Accessibility links

logo-print

10 დეკემბერი ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. წელს ამ დღის მთავარი გზავნილი, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის გადაწყვეტილებით, არის "ჩვენი უფლებები, ჩვენი თავისუფლებები - ყოველთვის". როგორ აფასებენ ადამიანის უფლებების დამცველები საქართველოში ამ მხრივ არსებულ ვითარებას და რა პრიორიტეტებს უსახავენ ისინი სახელმწიფოს?

10 დეკემბერს, ადამიანის უფლებების დღეს, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიშის წარდგენა საზოგადოებისთვის საქართველოში ადამიანის უფლებათა დამცველების ერთგვარ ტრადიციად იქცა. საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა წლიური ანგარიში დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო სექტორს გააცნო.

მისი შეფასებით, მიმდინარე წლის მნიშვნელოვან მოვლენად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ ცოტა ხნის წინ, ოქტომბერში, გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე საქართველო, პირველად, ორი წლის ვადით აირჩიეს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად. სახალხო დამცველის შეფასებით, საბჭოს წევრობა ახალი გამოწვევაა ქვეყნისთვის და, შესაბამისად, მის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში პრიორიტეტი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებს უნდა მიენიჭოს. მიმდინარე წლის განმავლობაში სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში განხორციელებული რეფორმებიდან კი იგი რამდენიმეს გამოყოფს:

უჩა ნანუაშვილი

უჩა ნანუაშვილი

“არის, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი სფერო, მათ შორის, რეფორმები, დაწყებული პროკურატურაში, რომელიც უფრო მეტად დამოუკიდებელი გახდა. ვსაუბრობთ ასევე იმაზე, რომ პოზიტიური იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფა და ცალკე უსაფრთხოების სამსახურის ჩამოყალიბება, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღება და მთელი რიგი საკანონმდებლო ნორმები, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ზოგადად ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის სტანდარტების გაუმჯობესებას. პოზიტიური იყო საკმაოდ ბევრი, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, უფრო მეტ აქცენტს ვაკეთებთ იმ გამოწვევებზე, რომელიც არსებობს“.

გამოწვევათა შორის უჩა ნანუაშვილი ასახელებს სასამართლოსადმი ნდობის, პენიტენციარულ დაწესებულებებში არასათანადო მოპყრობის სავარაუდო შემთხვევების ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფის, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების გადასინჯვის სამართლებრივი მექანიზმის შექმნის პრობლემებს. მისივე შეფასებით, საანგარიშო პერიოდში კვლავ გამოწვევად რჩებოდა ინფორმაციის საჯაროობასა და ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული რიგი საკითხები. უჩა ნანუაშვილი შენიშნავს, რომ, მიმდინარე წლის განმავლობაში მრავალფეროვანი მედიაგარემოს მიუხედავად, 2015 წლის ბოლოს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სასამართლო დავის პროცესებში მწვავედ დადგა სასამართლო ხელისუფლების მხრიდან გამოხატვის თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევის პრობლემა. სახალხო დამცველის თანახმად, პრობლემებია ასევე გენდერული თანასწორობისა და ბავშვთა უფლებების ჯეროვანი დაცვა, ჰომოფობია, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა და სხვა.

სერიოზული პრობლემა დგას მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების და სამართალდამცავი სისტემის რეფორმირების კუთხითაც, რადგან მიმდინარე რეფორმები, როგორც წესი, ფრაგმენტულ და ზედაპირულ ხასიათს ატარებს...

დარღვევებისა და პრობლემების ჩამონათვალში მართლმსაჯულებასა და სამართალდამცავ სისტემებს, სოციალურ და ანტიდისკრიმინაციულ პოლიტიკას გამოყოფს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრიც. როგორც ცენტრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორმა თამთა მიქელაძემ გვითხრა, საანგარიშო პერიოდში, მაგალითად, რელიგიის თავისუფლების დარღვევის ფაქტები არ გამოვლენილა, მაგრამ, ამის მიუხედავად, იმის გამო, რომ სხვა შემთხვევებში სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ეფექტური გამოძიება და კონკრეტული პირების დასჯა, დაუსჯელობის სიმპტომები გაიზარდა და ეს, ზოგადად, რელიგიური შეუწყნარებლობით მოტივირებული ინდივიდუალური ძალადობის ზრდაზე აისახა. ამ კუთხით მისთვის ნიშანდობლივია იეჰოვას მოწმეთა წინააღმდეგ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ზრდის ტენდენცია. თამთა მიქელაძე ამბობს, რომ, ზოგადად, რელიგიის მიმართ სახელმწიფოს ხედვა დისკრიმინაციული და არაეფექტურია. ამ მხრივ იგი განსაკუთრებით გამოყოფს პოლიტიკას მუსლიმი თემის მიმართ. თამთა მიქელაძე ცალკე ეხება დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოქმედებას, როცა ანტიდისკრიმინაციული მექანიზმები პრაქტიკულად ვერ უწყობს ხელს თანასწორობის უზრუნველყოფას:

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ, წინა ხელისუფლებასთან შედარებით, თანასწორობის კუთხით ქვეყანაში მდგომარეობა რადიკალურადაა გაუარესებული, რაც საგანგაშოა და მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ დროული და ეფექტური ზომები მიიღოს. სერიოზული პრობლემა დგას მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების და სამართალდამცავი სისტემის რეფორმირების კუთხითაც, რადგან მიმდინარე რეფორმები, როგორც წესი, ფრაგმენტულ და ზედაპირულ ხასიათს ატარებს და სახელმწიფო არ იყენებს ზომებს სამართალდამცავი სისტემების სრული დეპოლიტიზებისათვის“.

ყველაზე უფრო მწვავე თემებს შორის გამოვყოფდი სამართალდამცავთა მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებს და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო რეაგირებას ასეთ ფაქტებზე...

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი იზიარებს თამთა მიქელაძის ამ წუხილს და თავის მხრივ დასძენს, რომ, პარალელურად კონკრეტული საქმეების და ტენდენციებისა, რომლებიც უარყოფით შეფასებას იმსახურებენ, პრობლემაა ის, რომ ვერ იქნა მიღწეული შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურისა და სასამართლოს პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, დამოუკიდებლობა და ეფექტურობა. მისივე შეფასებით, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება არაფორმალური მმართველობა და სეკულარიზმის პრინციპის არასათანადო პატივისცემა:

„ყველაზე უფრო მწვავე თემებს შორის გამოვყოფდი სამართალდამცავთა მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებს და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო რეაგირებას ასეთ ფაქტებზე; ასევე შეკრებისა და მანიფესტაციების უფლების დარღვევის ფაქტებს, ასევე იმ რეალურ საფრთხეს, რომელიც დაემუქრა საქართველოში პლურალისტური და კრიტიკული მედიაგარემოს შენარჩუნებას, ქალთა უფლებებს, უმცირესობების უფლებებს და ამ მიმართულებით არაეფექტური გამოძიების პრობლემას“.

ანა ნაცვლიშვილი ამბობს ასევე, რომ სათანადოდ არ არის დაცული შრომის უფლება, რადგან ქვეყანას არ გააჩნია ეფექტური მანდატის მქონე შრომის ინსპექცია. პრობლემაა ისიც, რომ სახელმწიფომ ვერ გამოავლინა პოლიტიკური ნება, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები თანაბარი, სამართლიანი საარჩევნო სისტემით ჩაეტარებინა და სხვა.

იანოშ ჰერმანი

იანოშ ჰერმანი

პროგრესი არსებობს, თუმცა გასაკეთებელი კიდევ ბევრია, - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს, თავის მხრივ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა.

„კარგად იცით, რა მნიშვნელოვანია ევროკავშირისათვის ადამიანის უფლებები. ჩვენ ვაღიარებთ იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობისათვის მიაღწია, როგორც,ზოგადად, გასულ წლებში, ისე მიმდინარე წელს. ჩვენ ვიცით, რომ ადამიანის უფლებებს საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. გუშინ მოვუსმინე პრემიერ-მინისტრის მოხსენებას, რომელშიც ადამიანის უფლებების დაცვა გამოკვეთილი მიმართულება იყო. ჩვენთვის სახალხო დამცველის მიერ მომზადებული ანგარიში ფუნდამენტური მნიშვნელობის დოკუმენტია. და მე ვხედავ, რომ ეს დოკუმენტი აღიარებს მიღწეულ პროგრესს, მაგრამ ხაზს უსვამს მუშაობის გაგრძელების აუცილებლობას ბევრ სფეროში“, მათ შორის, სამართლიანი სასამართლოსა და უმცირესობების დაცვის მიმართულებითო, აღნიშნავს ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და დასძენს, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა არც ერთ ქვეყანაში არ არის იდეალური, მათ შორის, არც საქართველოში. იგი ამბობს, რომ გასაკეთებელი ბევრია და ევროკავშირი საქართველოს მხარში დაუდგება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG