Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფეთქება მიწისქვეშ, რომელსაც ორი მაღაროელის მხედველობა შეეწირა


მაღარო, ჭიათურა
მაღარო, ჭიათურა

ამ დრომდე საავადმყოფოში რჩებიან 19 ნოემბერს ჭიათურაში, პერევისის მაღაროში მომხდარი აფეთქებისას მძიმედ დაშავებული ამფეთქებელი, 58 წლის ტარიელ ბიწაძე, და ცვლის უფროსი, 26 წლის ზურაბ გამეზარდაშვილი. გამეზარდაშვილს მორიგი ოპერაცია 26 ნოემბერს ჩაუტარდა და ამ დრომდე რეანიმაციაში რჩება - მას ჯერ არ გაუღვიძია. ბიწაძე ორი დღეა ნარკოზიდან გამოვიდა, მისი მდგომარეობაც სტაბილურად მძიმეა, ერთი თვალით ის ვეღარ დაინახავს. სავარაუდოდ, მხედველობა დაკარგა გამეზარდაშვილმაც. ჯერჯერობით არ არსებობს გამოძიების საბოლოო დასკვნა, თუ რა მოხდა ჭიათურის მაღაროში, თუმცა საქმე უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლითაა აღძრული. „ჯორჯიან მანგანეზში“ შიდა მოკვლევის საფუძველზე აცხადებენ, რომ მაღაროს თანამშრომლებმა შეცდომა დაუშვეს - დაირღვა შრომის უსაფრთხოების წესები. პროფკავშირი აცხადებს, რომ თუ სამუშაოს წარმოების წესი დაირღვა, ეს მხოლოდ ამფეთქებლის გაუფრთხილებლობას არ უნდა დაბრალდეს. პასუხისმგებლობა ერთნაირად ნაწილდება როგორც მაღაროს თანამშრომლებზე, ისე მმართველ კომპანიაზე.

58 წლის ამფეთქებელი ტარიელ ბიწაძე 37 წელია ჭიათურის მაღაროში მუშაობს. მისი შვილი, ბესო, ამბობს, რომ ჭიათურის მაღაროს მისნაირი სპეციალისტი არ ჰყავს, მარცხი აქამდე არასოდეს მოსვლიაო. იმ დღესაც, 19 ნოემბერს, მაღაროში ცვლის უფროსთან, 26 წლის ზურაბ გამეზარდაშვილთან ერთად შევიდა. აფეთქებამ ორივე მძიმედ დააზიანა. ორივეს მხედველობის პრობლემა ექნება და, სავარაუდოდ, ვერც ერთი ვერ შეძლებს მაღაროში მუშაობის გაგრძელებას.

ზურაბ გამეზარდაშვილს ამ დრომდე სძინავს, ოჯახის წევრებს დღეში ერთხელ მისი მონახულების უფლება აქვთ, თუმცა, როგორც მისმა ძმამ გვითხრა, რადგან ნარკოზიდან ამ დრომდე არ გამოსულა, მასთან ჯერ არ ულაპარაკია. ექიმებისგან მხოლოდ ის იცის, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა:

„ერთი თვალით რომ ვეღარ დაინახავს, ეს ვიცით. მეორე თვალის გადასარჩენად იბრძვიან. ვნახოთ. ამ დრომდე მკურნალობის ხარჯებს საყოველთაო დაზღვევა ფარავდა, მერე, ალბათ, კომპანია დაგვეხმარება, დაგვპირდნენ. თუ სხვა ქვეყანაში გადაყვანა დასჭირდა, მაგაშიცო. ჯერ ველოდებით“.

რომ გამოგვყავდა, მაშინ თქვა, რომ ამდენი წელია ვმუშაობ და ასეთი რამ არ დამმართნია, არ ვიცი, რატომ აფეთქდაო. ეგეთი სპეციალისტი ჭიათურის მაღაროს არ ჰყავს. აქამდე არასოდეს მარცხი არ მოსვლია. არ ვიცი... როგორ უნდა მოსვლოდა შეცდომა...
ბესო ბიწაძე

რა მოხდა, ზუსტად ჯერ არც ტარიელ ბიწაძის ვაჟმა, ბესომ, იცის, თუმცა იხსენებს უბედური შემთხვევის შემდეგ რა თქვა მამამ, რომელსაც იმ წუთებში გონება არ დაუკარგავს და რომელიც თავადაც ვერ მიმხვდარიყო, რატომ მოხდა აფეთქება:

„რომ გამოგვყავდა, მაშინ თქვა, რომ ამდენი წელია ვმუშაობ და ასეთი რამ არ დამმართნია, არ ვიცი, რატომ აფეთქდაო. ეგეთი სპეციალისტი ჭიათურის მაღაროს არ ჰყავს. აქამდე არასოდეს მარცხი არ მოსვლია. არ ვიცი... როგორ უნდა მოსვლოდა შეცდომა“.

ბესო ვარაუდობს, რომ ამ ტრავმის შემდეგ მაღაროში მამას სამუშაოდ აღარ მიიღებენ. იმაზეც ღელავს, საავადმყოფოში დარჩენა რომ ისე დიდხანს მოუხდეს, რომ საყოველთაო დაზღვევის თანხები ამოიწუროს, მერე რა გზას დაადგეს:

„მამა კია სამსახურში დაზღვეული, მაგრამ საავადმყოფოში მითხრეს, თუ საყოველთაო დაზღვევა ამოიწურა, მერე თქვენ უნდა გადაიხადოთ,ქვითრები მიიტანოთ სადაზღვევოში და მერე აგინაზღაურდებათო. ასე რომ მოხდეს, დღეში 600 ლარი იქნება გადასახდელი და ამ ეტაპზე ამ თანხის გადახდას ვერანაირად ვერ შევძლებთ. არ ვიცი, ალბათ, ისევ კომპანიას ვთხოვ დახმარებას. სხვა გზა არ არის“.

მძიმე სამუშაოა მაღაროში, ამბობს ბესო, რომელიც თავადაც ჭიათურაში მუშაობს, ოღონდ ქარხანაში. თუმცა, მისი თქმით, ეს იქაურებისთვის დასაქმების თითქმის ერთადერთი საშუალებაა - ყველამ იცის, რა რისკზე მიდის; ისიც იცის, რა საფრთხე ელოდება:

„სამუშაო საკმაოდ მძიმეა. ჰაერზე როცა მუშაობ ადამიანი ფიზიკურად, ეგ არის რთული და წარმოიდგინეთ, შიგნით, მიწაში, დახურულ სივრცეში, რა მძიმე პირობები იქნება. მე მაინც ვფიქრობ, რომ ყველაფერს თავიდან უნდა გადახედონ- შრომის პირობებს, უსაფრთხოებას. იქნებ როგორმე თავიდან ავიცილოთ ხოლმე ასეთი უბედური შემთხვევები. ეს უკვე მერამდენე შემთხვევაა“.

ამის ერთი მიზეზი ის არის, რომ ეს ყველაზე დიდი საწარმოა საქართველოში და მეორე,ჩემი აზრით, იქ შრომის უსაფრთხოების სისტემა ცუდად იმართება. არც ერთ მუშას თავის მოკვლის სურვილი არა აქვს, ესე იგი, შესაძლებელია შრომის დაგეგმვა ისე, რომ მსგავსი უბედური შემთხვევები აღარ მოხდეს...
თამაზ დოლაბერიძე

საწარმოო შემთხვევების რიცხვი კი ბოლო ერთი წლის განმავლობაში, თავად მმართველი კომპანიის, „ჯორჯიან მანგანეზის“, ინფორმაციით, 58 იყო. იგივე სტატისტიკა აქვს პროფკავშირსაც. ოღონდ, როგორც „ჯორჯიან მანგანეზის“ მფლობელი კომპანიის, „Georgian American Alloys”-ის, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ზაქარია ზალიკაშვილი განმარტავს რადიო თავისუფლებასთან საუბარში, ამ 58 შემთხვევაში იგულისხმება საწარმოო ინციდენტებიც, კერძოდ, ინვენტარის, შრომითი ინსტრუმენტების დაზიანების ფაქტები. 35-40 % მსუბუქ და შედარებით მძიმე საწარმოო ტრავმებზე მოდის, ხოლო მძიმედ ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 17 თანამშრომელი დაშავდა. ზალიკაშვილი იმასაც ამბობს, რომ თუ ჭიათურაში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მომხდარი საწარმოო შემთხვევების ანალიზს გავაკეთებთ, მძიმე საწარმოო ტრავმების რიცხვი ბოლო ორ წელიწადში გაცილებით შემცირებულია.

19 ნოემბერს მაღაროში მომხდარი აფეთქების თაობაზე „ჯორჯიან მანგანეზს“ თავისი ვერსია აქვს: სამუშაოს შემსრულებლებმა შეცდომა დაუშვეს - 16-დან ერთ-ერთი ნაღმი, რომლის აფეთქების შედეგადაც მადანი ჩამოიშლება ხოლმე და რომელსაც, სპეციალური წესების დაცვით, ამფეთქებელი ამონტაჟებს, არ აფეთქდა და როდესაც ცვლის უფროსი ამფეთქებელთან ერთად ხელახლა შევიდა მაღაროში მის გასანეიტრალებლად, დარჩენილი ნაღმი მაშინ ამოქმედდა. როგორც წესი, ეს ყველაფერი დოკუმენტურად უნდა აღირიცხებოდეს - რამდენი აფეთქდა, რამდენი არა - და მხოლოდ ამის შემდეგ ბრუნდებიან მხოლოდ ცვლის უფროსი და ამფეთქებელი ცარიელ მაღაროში. როგორც ეს მოხდა კიდეც 19 ნოემბერს:

„ამ შემთხვევაში მოხდა ის, რომ არაკეთილსინდისიერად დაიცვეს უსაფრთხოების ნორმები, რამაც აფეთქება გამოიწვია. დახურულ სივრცეში აფეთქებას კიდევ უფრო დიდი ძალა ჰქონდა და ყველაფერი სამწუხარო შედეგით დასრულდა - სხეულის დამწვრობა მიიღეს, თვალები დაუზიანდათ. მაგრამ აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეს პროცესი მაღაროში - აფეთქების გზით მადნის მოპოვების - სულ მიდის, ყოველდღიური პროცესია“ - და შრომის უსაფრთხოების პირობები რომ დაცული არ იყოს, გვეუბნება, ზაქარია ზალიკაშვილი, მსგავსი უბედური შემთხვევა ყოველდღე უნდა ხდებოდეს.

ყოველდღე შესაძლოა არა, მაგრამ მაღაროს მუშები ხშირად ზიანდებიან და ეს საკმარისი მიზეზია იმის სათქმელად, რომ საწარმოში რაღაც წესრიგში არ არის - ეს პროფკავშირის პოზიციაა. თამაზ დოლაბერიძე, რომელიც მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირებს ხელმძღვანელობს, გვეუბნება, რომ ჭიათურაში ერთ-ერთმა მუშამ ორი დღის წინაც მოიტეხა ორივე ხელი:

თამაზ დოლაბერიძე
თამაზ დოლაბერიძე

„ასეთი ფაქტები - ხან უფრო მძიმე დაზიანების, ხანაც უფრო მსუბუქი ტრავმებისა, კონკრეტულად ჭიათურაში, საკმაოდ ხშირია. ამის ერთი მიზეზი ის არის, რომ ეს ყველაზე დიდი საწარმოა საქართველოში და მეორე,ჩემი აზრით, იქ შრომის უსაფრთხოების სისტემა ცუდად იმართება. არც ერთ მუშას თავის მოკვლის სურვილი არა აქვს, ესე იგი, შესაძლებელია შრომის დაგეგმვა ისე, რომ მსგავსი უბედური შემთხვევები აღარ მოხდეს“.

თამაზ დოლაბერიძე ისევ იქამდე მიდის, რომ ასეთ დიდ კომპანიებში შრომის უსაფრთხოების პირობებს არავინ ამოწმებს. ცნობილია პროფკავშირის კრიტიკული დამოკიდებულებაც ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის პროგრამის მიმართ, რაც იმას გულისხმობს, რომ შრომის მონიტორები კონკრეტულ საწარმოს მხოლოდ კომპანიის მხრიდან მომართვის შემთხვევაში შეამოწმებენ. თამაზ დოლაბერიძეს ეჭვი ეპარება, რომ მაღალი რისკის მქონე საწარმოების მმართველმა კომპანიებმა თავად გამოთქვან შემოწმების სურვილი და ასეც რომ მოხდეს და დარღვევები უპოვონ, მათ სანქციებს არავინ დააკისრებს:

„არ ვიცი, რომელი ბიზნესმენი მიმართავს ნებაყოფლობით სახელმწიფოს, შემამოწმეო, როცა მუშების გარდაცვალების ასეთი სავალალო სტატისტიკა აქვს, და მეორეც, ამ მონიტორინგის ჯგუფმა კომპანიას დარღვევები რომც უპოვოს, მას კანონით მხოლოდ რეკომენდაციის მიცემა შეუძლია - ის კი ან გაითვალისწინებს ამ რეკომენდაციას, ან არა“.​

სხვათა შორის, „ჯორჯიან მანგანეზი“ არ არის შემოწმებული კომპანიების ჩამონათვალში. იქ ჯერ არავინ მისულა, თუმცა ინფორმაციული შინაარსის წერილი, როგორც ზაქარია ზალიკაშვილმა გვითხრა, მათ მიიღეს და კითხვით უპასუხეს კიდეც ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტს, თუ როდის და რამდენი ადამიანი შეამოწმებდა კომპანიას. მიწერ-მოწერა აქ წყდება - შეამოწმებენ თუ არა შრომის მონიტორები ჭიათურის მაღაროში არსებულ ვითარებას, უცნობია.

ლინა ღვინიანიძე
ლინა ღვინიანიძე

დამსაქმებელი-დასაქმებული-სახელმწიფო - ამ სამკუთხედში მთავარ ადრესატად და კითხვებზე მთავარ მოპასუხედ ლინა ღვინიანიძისათვის, რომელიც რამდენიმე წელია მშრომელთა უფლებებს იცავს, მაინც სახელმწიფო რჩება. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სოციალური პროგრამების ხელმძღვანელი ამბობს, რომ სახელმწიფომ ვერ გაუწია წინააღმდეგობა ბიზნესს, რომელიც, თავის მხრივ, არ ფიქრობს დასაქმებული ადამიანების უფლებების დაცვაზე. ხოლო ის მექანიზმები, რომლებიც ბოლო დროს შექმნა სახელმწიფომ შრომის ინსპექტირების მიზნით, მხოლოდ ილუზორული აღმოჩნდა. ამის დასტურია ჭიათურაში ბოლოს მომხდარი უბედური შემთხვევაც, გვითხრა ლინა ღვინიანიძემ. რაც შეეხება, ზოგადად, მაღაროებსა და შახტებში არსებულ ვითარებას:

„რა თქმა უნდა, ეს არის მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტები და ამას აცნობიერებენ იქ მომუშავე ადამიანები. იმიტომ მიიჩნევა მათი შრომა მძიმე შრომად, რომ ყოველდღიურად რისკავენ სიცოცხლის ფასად. მაგრამ პრობლემა აქ ის არის, რომ ეს ხალხი იქ მუშაობას არა რეგულარული რისკის პირობებში, რომელიც არის ნებისმიერი თანამედროვე და დამცავი სისტემებით აღჭურვილ მაღაროსა თუ შახტაში, არამედ ზერისკის პირობებში, სადაც გარდაუვალიც კია ამგვარი შედეგით დასრულება. ეს არის სამუშაო, სადაც ამ საფრთხეს, რომელიც ყოველწამს არსებობს, არ აზღვევენ. მთავარი სწორედ ეს არის, რომ როგორც სახელმწიფომ, ისე საწარმომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ დააზღვიოს ყველა მოსალოდნელი საფრთხე“.

და ეს ორმაგად გასათვალისწინებელია იმიტომ, ფიქრობს ლინა, რომ მაღაროებსა და შახტებში მომუშავე ამ ადამიანებისათვის ეს არის ერთადერთი სამსახური, რაც მათ შეიძლება ადგილზე ჰქონდეთ და ოჯახი არჩინონ:

„დიახ, ეს არის ეკონომიკური დამოკიდებულების ძალიან მყარი შემთხვევა, როცა ადამიანებს არ შეუძლიათ შეიცვალონ სამუშაო ადგილი და მიბმული არიან ამ სამსახურზე თავიანთი საბანკო ვალებით და საარსებო ფულით“.

ორი წლის წინ თუ ლაპარაკი იყო იმაზე,რომ საშხაპე და მოსასვენებელი ოთახები არ ჰქონდათ ან კვების რაციონი არ იყო კარგი, ახლა ლაპარაკია იმაზე, რომ რეზინის ჩექმები ცოტა უჭერთ და რამით ხომ არ შევცვალოთ...
ზაქარია ზალიკაშვილი

„ჯორჯიან მანგანეზში“ კი პროფკავშირის თუ არასამთავრობო სექტორის მხრიდან კრიტიკის პასუხად აცხადებენ, ნურავინ იმსჯელებს ოთხი და ხუთი წლის წინანდელი სტატისტიკით და ნანახით, ნურც რამდენიმე მუშის მონათხრობს დაეყრდნობიან - ჩავიდნენ ადგილზე და იქ ნახონ ვითარებაო. ზაქარია ზალიკაშვილი ირწმუნება, რომ ბოლო ორ წელიწადში როგორც ჭიათურაში, ისე ზესტაფონში შრომის პირობები შესამჩნევად გაუმჯობესდა:

„ორი წლის წინ თუ ლაპარაკი იყო იმაზე,რომ საშხაპე და მოსასვენებელი ოთახები არ ჰქონდათ ან კვების რაციონი არ იყო კარგი, ახლა ლაპარაკია იმაზე, რომ რეზინის ჩექმები ცოტა უჭერთ და რამით ხომ არ შევცვალოთ. ჩვენს ინტერესშიცაა, რომ როგორც უსაფრთხოების, ისე შრომის ყველა პირობა იყოს დაცული, ამიტომ ვფიქრობთ, რომ პოპულისტურ შეფასებებს კარგი არაფერი მოაქვს, ამას ჯობს კარგად გამოიკვლიონ რა ვითარებაა დღეს ჭიათურაში, თუ, ცხადია, მართლა გადარდებს მუშების ბედი და მათი სიცოცხლე“.

ამ ვითარებაში, როცა პროფკავშირი და არასამთავრობო სექტორი აკრიტიკებს სახელმწიფოს უმოქმედობისთვის და დამსაქმებელს არასათანადო შრომითი პირობებისათვის, როცა ეს უკანასკნელი თავს იცავს და იმართლებს, ხოლო სახელმწიფო ამბობს, რომ ბიზნესს ჯერჯერობით სანქციებს ვერ დაუწესებს და მხოლოდ ურჩევს რა გამოასწოროს, თვე ისე არ გავა, რომ მაღაროებში, შახტებში, მშენებლობებზე დასაქმებული ადამიანების დაშავების თუ გარდაცვალების ამბავი არ გავრცელდეს. ზურაბ გამეზარდაშვილისა და ტარიელ ბიწაძის ოჯახებს დღეს, როცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა, პირველ რიგში, სწორედ მათი სიცოცხლე აღელვებთ, მაგრამ რა იქნება შემდეგ, როცა ისინი საავადმყოფოს დატოვებენ და სამსახურში ვეღარ დაბრუნდებიან, როცა მათ ოჯახებს მოაკლდება მარჩენალის ხელფასი? - ამაზე პასუხი არ არსებობს. არც სახელმწიფო და არც დამსაქმებელი კომპანია კანონით ვალდებული არ არის მათ კომპენსაცია გადაუხადოს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG