Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

15-დღიანი პატიმრობაც მძიმე სასჯელია


23 ივლისს საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა კანონპროექტი, რომელიც ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადის 15 დღემდე შემცირებას ითვალისწინებს. ამასთან, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შესატანი ცვლილებების თანახმად, დაკონკრეტდება ადმინისტრაციული წესით დაკავების პროცედურები. პროცესში წინ გადადგმულ ნაბიჯს ხედავს არასამთავრობო სექტორი, თუმცა ცვლილებებს არასაკმარისად მიიჩნევს.

მოქმედი კანონმდებლობით, დაკავებულ პირს უფლებები განემარტება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის დროს, ოქმი კი შეიძლება შედგეს როგორც დაკავებიდან რამდენიმე საათში, ასევე რამდენიმე დღეშიც. შესაბამისად, დაკავებულმა პირმა შესაძლოა ვერ ისარგებლოს, მაგალითად, ადვოკატის გამოყენების კონსტიტუციური უფლებით, თუკი მან არაფერი იცის ასეთი შესაძლებლობის შესახებ.

ახალი კანონპროექტის თანახმად, რომელიც 23 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ წარუდგინა, პირი დაკავებულად ითვლება მაშინვე, როცა, ასე ვთქვათ, სამართალდამცველი მას ხელს მოჰკიდებს. სწორედ ამ დროს უნდა მიაწოდონ დაკავებულ პირს შესაბამისი ინფორმაცია:

ვახტანგ ხმალაძე
ვახტანგ ხმალაძე

”დაკავებულ პირს დაკავებისთანავე უნდა განემარტოს ის საფუძველი, რამაც გამოიწვია მისი დაკავება, ანუ მიზეზი, თუ რატომ აკავებენ. მეორე: დაკავებისთანავე მას უნდა უთხრან, რომ აქვს ადვოკატის უფლება და, მესამე, რომ ამ პირს აქვს უფლება, თავის ახლობელს, თავისი სამსახურის ან სასწავლებლის ადმინისტრაციას აცნობოს იმის თაობაზე, რომ ის დააკავეს”.

შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ პარლამენტმა ერთგვარად დაასწრო საკონსტიტუციო სასამართლოს, სადაც სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით განიხილება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელი. როგორც ორგანიზაციის იურისტმა გიორგი გოცირიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, საქმის წინასწარ განხილვაზევე გამოჩნდა და მისასალმებელია, რომ პარლამენტმა გაიზიარა საიას მიდგომები ამ საკითხთან დაკავშირებით.

თუმცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, როგორც ჩანს, ცვლილებების დამტკიცების შემდეგაც დარჩება სადავო საკითხები და ეს, მაგალითად, დაკავებულის დაცვის შეზღუდულ უფლებებს უკავშირდება. საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი საიას ამ საკითხთან მიმართებითაც აქვს შეტანილი, თუმცა, გიორგი გოცირიძის თქმით, ორგანიზაციის არგუმენტები პარლამენტმა ამ შემთხვევაში არ გაითვალისწინა:

”როდესაც საქმე წავა სასამართლოში და ადვოკატი გაიგებს, რისთვის არის ადამიანი დაკავებული, ამის შემდეგ ადვოკატს სჭირდება დრო, რომ თავისი მოწმეები მოიყვანოს პროცესზე, დაცვის ქვეშ მყოფი პირის სასარგებლო მტკიცებულებები მოიპოვოს და ა.შ. მაგრამ ადვოკატი და სასამართლო შეზღუდულია დროში: კანონის თანახმად, მოსამართლემ 24 საათის განმავლობაში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე და მას არ შეუძლია, რომ პროცესი, ვთქვათ, 2 დღით გადადოს, რათა ადვოკატს მიეცეს მტკიცებულებების შეგროვების შესაძლებლობა”.

არასამთავრობო სექტორის, ადვოკატების, უფლებადამცველებისა თუ უცხოელი ექსპერტების პრეტენზიები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისთვის გამიზნულ კიდევ ერთ ცვლილებასაც უკავშირდება. ამ შემთხვევაში საუბარია ადმინისტრაციული პატიმრობის 90 დღიდან ვადის შემცირებაზე. როგორც 23 ივლისს, კანონპროექტის პირველი მოსმენის დროს წარდგენისას, განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ, ამ საკითხზე საკანონმდებლო ორგანო უკვე წელიწადზე მეტია მუშაობს.

დიდი იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს საქართველო შეძლებს იმას, რომ ნარკომანები, რომლებიც მხოლოდ მომხმარებლები არიან, არა სისხლის სამართლის წესით, არამედ ადმინისტრაციული წესით დასაჯოს...
თეა წულუკიანი

მიუხედავად იმისა, რომ 2009 წლის ივლისში 90 დღემდე გაზრდილი პატიმრობის ვადის ახლა 15 დღემდე შემცირება თავისთავად წინგადადგმული ნაბიჯია და პოზიტიურად გამოიყურება, როგორც უკვე ვთქვით, ეს ნაბიჯი არასაკმარისად მიიჩნევა, რადგანაც სამოქალაქო სექტორი ამგვარი პატიმრობის სრულ გაუქმებას მოითხოვს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი გიორგი გოცირიძე შეგვახსენებს, რომ ადმინისტრაციული პატიმრობის გაუქმების რეკომენდაცია საქართველომ ტომას ჰამარბერგისგანაც მიიღო და რომ ამ ტიპის პატიმრობა, განვითარებულ ქვეყნებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, გაუქმებულია, მაგალითად, სომხეთშიც - 2005 წლის შემდეგ.

ამასთან, გიორგი გოცირიძის თქმით, თავისუფლების აღკვეთა არ უნდა იყოს გამოყენებული სამართალდარღვევის ისეთი მცირე მასშტაბების შემთხვევაში, როგორსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა წარმოადგენს, მით უმეტეს, რომ წინასწარი მოთავსების იზოლატორებში, სადაც დაკავებულები ადმინისტრაციულ სასჯელს იხდიან, არანაირი პირობა არ არსებობს იმისათვის, რომ ადამიანი თუნდაც 15 დღით გააჩერო.

თუმცა როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, ის არ ემხრობა ადმინისტრაციული პატიმრობის გაუქმებას.

”დიდი იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს საქართველო შეძლებს იმას, რომ ნარკომანები, რომლებიც მხოლოდ მომხმარებლები არიან, არა სისხლის სამართლის წესით, არამედ ადმინისტრაციული წესით დასაჯოს“, - განაცხადა მან.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG