Accessibility links

ავღანეთში გაეროს მხარდამჭერმა მისიამ სამშაბათს გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ასახულია გარკვეული წინსვლა ძალადობისაგან ქალების დასაცავად სამი წლის წინ მიღებული კანონის განხორციელების მხრივ. მაგრამ ქაბულში სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე, გაეროს მისიის წარმომადგენელმა, ჟორჟეტ განიონმა გამოთქვა შეფასება, რომ კანონი ყოველთვის არ ხორციელდება.

„მიუხედავად იმისა, რომ პროკურორები და მოსამართლეები სულ უფრო ხშირად ხელმძღვანელობდნენ ამ კანონით ქალთა წინააღმდეგ ძალადობის შემთხვევებში, რომელთა შესახებაც სულ უფრო ხშირად ხდება ცნობილი, მთლიანობაში, კანონის განხორციელების მაჩვენებელი დაბალია, რაც მიანიშნებს, რომ ავღანეთში ქალებსა და გოგონებს კიდევ გრძელი გზა აქვთ გასავლელი, ვიდრე ამ კანონით იქნებიან დაცული ძალადობისაგან“, განაცხადა ავღანეთში გაეროს მხარდამჭერი მისიის ადამიანის უფლებათა განყოფილების დირექტორმა, ჟორჟეტ განიონმა.
ქალთა წინააღმდეგ ძალადობის ფაქტები, უმეტესწილად, კვლავაც არ ხმაურდება კულტურით განპირობებული შემაკავებელი ფაქტორების ...

გაეროს მისიის მონაცემებით, ავღანეთში იმატა იმ შემთხვევების რიცხვმა, როცა ქალები არ მალავენ მათ მიმართ ძალადობის ფაქტებს. ეს ტენდენცია დადებითად ფასდება, რადგან ქალებს, ჩვეულებრივ, ეშინიათ ძალადობის ამბის გახმაურების.

ჟორჟეტ განიონი როგორც აღნიშნავს, ანგარიში სრულად არ ასახავს ავაღნეთში ქალების წინააღმდეგ ძალადობის მასშტაბს. „ქალთა წინააღმდეგ ძალადობის ფაქტები, უმეტესწილად, კვლავაც არ ხმაურდება კულტურით განპირობებული შემაკავებელი ფაქტორების, სოციალური ნორმებისა და ტაბუს, წეს-ჩვეულებებისა და ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის გამო. ამას გარდა, უსაფრთხოების დაბალი ხარისხი და კანონის უზენაესობის არარსებობა ქალებს ხელს უშლის, მიმართონ ოფიციალურ სამართლებრივ ინსტიტუტებს“, - ასეთ მიზეზებს ჩამოთვლის გაეროს მისიის თანამშრომელი.

ავღანეთში ადამიანის უფლებების დამოუკიდებელ კომისიას მიმდინარე წლის შვიდი თვის განმავლობაში, მარტიდან ოქტომბრამდე, აღრიცხული აქვს ქალთა მიმართ ძალადობის 4010 შემთხვევა, რაც ორჯერ აღემატება წინა 12 თვის მაჩვენებელს. მაგრამ, როგორც გაეროს მისიის ანგარიშის ავტორები ამბობენ, ამ შემთხვევების სულ რამდენიმე პროცენტია დამთავრებული ძალადობაში ბრალდებულის გასამართლებით.

ქალების მიმართ ძალადობის ყველაზე გავრცელებულ ფორმებად მიჩნეულია ცემა და დაჭრა. მაგრამ ბოლოხანს იზრდება ოჯახური ღირსების მოტივით მკვლელობების რიცხვი, ანუ სულ უფრო ხშირად კლავენ ქალებს იმის გამო, რომ მათ „ოჯახი შეარცხვინეს“, დავუშვათ, ქმრის ღალატით.

გაეროს მისიის წარმომადგენელი, ჟორჟეტ განიონი ავღანეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, გაცილებით უფრო აქტიური მოქმედებისაკენ ქალებისა და გოგონების დასაცავად.

ქალთა უფლებების დაცვის მხრივ წინსვლა მიჩნეულია ერთ-ერთ მთავარ მონაპოვრად მას შემდეგ, რაც 2001 წელს ავღანეთში საერთაშორისო კოალიციის სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაემხო თალიბანის მმართველობა. ახლა შიშობენ, რომ ქალების მდგომარეობის კვლავ გაუარესება მოჰყვება 2014 წლის მიწურულს ავღანეთიდან უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების ძირითადი ნაწილის გაყვანას.
XS
SM
MD
LG