Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადიგენის მოსახლეობა გზების მოწესრიგებას მოითხოვს


ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უკვე დაიწყეს 2016 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა. ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასაც ხვდებიან, რათა პრიორიტეტები გამოკვეთონ. გამგებლის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში თანხები იმ პრობლემებზე გადანაწილდება, რომლებიც მუნიციპალიტეტს ყველაზე მეტად აწუხებს.

ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია, შიდასაუბნო გზების მოწესრიგება და სასმელი წყლის ხარისხის გაუმჯობესება – ეს იმ პრობლემათა არასრული ჩამონათვალია, რომელთა მოგვარებაც სურთ ადიგენის მცხოვრებლებს 2016 წელს. ადგილობრივთა დიდი ნაწილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ დასახლების იერსახეზეც უნდა იზრუნოს.

ადიგენის სოფლების მცხოვრებთათვის 2016 წლის პრიორიტეტი სოფლამდე მისასვლელი გზების მოწესრიგებაა. მათი თქმით, არის დასახლებები, სადაც ავტომობილით გადაადგილება შეუძლებელია, ზამთრის პერიოდში კი სოფელი ცენტრს სწყდება. ადგილობრივები ადიგენის მუნიციპალიტეტის ხელისუფლებისგან მომავალი წლის ბიუჯეტში გზების მოწესრიგებისთვის თანხების გაწერას ითხოვენ. აბასთუმნის მცხოვრებლები კი ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებენ კურორტზე არსებული პრობლემები გადაჭრან.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის თქმით, 2016 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. ზაქარია ენდელაძე ამბობს, რომ პრობლემების გამოსაკვლევად და პრიორიტეტების შესარჩევად იგი მოსახლეობას ხვდება, თუმცა რა პროექტები მოხვდება მთავარ ფინანსურ დოკუმენტში, გამგებელს ამის დაკონკრეტება უჭირს.

2016 წლის ბიუჯეტის პროექტის შედგენის შემდეგ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობა დოკუმენტს განსახილველად წარმომადგენლობით ორგანოს გადაუგზავნის. გამგეობაში ამბობენ, რომ საკრებულოს წევრების გარდა, მას ადგილობრივი მოსახლეობაც გაეცნობა და მასში შესწორებასაც შეიტანს, რის შემდეგაც მთავარი ფინანსური დოკუმენტი დამტკიცდება. იმას, თუ რა თანხას შეადგენს 2016 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, გამგეობაში ჯერ ვერ აკონკრეტებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG