Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ამერიკელი მეგობრები ეხმარებიან


ნიუ-იორკში, საქველმოქმედო ფონდ "საქართველოს ამერიკელი მეგობრების" 20 წლის იუბილე ამერიკის უკრაინის ინსტიტუტში აღინიშნა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი მარუსია ჭავჭავაძეა, რომელიც რუსეთის მეფის ნიკოლოზ პირველის და გიორგი მეთორმეტის შთამომავალია, ალექსანდრე ჭავჭავაძის პირდაპირი შტოს წარმომადგენელი. ფონდის იუბილეზე ცნობილი ქართველი მხატვრების და ხელოვნების სხვა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.

ამერიკელი მეგობრები საქართველოში მცხოვრები ეგრეთ წოდებული ქუჩის ბავშვების პრობლემებისთვის, ლეიკემიით და სიმსივნით დაავადებული პაციენტებისთვის, კონფლიქტის ზონაში მცხოვრებთათვის, უპოვარი მოხუცებისთვის უკვე 20 წელია ზრუნავენ. თავიდან ფონდი კონსტანტინ, იგივე კონი სიდამონ-ერისთავმა დააფუძნა. მასთან ერთად იყვნენ ოთარ ზალდასტანიშვილი და ოთარ შალიკაშვილი. იმიგრაციაში მყოფმა ქართველებმა მეგობარი ამერიკელების მობილიზება და საქართველოს სოციალურ თუ ჯანდაცვის საკითხებზე ყურადღების მიპყრობა შეძლეს. კონსტანტინ სიდამონ-ერისთავი გარემოს დამცველი იყო და გარკვეული ხანი ნიუ-იორკის ვიცე-მერის პოსტიც ეკავა, თუმცა სამი წლის წინ გარდაიცვალა. უფრო მანამდე , 2005 წელს კი ოთარ ზალდასტანიშვილი გარდაიცვალა, რომელიც მსოფლიოს მერვე საოცრების " პალმა ჯუმეირას" დამპროექტებელია. მარუსია ჭავჭავაძე, რომელშიც რომანოვების და ჭავჭავაძეების სისხლია, დღეს ფონდის ხელმძღვანელია.

მარუსია ჭავჭავაძე
მარუსია ჭავჭავაძე

მარუსია ჭავჭავაძე ყვება, რომ ამ სამსახურში კონი სიდამონ-ერისთავმა დაუძახა და უთხრა-წადი საქართველოში და ნახე რა სჭირდება ხალხს ჩვენგან. "მეც წავედი საქართველოში. რამხელა დრო გავიდა, 20 წლის წინ არავის გვიფიქრია, რომ ფონდი ამდენ ხანს იარსებებდა"-ამბობს ის.

დღემდე ფონდმა არაერთი საქველმოქმედო პროექტი განახორციელა საქართველოში. მისი წარმომადგენელი საქართველოში ლენა კილაძე საუბრობს.

ლენა კილაძე: მართლაც უნიკალური პროექტებია განხორციელებული. მუშაობა ქუჩის ბავშვებთან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატარებთან, მათ, რომელთაც აქვთ ლეიკემიის და სიმსივნური პრობლემები და ასევე მოხუცებთან. შეიქმნა შინ მოვლის სამსახური და ასევე ჰოსპისის სამსახური, რომელიც ფერისცვალების მონასტრის ბაზაზე ხორციელდება. ეს სამსახურები უკვე 100-ზე მეტ უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ მოხუცებულს ეხმარება. მნიშვნელოვანია ასევე ნიქოზში, კონფლიქტის ზონაში მდებარე სოფელში მშობელთა სახლის შენობის და კომუნიკაციის ცენტრის მშენებლობა.

ამერიკელ მეგობრებთან ერთად, ფონდის იუბილეს გაეროში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი კახა იმნაძე და ნიუ-იორკში გენერალური კონსული დიანა ჟღენტი დაესწრნენ.

დიანა ჟღენტი: ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ქართულ საზოგადოებაში გაგვერცელებინა ეს ინფორმაცია, რომ საქართველოს უფრო მეტი მოქალაქე, ვინც აქ ცხოვრობს, და არა მარტო ამერიკელი საქართველოს მეგობარი და მხარდამჭერი ყოფილიყო მონაწილე ამ საღამოსი.

ფონდის ოცი წლის იუბილეზე ქართველი მხატვრების-გია გუგუშვილის, ქეთი მატაბელის და ლევან მარგიანის ნამუშევრები გამოფინეს. ამერიკის უკრაინის ინსტიტუტში მისულ მეგობრებს ქართული ღვინით და ნიუ-იორკის ქართული რესტორნის "ოდას" კერძებით გაუმასპინძლდნენ. საღამოზე მოწვეული იყო მსოფლიოში ცნობილი პიანისტი ქეთევან ქართველიშვილი, რომელიც ამ ღონისძიებისთვის სპეციალურად ინდიანის შტატიდან ჩამოვიდა.

XS
SM
MD
LG