Accessibility links

ადამიანის უფლებები 2013 წელს


N15 სასჯელაღსრულების დაწესებულება

N15 სასჯელაღსრულების დაწესებულება

ამნისტია, როგორც ჰუმანური აქტი, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო და აუდიოჩანაწერების განადგურება, გამოძიებების დაწყება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმეებზე, სამართლიანად და გამჭვირვალედ შეფასებული საპრეზიდენტო არჩევნები - ეს ხელისუფლების სასახელოდ ჩამოთვლილი საქმეებია, თუმცა ამის მიღმა რჩება მრავალი მოუგვარებელი საკითხი: ადამიანის უფლებათა დარღვევა, მათ შორის, ციხეებში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით - ამ დრომდე გრძელდება საქმეების გადახედვის მოთხოვნით შიმშილობა; რელიგიურ და სხვა უმცირესობათა მიმართ შეუწყნარებლობის ფაქტებზე ხელისუფლების დაგვიანებული ან არასათანადო რეაგირება და ა.შ. - ასე იხსენებენ ადამიანის უფლებდამცველები 2013 წელს, თუმცა მათთვის ყველაზე თვალსაჩინო ფაქტი, ადამიანის ფუნდამენტური უფლების დარღვევის თვალსაზრისით, იყო ის, რაც მოხდა 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს.

როდესაც უფლებადამცველები გასულ ერთ წელს აფასებენ, ამბობენ, რომ შეუდარებლად უკეთესი მდგომარეობაა ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით. ეს გამოიხატება, პირველ რიგში, სისხლის სამართლის კანონმდებლობის ლიბერალიზაციაში, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მდგომარეობის გაუმჯობესებაში, მიუხედავად იმისა, რომ ციხეებში ათასზე მეტმა პატიმარმა შიმშილობა დაიწყო მათი საქმეების გადახედვისა და ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის მოთხოვნით. ხელისუფლება ამ მოთხოვნის შესრულებას ორი მიზეზით არიდებს თავს: ერთი, რომ სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია არ გამოიწვიოს პროცესმა და, მეორეც, ქვეყნის ბიუჯეტს არ დააწვეს ეს მძიმე ტვირთად.

ამასთან, როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს, წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების დაცვის ღონისძიებებს შორის მნიშვნელოვანი იყო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების განადგურება. მრავალთვიანი მუშაობის შემდეგ "უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის" თანდასწრებით, კომისიისა, რომელშიც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც შედიოდნენ, სექტემბერში გაანადგურეს უკანონოდ მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების შემცველი 144 ფაილი, 181 საათის ხანგრძლივობის მასალა, რომელიც კომპაქტდისკებზე იყო ჩაწერილი.

თუმცა სამოქალაქო სექტორში ჯერ კიდევ ლაპარაკია შინაგან საქმეთა სამინისტროში დარჩენილ ფარულ ჩანაწერებზე. როგორც გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში ამბობს, რომელიც "უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის" შემადგენლობაში შედიოდა, აუცილებელია ხელისუფლებამ მიიღოს გადაწყვეტილება ამ ჩანაწერებთან დაკავშირებითაც:

ლაშა ტუღუში

ლაშა ტუღუში

„ერთი მხრივ, აუცილებელია სახელმწიფომ მიიღოს გადაწყვეტილება, რას უპირებს ამ ფაილებს, იმიტომ რომ ეს არის ძალიან სერიოზული „დოკუმენტები “ და ძალიან საშიშია ასეთი დოკუმენტების ქონა. მეორე მხრივ, ძალიან საშიშია დავრჩეთ იმ სამართლებრივ ვითარებაში, რომელშიც ვართ დღეს, იმიტომ რომ, თუ ჩვენ არ მივიღეთ ახალი კანონები, რომელიც აწესებს მაღალ სტანდარტებს როგორც კონტროლისა სასამართლოს მხრიდან, ასევე პარლამენტის მხრიდან, ასევე სამოქალაქო მექანიზმებს არ შექმნის, ძალიან დიდი რისკი არსებობს იმისა, რომ ადრე თუ გვიან ჩვენ დავუბრუნდეთ იმ ვითარებას, რა ვითარებაშიც ვიყავით ცოტა ხნის წინათ“.

გასულ წელს, ადამიანის უფლებადარღვევებზე საუბრისას, საერთაშორისო ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰიუმან რაიტს უოჩი“ გამოყოფდა სამსახურიდან დათხოვნილი თანამშრომლების საქმეებსაც. ეს ყველაზე მეტად შეეხოთ ადგილობრივ თვითმმართველობებსა და სხვა საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს. ორგანიზაცია ნოემბერში, ვილნიუსში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ, ევროკავშირს მოუწოდებდა ასოცირების შესახებ ხელშეკრულების პარაფირებამდე ყურადღება გაემახვილებინა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობაზე და არ ეხელმძღვანელა მხოლოდ გეოპოლიტიკური მიზანშეწონილობით. ამის შესახებ რადიო თავისუფლებასთან „ჰიუმან რაიტს უოჩის“ წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში გიორგი გოგია საუბრობდ:

„პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებისას მხოლოდ გეოპოლიტიკური ფაქტორები არ უნდა იყოს გადამწყვეტი. თვითონ ევროკავშირს არაერთხელ გაუკეთებია განცხადება, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვაკუთხედი არის საერთო ღირებულებები და ეს ღირებულებები უნდა იყოს უმთავრესი ინტერესი ევროკავშირისთვის და სრულიად დომინირებული არ უნდა იყოს გეოპოლიტიკური ფაქტორები“.
არ უნდა სჭირდებოდეს სახალხო დამცველს, მინისტრს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ყოველ პარასკევს ერთ კონკრეტულ სოფელში სიარული იმისთვის, რომ რამდენიმე მუსულმანმა მშვიდად ილოცოს ერთ კონკრეტულ სახლში...

გიორგი გოგიას სიტყვებით, ჯერ კიდევ პრობლემად რჩება პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესების საკითხი. ყოფილ მაღალჩინოსანთა საქმეებს ხელისუფლებამ მეტი დამაჯერებლობა უნდა შესძინოს. იგივე არაერთგზის გაიმეორეს ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირებმა, ბოლოს კი ასეთი შინაარსის განცხადება შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმაც გამოაქვეყნა.

უფლებადამცველების ყურადღების ცენტრში წლის განმავლობაში უმცირესობების მიმართ, მათ შორის, რელიგიური უმცირესობების მიმართ შეუწყნარებლობის თემა მოხვდა. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო სამთაწყაროში მუსულმანებისთვის ლოცვის უფლების ხელყოფა და ჭელაში მინარეთის ჯერ მოხსნის და შემდეგ აღმართვის თემა.

სამთაწყაროში ადგილობრივ მუსულმანებს ლოცვის უფლება რამდენიმე კვირის განმავლობაში არ ეძლეოდათ. იმისათვის, რომ მათი უფლებები დაცულიყო, ადგილზე ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უწევდათ ჩასვლა:

„რელიგიური საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი იურისტები, ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე პირადად მეც დავდიოდი ხოლმე სამთაწყაროში იქ განვითარებული ამბების გამო და არ უნდა სჭირდებოდეს სახალხო დამცველს, მინისტრს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ყოველ პარასკევს ერთ კონკრეტულ სოფელში სიარული იმისთვის, რომ რამდენიმე მუსულმანმა მშვიდად ილოცოს ერთ კონკრეტულ სახლში“, - განაცხადა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარემ კახა კოჟორიძემ.

რაც შეეხება ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მინარეთის საკითხს, კვირაზე მეტხანს გაგრძელდა, ოფიციალური ვერსიით, სასაქონლო ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობით განპირობებული მისი მოხსნისა და შემდეგ კვლავ თავის ადგილზე დაბრუნების ამბავი. მოგვიანებით სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი იტყვის, რომ ხელისუფლების რეაგირება ასეთ შემთხვევებში იყო დაგვიანებული ან არ იყო ადეკვატური, საერთოდ:

„აქ საუბარია იმ რამდენიმე ინციდენტზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ნიგვზიანში, წინწყაროში, სამთაწყაროში და ჭელაში. რამდენიმე საქმესთან დაკავშირებით დღესდღეობით მდგომარეობა შეცვლილია, ანუ ადგილობრივ მუსლიმ მოსახლეობას არანაირი შეზღუდვა აღარ აქვს საკუთარი რელიგიისა და აღმსარებლობის რეალიზაციის თვალსაზრისით, თუმცა რეაგირება იყო ძალიან დაგვიანებული რიგ შემთხვევებში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან და ეს იყო სწორედ პრობლემა - ხდებოდა რეაგირება, მაგრამ რიგ შემთხვევებში იყო არაადეკვატური რეაგირება ან კვალიფიკაცია იყო საკმაოდ მსუბუქი, რაც, ფაქტობრივად, ახდენდა წახალისებას მსგავსი დანაშაულისა მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან“.
ჩვენ კიდევ ერთხელ მოგვიხდა შეგვეხსენებინა ყველასთვის, ვისაც ეს სჭირდებოდა, რომ კანონის წინაშე თანასწორია საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, რომ დისკრიმინაცია დაუშვებელია რაიმე ნიშნით და რომ ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის უფლების დაცვა...

ინციდენტით დასრულდა ებრაული დღესასწაულის - ხანუქის - აღნიშვნაც თბილისში, თავისუფლების მოედანზე, სადაც ორმა მოქალაქემ პლაკატები ჩამოხია და საგანგებოდ დამონტაჟებული ტრიბუნა დააზიანა. ებრაული დღესასწაულის აღნიშვნა ასევე გააპროტესტა რამდენიმე მართლმადიდებელმა მღვდელმა და მათმა მრევლმა. მოგვიანებით სასამართლომ, ამ ინციდენტის გამო, 100-100- ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა რამდენიმე პირი.

როცა ადამიანის უფლებადამცველები 2013 წელს იხსენებენ, ადამიანის უფლებადარღვევის მთავარ დღედ 17 მაისს ასახელებენ, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, როცა მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა და მრევლმა მცირერიცხოვან ჯგუფს ძალადობრივი მეთოდებით არ მისცეს საშუალება გაემართა ფლეშ-მობი. მოგვიანებით ამ დღესთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია იტყვის, რომ ეს დღე აღმოჩნდა ერთგვარი ინდიკატორი იმისა, თუ რა სახის პრობლემები არსებობს უმცირესობათა უფლებების თვალსაზრისით ქვეყანაში:

„დაგვანახვა ის მიძინებული პრობლემა, რომელიც ამ კუთხით ჩნდება და ჩვენ კიდევ ერთხელ მოგვიხდა შეგვეხსენებინა ყველასთვის, ვისაც ეს სჭირდებოდა, რომ კანონის წინაშე თანასწორია საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, რომ დისკრიმინაცია დაუშვებელია რაიმე ნიშნით და რომ ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის უფლების დაცვა... გამოძიება დაიწყო მაშინვე და ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა პასუხისგებაში მიეცნენ კონკრეტული პირები“.

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტმა, მართალია, ორი თვის დაგვიანებით, მაგრამ 16 ივლისს მაინც მიიღო დასკვნა 17 მაისს თბილისში მომხდართან დაკავშირებით. დასკვნაში დაგმობილი იყო ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციაზე მომხდარი ძალადობა, დადებითად შეფასდა პოლიციის ქმედება და სახელმწიფოს უმაღლესი პირების გამოხმაურებები; ნათქვამი იყო, რომ ეკლესიას ძალადობის წამახალისებელი განცხადებები არ გაუკეთებია. კომიტეტის დასკვნაში ასევე ნათქვამი იყო, 17 მაისთან დაკავშირებულ შვიდ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ობიექტურად უნდა წარიმართოსო.

რაც შეეხება გამოძიების ობიექტურად წარმართვას, უნდა ითქვას, რომ ამ დრომდე არ არის დასრულებული სასამართლო პროცესი. უფლებადამცველთა აზრით, 17 მაისს სახელმწიფო უძლური აღმოჩნდა დაეცვა მცირერიცხოვანი ჯგუფის გამოხატვის უფლება.

დაბოლოს, დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ, მთავრობის ინიციატივით, ადამიანის უფლებების შესახებ სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მზადდება.
ადამიანის უფლებების დაცვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ძირითადად დაეყრდნობა საქართველოში ევროკავშირის სპეციალური მრჩევლის საკონსულტაციო და სამართლებრივი რეფორმებისა და ადამიანის უფლებების საკითხებში თომას ჰამარბერგის მიერ მომზადებულ ანგარიშს და სახალხო დამცველის ანგარიშებში გამოვლენილ უფლებადარღვევებს.
XS
SM
MD
LG