Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გეგმა და სტრატეგია ადამიანის უფლებებისათვის


თვეზე მეტია, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შექმნაზე მუშაობენ. 8 თებერვალს სპეციალურმა სამთავრობო უწყებათაშორისმა საბჭომ განიხილა სტრატეგიისა და გეგმის პროექტების პირველადი ვარიანტები, რომელთა მიღების შემთხვევაში შეიქმნება სათანადო გარემო ადამიანის უფლებების ეფექტიანი რეალიზებისათვის და მისი დაცვა არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზე.
პროკურატურას თავისი გამოძიება აქვს, შსს-ს - თავისი, გარემოს დაცვასა და ფინანსთა სამინისტროს - თავისი და ასე შემდეგ. ეს ძალიან დიდი პრობლემაა...
ზაზა ხატიაშვილი

ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია შვიდ წელზე, ხოლო სამოქმედო გეგმა ორ წელზეა გათვლილი, მათი მიღება და ამოქმედება კი დიდწილადაა დამოკიდებული უწყებათაშორისი საბჭოს ეფექტიან მუშაობაზე. გოჩა ლორთქიფანიძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე და საბჭოს თანათავმჯდომარე, ამბობს, რომ ჯგუფმა კონცეპტუალურ ჩარჩოდ აირჩია ინსტიტუციონალური დემოკრატიის პრინციპები. შესაბამისად, სამოქმედო გეგმაც ძირითადად ინსტიტუციურ მექანიზმებზე ილაპარაკებს:

„ასევე ილაპარაკებს ცალკეული ადამიანის უფლებების მიმართულებებზე, ასევე მთლიანად ისეთი გარემოს შექმნაზე, სადაც ადამიანს შეუძლია საკუთარი უფლებების ეფექტიანი რეალიზება. ასევე ილაპარაკებს კონკრეტულ ინდიკატორებზე, პასუხისმგებელ სამინისტროებსა და უწყებებზე“.

გოჩა ლორთქიფანიძის მსგავსად, საკანონმდებლო ბაზის დახვეწისა და მოწესრიგების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდრომარე ეკა ბესელიაც, რომლის თქმით, პარლამენტი და მთავრობა უნდა გადაეწყოს ადამიანის უფლებების დაცვისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაზე, რაც, დეპუტატის თქმითვე, შეუძლებელი იქნება სათანადო პოლიტიკური ნების გარეშე.

„ბუნებრივია, პირველ რიგში, პოლიტიკური ნებაა საჭირო, რომ მთავარი რამ მოხდეს: აშენდეს ადამიანის უფლებების დაცვისათვის შესაბამისი დემოკრატიული ინსტიტუტები, რადგანაც ყველამ ვიცით, რომ წინა ხელისუფლების დროს ყველაფერი იყო ფასადური. ადამიანის უფლებები იყო ხელყოფილი და ფეხქვეშ გათელილი. ყველაზე მეტი საჩივარი და სამდურავი სწორედ ამ კუთხით შემოდის ამჟამად. ამის გათვალისწინებით, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ერთიანი ხედვა და სტრატეგია, თუ როგორ უნდა აღადგინოს შელახული უფლებები და როგორ დაიცვას ადამიანის უფლებები ყველა მიმართულებით“, - უთხრა ეკა ბესელიამ რადიო თავისუფლებას.
სტრატეგია უნდა იყოს ორიენტირებული პრევენციაზე და არა მხოლოდ უკვე დარღვეული უფლების დაცვასა და აღდგენაზე. უნდა შეიქმნას ადეკვატური სივრცე ამ ყველაფრისთვის ნებისმიერ სფეროში...
გედევან ფოფხაძე

თუმცა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შექმნაზე მომუშავე ჯგუფის ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას არ აქვს პოლიტიკური ნება განახორციელოს იმ ტიპის ცვლილებები, რომლებიც თვისებრივად შეცვლიდა გარემოს. „ადვოკატთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის ზაზა ხატიაშვილის თქმით, პირველ რიგში ძირეულ რეფორმირებას საჭიროებენ სამართალდამცავი სტრუქტურები:

„პროკურატურას თავისი გამოძიება აქვს, შსს-ს - თავისი, გარემოს დაცვასა და ფინანსთა სამინისტროს - თავისი და ასე შემდეგ. ეს ძალიან დიდი პრობლემაა. რამდენიმე წლის წინ, ჯერ კიდევ პრეზიდენტ შევარდნაძის მმართველობის დროს, ითქვა, რომ უნდა შექმნილიყო ერთი საგამოძიებო უწყება, რომელიც იქნებოდა დამოუკიდებელი, მაგრამ ამას ჩვენი ქვეყანა დღემდე ვერ ეღირსა. ასევე ვერ ეღირსა იმას, რომ პოლიციის მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაული არ გამოიძიოს პოლიციამ. მოვიდა ახალი ხელისუფლება, მაგრამ ამ კუთხით არაფერი შეცვლილა. ყველას გვახსოვს მამუკა მიქაუტაძის ისტორია. ახალგაზრდა კაცი გამოვიდა პოლიციიდან და რამდენიმე საათში თავი მოიკლა. ამ საქმის გამოძიებაც პოლიციამ აწარმოვა“.

პარლამენტის წევრი გედევან ფოფხაძეც დარწმუნებულია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია მიმართული უნდა იყოს ადამიანის უფლებების დარღვევის ეფექტიან პრევენციაზე.

„სტრატეგია უნდა იყოს ორიენტირებული პრევენციაზე და არა მხოლოდ უკვე დარღვეული უფლების დაცვასა და აღდგენაზე. უნდა შეიქმნას ადეკვატური სივრცე ამ ყველაფრისთვის ნებისმიერ სფეროში. თუ ვინმე გადის სამართლებრივი სივრციდან, ავტომატურად ეს ქმნის უფლებების დარღვევის საფრთხეს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება სახელმწიფო სტრუქტურები თუ ცალკეული მოქალაქეები. ვინც დგება კანონზე მაღლა, ის ავტომატურად ხდება საშიში ადამიანის უფლებების დარღვევისთვის. კანონის უზენაესობის ფარგლებში ისე უნდა შემუშავდეს ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგია, რომ გამოირიცხოს უფლებების შელახვისთვის ხელსაყრელი ნიადაგისა და სივრცის შექმნა“, - უთხრა გედევან ფოფხაძემ რადიო თავისუფლებას.

ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შექმნის პროცესში ჩართულია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც“, რომლის გამგეობის თავმჯდომარე, კახა კოჟორიძე, ხელისუფლების წარმომადგენლებს ურჩევს, ზოგად პრინციპებზე საუბარს თავი დაანებონ და კონკრეტული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები გამოკვეთონ:

კახა კოჟორიძე
კახა კოჟორიძე
„რა არის პრობლემა, ეს უნდა გამოიკვეთოს და დაიწეროს, რათა უფრო ღრმა ანალიზი გაკეთდეს. მაგალითად, ის კი არ უნდა ეწეროს, რომ სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში დაცვისა და ბრალდების თანასწორობის მიღწევა, არამედ უნდა ეწეროს, თუ რაში გამოიხატება ის, რომ ბრალდების მხარეს უფრო უპირატესი მდგომარეობა აქვს. ეს გარემობა უნდა იყოს აღწერილი და შეფასებული. სხვა ბევრ პუნქტზეც შეიძლება იგივეს თქმა“.

კახა კოჟორიძე და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შექმნაზე მომუშავე ჯგუფს საკუთარ რეკომენდაციებს უახლოეს მომავალში მიაწვდიან. რეკომენდაციების ჩამონათვალში იქნება 1984 წელს მიღებული ადმინსტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შეცვლა. უწყებათაშორისმა კომისიამ მუშაობა, სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოსთვის უნდა დაასრულოს. ამის შემდეგ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიას პარლამენტში უყრიან კენჭს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG