Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ფეთქდება კორპუსები?


აფეთქების შედეგად დაზიანებული მრავალსართულიანი სახლი
აფეთქების შედეგად დაზიანებული მრავალსართულიანი სახლი

გლდანის მე-6 მიკრორაიონის მე-2 კორპუსში 14 ივლისის ძლიერ აფეთქებას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ოთხის მდგომარეობას ექიმები კრიტიკულად აფასებენ. წინასწარი ცნობით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებას მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით.

ცხრასართულიან კორპუსთან სამაშველო და დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ, კორპუსში ბინების მესაკუთრეებს სპეციალური სიების მიხედვით სათითაოდ უშვებენ ბინების მოსანახულებლად. გლდანის რაიონის გამგეობამ 38 ოჯახი დროებით სასტუმროებში მოათავსა.

უახლოეს დღეებში ბინით უზრუნველვყოფთ მოსახლეობას, ანუ ქირით გავიყვანთ და დარჩებიან იქ, სანამ მათ ბინებში საცხოვრებელი პირობები არ შეიქმნება...
ბესიკ ქარცივაძე

აბესალომ დოლიძე კორპუსის ეზოში მეზობლებთან ერთად აკვირდება ნახევრად ჩამონგრეულ კორპუსს.

„სოფლიდან ჩამოვედი, მანქანა გავაჩერე და მეზობლებთან ერთად ჩამოვჯექი ეზოში. დაჯდომიდან ასე 15-20 წუთში იქუხა და მაცივრის კარი, სავარძლები და ჩამსხვრეული შუშების წვიმა წამოვიდა. გავოგნდი. უცებ ვერც მივხვდი, რა მოხდა. ასეთი აფეთქება კინოშიც არ მინახავს“.

აბესალომ დოლიძის თქმით, იმის გამო, რომ აფეთქებამდე რამდენიმე დღით ადრე სოფელში იმყოფებოდა, არ იცის, იგრძნობოდა თუ არა კორპუსში ბუნებრივი აირის სუნი, რის შესახებ, 14 ივლისის აფეთქების შემდეგ, კორპუსის არაერთი ბინადარი ლაპარაკობდა. ამბობდნენ,რომ ისინი კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისშიც“ რეკავდნენ, კომპანიის განცხადებით კი, ამ კორპუსიდან შეტყიბინება ბოლო სამი თვის განმავლობაში არ შესულა.

გაზის სუნი არ მიგრძვნიაო ამბობს, მაია ადეიშვილი, რომელმაც წუხანდელი ღამე ოჯახის წევრებსა და ფეხმძიმე რძალთან ერთად სასტუმროში გაატარა:

„ქუჩაში არ გაგვიტარებია წუხანდელი ღამე. შეგვასახლეს სასტუმროში. შემდეგ, ვნახოთ, რა იქნება. ვერც იმას ვიტყვი, რომ დიდად მადლიერები ვართ და ვერც იმას, რომ არაფერი კეთდება. დროებით ქირით დაკმაყოფილებას გვთავაზობენ - მანამ, სანამ გაარკვევენ, ექვემდებარება თუ არა კორპუსი რემონტს. მე გაზის სუნი არ მიგრძვნია და ტყუილს ვერ ვიტყვი და მეზობლები ამბობდნენ, იგრძნობოდაო და დარეკილიც იყოო 112-ში, რასაც არ მოჰყვა რეაგირებაო“.

ბესიკ ქარცივაძე
ბესიკ ქარცივაძე

გლდანის რაიონის გამგებლის ბესიკ ქარცივაძის თქმით, 9-სართულიანი კორპუსი დაახლოებით 35 წლის წინ არის აშენებული. აფეთქებას, რომელიც, სავარაუდოდ, მე-4 ან მე-5 სართულზე მოხდა, სართულების შიდა კედლების ნგრევა მოჰყვა. დაზიანება მაღალი ხარისხისაა, თუმცა, ბესიკ ქარცივაძის თქმით, კორპუსის მდგრადობა შენარჩუნებულია:

„უახლოეს დღეებში ბინით უზრუნველვყოფთ მოსახლეობას, ანუ ქირით გავიყვანთ და დარჩებიან იქ, სანამ მათ ბინებში საცხოვრებელი პირობები არ შეიქმნება“.

რამდენად იყო დაკავშირებული გლდანის მე-6 მიკრორაიონის მე-2 კორპუსში მომხდარი აფეთქება გაზგაყვანილობასთან, ამას გამოძიება დაადგენს. კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისს“, ხანგრძლივი მცდელობის მიუხედავად, რადიო თავისუფლება ვერ დაუკავშირდა. კომპანიის სპეციალური მმართველის ნინო თურმანიძის მიერ 14 ივლისს ტელეკომპანია „მაესტროსთვის“ მიცემული კომენტარის თანახმად, „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ ამ რაიონში მიწისქვეშა მილები გაყვანილი არ აქვს. შესაბამისად, გაზის დაგროვება გამორიცხული იყო. რაც შეეხება ბინებში დამონტაჟებული მოწყობილობების შესაძლო გაუმართაობის მიზეზით აფეთქებას, ნინო თურმანიძის თქმით, კომპანია წელიწადში ერთხელ შემოწმებასაც ატარებს.

მოგვიანებით კომპანიამ ბუნებრივ აირზე მომუშავე ხელსაწყოების გამართულობასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „პასუხისმგებლობა საცხოვრებელ სახლებში გაზის საყოფაცხოვრებო ხელსაწყოების ექსპლუატაციაზე ეკისრებათ მომხმარებლებს. მოქალაქეების მიერ წინამდებარე წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის“.

ხელშეკრულებაში გვიწერია, რომ თეთრი კარკასის დონეზე გაკეთდება ბინა, ანუ ჩაისმება კარ-ფანჯარა და შესასვლელი რკინის კარი, მეტი აბსოლუტურად არაფერი არ გაკეთდება, ყველაფერი არის ჩვენი გასაკეთებელი...
მაია შაბურიშვილი

აღსანიშნავია, რომ გლდანში ბოლო 4 თვის მანძილზე უკვე მეორე კორპუსში ხდება აფეთქება. 12 აპრილს მეორე მიკრორაიონის 25-ე კორპუსში ძლიერ აფეთქებას 2 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ამ კორპუსის მცხოვრები მაია შაბურიშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, მათთვის უცნობია, რა შედეგი მოჰყვა სისხლის სამართლის საქმის აღძვრას. კორპუსიდან მხოლოდ ერთი მობინადრეა ბინის ქირით უზრუნველყოფილი, დანარჩენი ოთხი ოჯახი ნათესავებთან გადავიდა საცხოვრებლად, მაია შაბურიშვილის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, როდის დასრულდება შეპირებული სარემონტო სამუშაოები:

„ხელშეკრულებაში გვიწერია, რომ თეთრი კარკასის დონეზე გაკეთდება ბინა, ანუ ჩაისმება კარ-ფანჯარა და შესასვლელი რკინის კარი, მეტი აბსოლუტურად არაფერი არ გაკეთდება, ყველაფერი არის ჩვენი გასაკეთებელი“.

გლდანის რაიონის გამგებლის ბესიკ ქარცივაძის თქმით, სულ მალე ტენდერი გამოცხადდება და სარემონტო სამუშაოებიც დეკემბრის ბოლოს დასრულდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, 14 ივლისს მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა დაკრძალვის და დაშავებულთა მკურნალობის ხარჯებს მერია დაფარავს, სხვა სამუშოებისთვის საჭირო თანხებს კი გლდანის გამგეობა გაიღებს.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG