისად, მის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში პრიორიტეტი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებს უნდა მიენიჭოს. უჩა ნანუაშვილმამიმდინარე წლის განმავლობაში სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში განხორციელებული რეფორმებიდანრამდენიმე გამოყო 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერეთაშორისო დღეს, ტრადიციულად, სამოქალაქო სექტორსა და დიპლომატებთან გამართული შეხვედრისას:

„არის, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი სფერო, მათ შორის, რეფორმები, დაწყებული პროკურატურაში, რომელიც უფრო მეტად დამოუკიდებელი გახდა. ვსაუბრობთ ასევე იმაზე, რომ პოზიტიური იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფა და ცალკე უსაფრთხოების სამსახურის ჩამოყალიბება, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღება და მთელი რიგი საკანონმდებლო ნორმები, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს,ზოგადად, ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის სტანდარტების გაუმჯობესებას. პოზიტიური იყო საკმაოდ ბევრი, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, უფრო მეტ აქცენტს ვაკეთებთ იმ გამოწვევებზე, რომელიც არსებობს“.

როგორც უჩა ნანუშვილმა 29 მარტს განაცხადა, ცალკე საუბრის საგანია, ზოგადად, ტოლერანტული კულტურის არარსებობა ქვეყანაში და ის გამოწვევები, რომლებიც ამ თვალსაზრისით არსებობს. ქალთა მიმართ გახშირებული ძალადობა, მისი თქმით, სამწუხარო ტენდენციად ჩამოყალიბდა და ეს შეიძლება გამოიყოს, როგორც ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა.

დარღვევებისა და პრობლემების ჩამონათვალში მართლმსაჯულებასა და სამართალდამცავ სისტემებს, სოციალურ და ანტიდისკრიმინაციულ პოლიტიკას გამოყოფს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრიც. როგორც ცენტრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორმა თამთა მიქელაძემ გვითხრა, 2015 წელს, მაგალითად, რელიგიის თავისუფლების დარღვევის ფაქტები არ გამოვლენილა, მაგრამ, ამის მიუხედავად, იმის გამო, რომ სხვა შემთხვევებში სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ეფექტური გამოძიება და კონკრეტული პირების დასჯა, დაუსჯელობის სიმპტომები გაიზარდა და ეს, ზოგადად, რელიგიური შეუწყნარებლობით მოტივირებული ინდივიდუალური ძალადობის ზრდაზე აისახა. ამ კუთხით მისთვის ნიშანდობლივია იეჰოვას მოწმეთა წინააღმდეგ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ზრდის ტენდენცია.

რა შეიძლება იყოს მოტივაცია? არ ვიცი, რას მივაწერო, რა ვთქვა! ჩვენი მხრიდან არანაირ პროვოკაციას, იოტისოდენასაც კი, არ ჰქონია ადგილი. მთელი საზოგადოება გვიცნობს ჩვენ როგორც მშვიდობისმოყვარე და კანონმორჩილ ადამიანებს. ასე რომ, არ შემიძლია რამე დავარქვა ამ საქმეს, გარდა ცუდისა! ...

23 ნოემბერს, დაახლოებით, ღამის 11 საათზე, თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში მდებარე იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზს უცნობმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. მოგვიანებით იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზი ხელმეორედ დაცხრილეს, მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის 2014 წლის ანგარიშის მიხედვით, მარტო შარშან იეჰოვას მოწმეთა წინააღმდეგ რელიგიური ნიშნით განხორციელებული დევნის, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის 45-მდე ფაქტი აღირიცხა. უმრავლეს შემთხვევებში დაიწყო გამოძიება, მხოლოდ ორ შემთხვევაში დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. ამგვარი შემაშფოთებელი სტატისტიკის მიუხედავად, დამნაშავეების გამოვლენისა და დასჯის იმედი გამოთქვა მანუჩარ ციმინტიამ, იურისტმა იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანული კრებისა საქართველოში. მას რადიო თავისუფლება 26 ნოემბერს ესაუბრა.

„რა შეიძლება იყოს მოტივაცია? არ ვიცი, რას მივაწერო, რა ვთქვა! ჩვენი მხრიდან არანაირ პროვოკაციას, იოტისოდენასაც კი, არ ჰქონია ადგილი. მთელი საზოგადოება გვიცნობს ჩვენ როგორც მშვიდობისმოყვარე და კანონმორჩილ ადამიანებს. ასე რომ, არ შემიძლია რამე დავარქვა ამ საქმეს, გარდა ცუდისა! ის მოტივები, რომლებიც ამ ადამიანებს ამოძრავებდათ, მათ ქმედებებში განხორციელდა. ასე რომ, ფაქტი ის არის, რომ ესროლეს რელიგიური შეხვედრების დანიშნულების შენობას. ვნახოთ, გამოძიება რას დაადგენს და რას იტყვის. იმედი გვაქვს, რომ ყველაფერს გამოიძიებენ. არის ბევრი რამ ხელჩასაჭიდი, რამაც შეიძლება გახსნას ეს საქმე“, უთხრა მანუჩარ ციმინტიამ რადიო თავისუფლებას.

წინა წლებში შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულთა გამოუძიებლობა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მიაჩნია ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელს თამთა მიქელაძეს, რომლის თქმითაც, ამ ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულთა რაოდენობამ კი იკლო, მაგრამ იკლო იმის გამო, რომ ხელისუფლებამ აბსოლუტური კონტროლი დაამყარა სხვადასხვა რელიგიურ უმცირესობებზე:

„არასეკულარული სახელმწიფოს გაძლიერებით და სახელმწიფოს მიერ ცალკეული ჯგუფების და, პირველ რიგში, რელიგიური ორგანიზაციების კონტროლის პოლიტიკით მათ ამ ჯგუფებსთავიანთი უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა მოუსპეს. ძალიან ბევრ განგრძობადი უფლების დარღვევასთან გვაქვს საქმე - ეს იქნება ქობულეთის პანსიონატის შემთხვევა, სამთაწყაროს შემთხვევა, რომელიც კონსერვირდა და დღემდე იქაურ მუსლიმებს არ აქვთ სალოცავი. მოხის მეჩეთის საკითხი ამ დრომდე არ არის გადაწყვეტილი. ყველა ეს შემთხვევა მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფოს ნებაც კი არ აქვს ეფექტური რეაგირება მოახდინოს ამ შემთხვევებზე“.

დისკრიმინაციის თვალსაზრისით არსებულ ვითარებას რომ გადავავლოთ თვალი, 23 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2013 წლის 17 მაისის საქმეში ოთხი პირი უდანაშაულოდ ცნო. საქმე ეხება ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი დემონსტრაციისთვის ხელის შეშლას, როცა ლგბტ აქტივისტებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ სასულიერო პირებთან ერთად ათასობით ადამიანი გამოვიდა. ტიტალ დავრიშიანი, ბექა სალუქვაძე, გიორგი ბასიაშვილი და მღვდელი ირაკლი ბასილია მოსამართლე დავით მგელიაშვილმა საქალაქო სასამართლოში 23 ოქტომბერს გამართულ პროცესზე უდანაშაულოდ ცნო.

უჩა ნანუაშვილი

უჩა ნანუაშვილი

28 სექტემბერს, როდესაც სახალხო დამცველმა სპეციალური ანგარიში წარმოადგინა საქართველოში დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ, აღნიშნა, რომ კანონის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის მოთხოვნით სახალხო დამცველის ოფისს საჩივრით 107-მა პირმა მიმართა. 4 საქმის შესწავლა სახალხო დამცველმა თავისი ინიციატივით დაიწყო. 8 საქმის განხილვა შეწყდა, რადგან დისკრიმინაციის ფაქტები არ დადასტურდა. 13 საქმე ადამიანის უფლებების დარღვევად შეფასდა და არა დისკრიმინაციად. 6 საქმის განხილვა საერთოდ შეჩერდა, რადგან მომჩივანმა სასამართლოს მიმართა - ასეთ დროს კი ომბუდსმენს საქმის განხილვის უფლება აღარ აქვს. 60 საქმის დეტალებს ამ დრომდე სწავლობენ. სახალხო დამცველი აცხადებს, რომ, მიუხედავად ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის არსებობისა, საზოგადოებამ დისკრიმინაციის არსის შესახებ ცოტა რამ იცის.

გასულ წელს კვლავ პრობლემა იყო ბავშვთა მიმართ ძალადობა. როგორც შესაბამისი კვლევები მოწმობს, ბავშვთა მიმართ ძალადობა გვხვდება ყველგან - ოჯახში, საბავშვო ბაღებში, სკოლაში. თუმცა, სახლხო დამცველის ოფისის ინფორმაციით, პრობლემაა ძალადობის გამოვლენა. ამის გამო, ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის მიზნით, საქართველოს 20 კანონში შესატანი ცვლილებები სკოლის პედაგოგებს ავალდებულებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს მიაწოდონ ინფორმაცია ბავშვის მიმართ გამოვლენილი ძალადობის შესახებ.

2015 წელს მნიშვნელოვანი მოვლენა იყო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილება მიემართა სასამართლოს წინასწარი წარმოების პირველი პალატისთვის თხოვნით, ნება დაერთო გამოეძიებინა საქართველოში 2008 წლის გვისტოს ომის დროს სავარაუდოდ ჩადენილი სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებანი. პროკურორი ფატუ ბენსუდა 16 ოქტომბერს თბილისში იმყოფებოდა. მან ილაპარაკა ისეთ სავარაუდო, თუმცა „დასაბუთებულად მიჩნეულ“, დანაშაულებებზე, როგორიცაა ეთნიკური ქართველების მკვლელობები, მათი იძულებით გადაადგილება და დევნა, მათი ქონების განადგურება და ძარცვა სამხრეთოსური ძალების მიერ (რუსული ძალების შესაძლო მონაწილეობით). დანაშაულებათა რიგშია ასევე „სამხრეთოსური ძალების მიზანმიმართული თავდასხმები ქართველ სამშვიდობოებზე და ქართული ძალებისა - რუს სამშვიდობოებზე“.

პროკურორმა მათგან დასაშვები საქმეები გამოყოფო:

„ამჟამად, ჩვენი შეფასებით, სავარაუდო დანაშაულები, რომლებიც დაკავშირებულია ეთნიკური ქართული მოსახლეობის მიერ საცხოვრებელი ადგილის იძულებით დატოვებასთან, აგრეთვე სავარაუდო დანაშაულები ქართველი სამშვიდობოების წინააღმდეგ, არის დასაშვები. ეს იმას ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის სასამართლოს შეიძლება ჰქონდეს უფლებამოსილება, რომ განიხილოს ეს ორი ტიპის დანაშაულები, ვინაიდან საქართველოში ამჟამად ეროვნული შიდასახელწიფოებრივი სამართალწარმოება ამ საქმეებზე შეჩერებულია. რაც შეეხება სავარაუდო თავდასხმას რუსეთის სამშვიდობო ძალებზე, ამჟამად, ჩვენი აზრით, ეს საქმე დაუშვებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერ იქნება გამოძიებული საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ, ვინაიდან რუსეთის ხელისუფლება ჯერ კიდევ აგრძელებს თავის შიდასახელმწიფოებრივ გამოძიებას ამ საქმეზე“.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფიციალურ ვებსაიტზე 8 დეკემბერს, საღამოს, გამოქვეყნდა პროკურორის ოფისის ანგარიში. ანგარიშის თანახმად, ჰააგაში გაიგზავნა შეფასებები ომის შედეგად დაზარალებული 7 ათასამდე ადამიანის სახელით, რომელთა დიდი ნაწილიც გაგზავნილია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. ცნობილია, რომ დაზარალებულთა ასაკი 9-დან 90 წლამდე მერყეობს და მათი უმრავლესობა ქალია.

ამ კადრების ძალიან ბევრი ასლი არსებობდა, ამიტომ მრავალი ვერსია შეიძლება განვიხილოთ იმისა, თუ როგორ გავრცელდა ეს კადრები. მაგრამ მთავარია ის, რომ წინა მთავრობა - ეს იყო სადისტური რეჟიმი...

გასულ წელს, როგორც სახალხო დამცველის ანგარიშიც მოწმობს, მასშტაბური სახე მიიღო ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევამ, მათ შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია 17 ოქტომბერს თბილისსა და ზუგდიდში მოწყობილი საჯარო ჩვენება წამებისა და აარაადამინური მოპყრობის კადრებისა. ისინი გადაღებულია წინა ხელისუფლების დროს და ნაწილია იმ კადრებისა, რომლებიც 2013 წელს სამეგრელოში კასრებში გადამალული აღმოაჩინეს და რომლებიც იმავე წლის 5 სექტემბერს საჯაროდ, მედიის თანდასწრებით, გაანადგურეს. თუმცა, როგორც 18 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისევ ჟურნალისტებს განუმარტა, რაკი სოციალურ ქსელებში გავრცელებული და პროექტორებზე ნაჩვენები კადრები დანაშაულის შემცველი ჩანაწერები იყო, ხელისუფლებას არ ჰქონდა მათი განადგურების უფლება და ისინი პროკურატურაში, ერთ-ერთ საქმეში, ინახებოდა:

„ამ კადრების ძალიან ბევრი ასლი არსებობდა, ამიტომ მრავალი ვერსია შეიძლება განვიხილოთ იმისა, თუ როგორ გავრცელდა ეს კადრები. მაგრამ მთავარია ის, რომ წინა მთავრობა - ეს იყო სადისტური რეჟიმი. გამოდიან ე. წ. ექსპერტები და ვიღაცები და პირდაპირ ატყუებენ მოსახლეობას, თითქოს მე დავპირდი მათ ამ კადრების განადგურებას. მე ამის უფლება არ მაქვს. ჩვენ გავანადგურეთ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოფირები. ეს კადრები ინახება საქმეში“.

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების კონტექსტში მნიშვნელოვანი იყო ასევე ფარული მიყურადების თაობაზე ახალი კანონმდებლობის მოქმედების საკითხი. არასამთავრობო ორკანიზაციების კოალიციამ, რომელთაც კამპანია „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ “ აერთიანებს, საკონსტიტუციო სარჩელით მოითხოვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონების იმ მუხლების გაუქმება, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო 2014 წლის 30 ნოემბერს, პრეზიდენტის ვეტოს მიუხედავად. სარჩელის ერთ-ერთი ავტორის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის გიორგი გოცირიძის თქმით,საუბარია სასამართლოს ნებართვის გარეშე ეგრეთ წოდებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ორეტაპიანი ელექტრონული სისტემის, ე. წ. ორი გასაღებისა და მუდმივი მიერთების საშუალებით პირადი მონაცემების მოპოვების, ტექნიკურ შესაძლებლობაზე:

„ეს გასაღები აძლევს სამართალდამცავ ორგანოებს ნებისმიერი ადამიანის სატელეფონო საუბრის უკანონო მოსმენის შესაძლებლობას, სასამართლოს გადაწყვეტილების გვერდის ავლით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ შსს-სა და უსაფრთხოების სამსახურისათვის ამ „გასაღების“ დატოვება ყოველთივს შექმნის ასეთ საფრთხეს და თვითონ ის ფაქტი, რომ მათ აქვთ ამის ტექნიკური შესაძლებლობა, არის ანტიკონსტიტუციური და ეწინააღმდეგება პირადი ცხოვრების უფლებას, რაც აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-20 და მე-16 მუხლებით და ეს რეგულაცია, ანუ „გასაღები“ სამართალდამცავი ორგანოების ხელში, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა ცნოს არაკონსტიტუციურად“.

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზიციების განცხადებით, მნიშვნელოვან პრობლემად რჩება დევნილთა განსახლების, ასევე შშმ პირთა უფლებების რეალიზაციის თემები, კვლავ პრობლემაა შრომის უსაფრთხო გარემოს თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG