Accessibility links

logo-print

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ იჯარეთის მოსახლეობა თვითმმართველობის უყურადღებობას უჩივის. ადგილობრივები ამბობენ, რომ დასახლებამდე მისასვლელ გზაზე ტრანსპორტით გადაადგილება შეუძლებელია. დაზიანებული სავალი ნაწილის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც ადგილობრივმა თვითმმართველობამ აქ სამუშაოები დაიწყო. მოსახლეობა ამბობს, რომ გამგეობამ სამუშაოები გზის მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთზე, ისიც ნახევრად შეასრულა და სოფლიდან ტექნიკა გაიყვანა. 50-კომლიან სოფელში ამბობენ, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ მიწა დასახლებაში მისასვლელი გზის მხოლოდ ნაწილზე დაყარა, ის ცენტრალური მონაკვეთიკი, რომელიც იჯარეთს სოფლებთან - ყარათუბანსა და გორგულთან - აკავშირებს, უყურადღებოდ დარჩა.

იჯარეთში იმასაც ეჭვობენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა მათი სოფლის მიმართ ყურადღებას მას შემდეგ აღარ იჩენს, რაც 2014 წლის 14 სექტემბერს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულმა მოსახლეობამ ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ კონპენსაციების არასწორი განაწილება გააპროტესტა. მოსახლეობა ამბობს, რომ იჯარეთში მოსაწესრიგებელია სავალი გზა, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემა, სანიაღვრე არხები და განათების გაყვანილობა.

სოფელ იჯარეთის მიმართ გამგეობის უყურადღებობას კიდევ ერთი მიზეზით ხსნის ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრობის“ წევრი. მალხაზ ბოჩიკაშვილის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას მმართველმა პარტიამ ყველაზე ნაკლები ხმა სწორედ ამ სოფელში მიიღო.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის თქმით, სოფელ იჯარეთში სავალი გზა ბოლო დროს რამდენჯერმე მოსულმა ძლიერმა ნალექმა დააზიანა. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად თანხა სარეზერვო ფონდიდან გამოიყო და სამუშაოები ხელშეკრულების საფუძველზე შპს "ადიგენის საირიგაციო და კომუნალურმა მომსახურებამ“ განახორციელა. კითხვაზე, შეუძლია თუ არა რამდენიმე თვის წინ მუნიციპალიტეტის ბაზაზე შექმნილ აღნიშნულ შპს-ს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება, ზაქარია ენდელაძე ამბობს, რომ მას ტექნიკა ჰყავს და საკითხის შესრულება პრობლემას არ წამოადგენს. რაც შეეხება მოსახლეობის ბრალდებას, რომ ხელმძღვანელობა უყურადღებობას იჩენს, გამგებელი ამას კატეგორიულად უარყოფს.

როგორც ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, ივნისის თვეში ხუთჯერ დაფიქსირებული სტიქიის გამო ათზე მეტი სოფელი დაზიანდა. პრობლემების აღმოსაფხვრელად მუნიციპალიტეტმა 34 000 ლარი გამოყო. საგზაო სამუშაოებისათვის გამგეობამხელშეკრულება შპს "ადიგენის საირიგაციო და კომუნალურ მომსახურებასთან“ გააფორმა, რადგან, მათი ინფორმაციით, ტენდერის გამოცხადება დაყოვნდებოდა, თვითმმართველობას კი დაზიანებაზე რეაგირება მაშინვე უნდა მოეხდინა. შეგახსენებთ, რომ ადიგენში ბოლოს სტიქია 19 ივნისს დაფიქსირდა, სოფელ იჯარეთში კი სავალი გზის მოსაწესრიგებლად სამუშაოები სტიქიიდან, დაახლოებით, ერთი თვის შემდეგ, 11 ივლისს, დაიწყო.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG