Accessibility links

logo-print
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პარლამენტს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტი გადაუგზავნა. საუბარია კოდექსის 171-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევებისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრებაზე. ცვლილებების მიხედვით, საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლური სასმელის მიღება და ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ყოფნა დაისჯება 300-ლარიანი ჯარიმით. რას ემსახურება კანონის ამ მუხლის გაცოცხლება და რა იგულისხმება საზოგადოების ღირსებასა და ზნეობაში?

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივამ უმალ მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. განსაკუთრებული ვნებათაღელვა და გაურკვევლობა გამოიწვია კანონპროექტის იმ ნაწილმა, რომელიც საზოგადოებრივ ადგილებში ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ყოფნას შეეხება. თბილისის მკვიდრი რომან კაჭარავა სიახლეს შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ახირებად მიიჩნევს:

„მან ხომ უნდა გააკეთოს ის, რასაც არ აკეთებდა მერაბიშვილი! რამე ხომ უნდა გააკეთოს? რით გამოიჩინოს თავი? ხან კოცნას დაგიშლის და ხან სხვა რამეს. ეს მისი ნებაა, მაგრამ თქვენ მაინც იკოცნავეთ!“
აბსოლუტურად არც ერთი სიტყვა არ არის დამატებული კანონის აქამდე მოქმედ რედაქციაში. არა მგონია, კოცნისთვის აქამდე ვინმე დაეჯარიმებინათ...

თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ პარლამენტში ინიცირებული პროექტი სულ სხვა სახის ცვლილებებს ითვალისწინებს. კერძოდ, ისეთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, როგორიც არის ალკოჰოლური სასმელების მიღება ქუჩებში, სტადიონებზე, სკვერებში, პარკებში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში, გარდა სავაჭრო და კვების საწარმოებისა, სადაც ალკოჰოლური სასმელების ჩამოსხმით გაყიდვა ნებადართულია, დაისჯება 300-ლარიანი ჯარიმით; ერთი წლის განმავლობაში იმავე ქმედების მეორედ და მესამედ გამეორება კი, შესაბამისად, 500 და 700 ლარით. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ნინო გიორგობიანის თქმით, ამავე რაოდენობის ჯარიმით დაისჯება საზოგადოებრივ ადგილებში ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ყოფნაც.

„არანაირი აკრძალვა კოცნაზე არ წესდება. საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ყოფნად შეიძლება მოვიაზროთ საზოგადოებრივ ადგილეში გაშიშვლება, მოსაქმება და სხვა უხამსობები და არა პაემანი და კოცნა. მოკლედ, ეს არის მოქმედი კანონი, რომელშიც შედის ცვლილებები ჯარიმებთან მიმართებაში“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მსგავსად, საპარლამენტო უმრავლესობაშიც აცხადებენ, რომ კანონპროექტის ინიცირებით თვისებრივად არაფერი იცვლება. ფრაქცია „ქართული ოცნება-რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის თინათინ ხიდაშელის თქმით, სიახლე მხოლოდ ფულადი ჯარიმის შემოღებაა:
თინა ხიდაშელი

თინა ხიდაშელი


„აბსოლუტურად არც ერთი სიტყვა არ არის დამატებული კანონის აქამდე მოქმედ რედაქციაში. არა მგონია, კოცნისთვის აქამდე ვინმე დაეჯარიმებინათ. ასევე ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ცივილიზებულ ქვეყანას, სადაც პარკებში, სკვერებში, სადაც ბავშვები არიან და ოჯახები ისვენებენ, ადამიანები არყისა და ლუდის ბოთლებით დადიოდნენ და სასმელს სვამდნენ“.

თინათინ ხიდაშელის თქმით, ადამინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171-ე მუხლი, რომლის ცვლილებაზეც არის საუბარი, მართლაც ასეა დასათაურებული: „საზოგადოებრივ ადგილებში სპირტიანი სასმელების სმა ან საზოგადოებრივ ადგილებში მთვრალ მდგომარეობაში ყოფნა“. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლის გიორგი გოცირიძის თქმით, კანონის აღნიშნული ნორმა საბჭოთა პერიოდიდან მოქმედებს.

„კერძოდ, 1984 წელს იქნა ეს ნორმა მიღებული და იმის შემდეგ მოქმედებს. ახლა მძიმდება მხოლოდ სანქცია. ადრე თუ იყო გაფრთხილება და ორი მინიმალური ხელფასის ოდენობის თანხით დაჯარიმება, ახლა, უბრალოდ, მკაცრდება. თუმცა შინაარსს თუ დავაკვირდებით, აქ არის საუბარი საზოგადოებრივ ადგილებში მთვრალ, ადამიანის ღირსებისა და საზოგადოების ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ყოფნა. ანუ ფხიზელ ადამიანზე ეს ნორმა არ გავრცელდება, რადგანაც „და“ კავშირით არის გამოყოფილი წინანადებაში“, - უთხრა გიორგი გოცირიძემ რადიო თავისუფლებას.
ასეთი აბსოლუტური მცნებებით საზოგადოებრვი მორალისა და ზნეობის შესახებ მჭევრმეტყველება არის ტოტალიტარიზმის, ხშირ შემთხვევაში კი თანამედროვე სამყაროში იმ ფუნდამენტის შენება, რაზეც სამომავლოდ ეფუძნება თეოკრატია...

მაგრამ ვინ და როგორ უნდა განსაზღვროს, რა არის საზოგადოების ღირსებისა და ზნეობის შეურაცხმყოფელი მდგომარეობა? ამ კითხვის პასუხად გიორგი გოცირიძე ამბობს:

„ეს არის სასამართლოს გასარკვევი, თუმცა, სამწუხაროდ, კანონმდებლობაში არანაირი კრიტერიუმი იმისა, თუ რა ჩაითვლება მორალურად და რა ამორალურად, არ მოიპოვება. რა თქმა უნდა, თუკი თავისუფალია მოსამართლე, ეს თავისუფლება შესაძლოა ბოროტად იქნეს გამოყენებული“.

სწორედ ეს - კანონის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა - აშინებთ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია ფიქრობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო საბჭოთა სულისკვეთებით გაჟღენთილი და მივიწყებული ნორმის რეანიმაციით ზრდის სამოქალაქო უფლებების ხელყოფის რისკს.

„დღეს კომენტარად მეუბნებიან, რომ კოცნა არ ისჯება, მაგრამ კანონში მიწერია საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ყოფნა. ჩემი მეზობლისთვის ბევრი ისეთი რამ არის შეურაცხმყოფელი, რაც ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის არ არის. ასე რომ, ასეთი აბსოლუტური მცნებებით საზოგადოებრვი მორალისა და ზნეობის შესახებ მჭევრმეტყველება არის ტოტალიტარიზმის, ხშირ შემთხვევაში კი თანამედროვე სამყაროში იმ ფუნდამენტის შენება, რაზეც სამომავლოდ ეფუძნება თეოკრატია. ამიტომ მე მაქვს პროტესტის სოფო კილასონია

სოფო კილასონია

ძალიან ძლიერი განცდა“, - უთხრა სოფო კილასონიამ რადიო თავისუფლებას.

სოფო კილასონიას თქმით, პროტესტის განცდას ის გარემოებაც ამძაფრებს, რომ არ არსებობს ამგვარი ნორმის გაცოცხლების არანაირი აუცილებლობა, რადგანაც არც შიშველი ჩნდება ვინმე საზოგადოებაში სისტემატურად და არც სახალხოდ მოისაქმებს. სხვა ამბავია ის, რომ საზოგადოების ერთ ნაწილს შესაძლოა ჰქონდეს მძაფრი სურვილი მეორე ნაწილს მიაკეროს ამორალურობისა და უზნეობის იარლიყი და ამის გამო დევნოს ის. საინტერესოა, რას ფიქრობენ თბილისელები შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივაზე.

„1000%-ით ვეთანხმები! არ შეიძლება შუა ქუჩაში ხვევნა-კოცნა და ალკოჰოლის მიღება“.

„300 ლარი ბევრია, მაგრამ რაღაც ზომები უნდა იყოს მიღებული!“

„არა, არ ვეთანხმები, რადგანაც ხვენა-კოცნა გამოწვეულია ურთიერთშეთანხმებით, ანუ კოცნიან იმის გამო, რომ ერთმანეთი მოსწონთ! შენ თუ არ მოგწონს, აარიდე თვალი!“


ამავე პროექტის თანახმად, თუ საქმის გარემოებათა მიხედვით და დამრღვევი პიროვნების გათვალისწინებით აღნიშნული ზომების მიღება არასაკმარისად ჩაითვლება, გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღე-ღამემდე ვადით.
საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG