Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტეხასში, სასუქის საწარმოში, ძლიერი აფეთქება მოხდა


ტეხასის ოფიციალური წარმომადგენლების შეფასებით, 5-დან 15-მდე ადამიანი დაიღუპა ქალაქ უეიკოსთან ახლოს, მომცრო ქალაქ უესტში მდებარე სასუქების საწარმოში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, დაჭრილია 160-ზე მეტი.
აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა პოლიციის სერჟანტის, უილიამ პატრიკ სუანტონის თქმით, გამოძიების დასრულებამდე საწარმოს სივრცეს განიხილავენ როგორც დანაშაულის ადგილს:

„ჩემთვის ცნობილი ინფორმაციით, ცეცხლი შემთხვევით გაჩნდა. სხვა არაფერი გამიგია. თუმცა გამომძიებლებმა ჯერ ვერ შეძლეს შიგნით შეღწევა და ცეცხლის გაჩენის მიზეზების დადგენა - განზრახ გააჩინეს თუ არა. მათ ეს არ იციან.“

მერმა, ტონი მუსკამ, შემთხვევის ადგილას ნანახი ასე აღწერა:

ეს ძალიან, ძალიან ძლიერი თემია. ჩვენ მოვახერხებთ ამის დაძლევას. ეს, ალბათ, ყველაზე ძლიერი, ყველაზე დამანგრეველი რამაა, რაც კი ამ თემს თავს გადახდენია, მაგრამ ჩვენ ყველაფერს თავიდან ავაშენებთ...
ტონი მუსკა
„ცეცხლი საწარმოს აფეთქებამდე მოეკიდა. აქ როცა მოვედი, მთლიანად ცეცხლის ალში იყო გახვეული და შემდეგ აფეთქდა კიდეც“.

აფეთქებამდე ხანძრის ჩაქრობას მეხანძრეები ცდილობდნენ. რამდენიმე მათგანს ვერ პოულობენ.

მუსკას თქმით, დაინგრა 50-მდე სახლი, თუმცა, მერს სჯერა, რომ 2,800-მდე ადამიანისგან შემდგარი ადგილობრივი თემი მოახერხებს ამ ტრავმის დაძლევას:

„ძალიან ბევრი ადამიანი დაშავდა და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ხვალ აქ აღარ იქნება. ამდენად, თქვენი ლოცვები მნიშვნელოვანია. ეს ძალიან, ძალიან ძლიერი თემია. ჩვენ მოვახერხებთ ამის დაძლევას. ეს, ალბათ, ყველაზე ძლიერი, ყველაზე დამანგრეველი რამაა, რაც კი ამ თემს თავს გადახდენია, მაგრამ ჩვენ ყველაფერს თავიდან ავაშენებთ. ეს არ არის სამყაროს დასასრული. ეს მხოლოდ დიდი, ღრმა ჭრილობაა, რომელიც ჩვენს გულებში დარჩება. ჩვენ ყველას მოვძებნით და უზრუნველვყოფთ იმას, რომ არავინ დაიკარგოს. ახლა ესაა ყველაფერზე მნიშვნელოვანი“.

ადგილზე გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანდა ძლიერი აფეთქება, კვამლი და ცეცხლის ალი.

საავადმყოფოს წარმომადგენლების თქმით, დაშავებულთა ნაწილს სერიოზული დამწვრობები აქვს მიღებული.

აშშ-ის გეოლოგიური კვლევის ცენტრის ცნობით, აფეთქებამ 2.1 სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები გამოიწვია.
XS
SM
MD
LG