Accessibility links

logo-print

ავღანელი ლიდერები ვაშინგტონში საკვანძო შეხვედრებს მართავენ


ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი და მთავრობის მეთაური აბდულა აბდულა ამ კვირაში ვაშინგტონში იმყოფებიან და მოსალოდნელია, რომ ობამას ადმინისტრაციას ამერიკული ჯარების გაყვანის ტემპების გადახედვას სთხოვენ.

ავღანეთის ლიდერები, ღანი და აბდულა პენტაგონში თავდაცვის მდივან ეშტონ კარტერს შეხვდნენ. მოგვიანებით, ამერიკის მთავრობის კაბინეტის სამ მდივანთან, თავდაცვის, სახელმწიფო და ხაზინის, და ეროვნული უსაფრთხოების სხვა ოფიციალურ პირებთან გამართავენ მოლაპარაკებებს.

სამშაბათს, ავღანელი ლიდერები პრეზიდენტ ობამას და ვიცე პრეზიდენტ ბაიდენს შეხვდებიან, ასევე მივლენ არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე, სადაც ავღანეთის ომის ბევრი ამერიკელი ვეტერანი განისვენებს. ოთხშაბათს ღანი კონგრესის გაერთიანებულ სხდომას სიტყვით მიმართავს. ხუთშაბათს ავღანეთის ლიდერები ნიუ იორკში გაეროს ოფიციალურ პირებს შეხვდებიან.

ქაბულიდან გამომგზავრების წინ, ავღანეთის ლიდერმა თქვა, რომ მას ესმის თუ ამერიკაში რამდენად მგრძნობიარედ აღიქვამენ ჯარების გაყვანის ტემპების შენელებას. 13 წლიანი კონფლიქტის შემდეგ, ავღანეთში ამერიკული ჯარების რიცხვი ამჟამად 9800-ია.

ღანი ამბობს:

„ამერიკული ჯარების რაოდენობა შეერთებული შტატების შიდა პოლიტიკის ძალიან რთული საკითხია. ამაში ჩაღრმავება არ გვსურს. ჩვენ განვმარტავთ არსებულ პირობებს, განვმარტავთ რას ვაკეთებთ და როგორ ვახდენთ ოპტიმიზაციას. ამის შემდეგ შიდა პროცესი თავისით მიმდინარეობს და ვღებულობთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ჩვენს, გლობალურ და შეერთებული შტატების უსაფრთხოებისსაჭიროებებს პასუხობს.“

სი ენ ენ -ის კვირის გადაცემაში ღანიმ იმ ექსტრემისტებისგან მომდინარე იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რომლებსაც ავღანეთი ყოველდღიურად განიცდის. ისინი ავღანეთის წინააღმდეგობას თუ დაძლევენ, საფრთხეს მთელ მსოფლიოს შეუქმნიან.

ახლა, როცა ნატო-ს საბრძოლო მისია დამთავრებულია, ობამას ადმინისტრაციამ წლის ბოლოსთვის ამერიკული ჯარების რიცხვის 5500-მდე შემცირება დაგეგმა. 2017 წლის დასაწყისში, როცა ობამა პრეზიდენტის პოსტს დატოვებს, მათი რაოდენობა კიდევ უფრო ნაკლები იქნება.

პარასკევს, თეთრი სახლის პრეს მდივანმა ჯოშ ერნესტმა თქვა, რომ ობამა ეროვნული უსაფრთხოების გუნდისგან და სამხედრო მეთაურებისგან იღებს ინფორმაციებს ჯარების გამოყვანის შესაბამისი ტემპების და ბაზების დაკეტვის შესაბამისი თანმიმდევრობის შესახებ.

„ვფიქრობ გონივრული იქნება, თუ ჩვენი ჯარების ყოფნის შესახებ გადაწყვეტილებებს უსაფრთხოების სიტუაციიდან გამომდინარე მივიღებთ და შეერთებული შტატები ავღანეთის უსაფრთხოების სიტუაციაზე პასუხისმგებელი აღარ არის. მაგრამ შეერთებული შტატები დაინტერესებულია იმის უზრუნველყოფით, რომ ადგილზე მყოფი ძალების უსაფრთხოებისთვის საჭირო ჯარები გვყავდეს. იმის გამო, რომ ავღანეთში ჯერ კიდევ მოქმედებენ ექსტრემისტული ელემენტები, რომლებიც ჩვენს ინტერესებს საფრთხეს უქმნიან, გვსურს იმის უზრუნველყოფა, რომ ავღანეთში კონტრტერორისტული საქმიანობის საშუალებები გვქონდეს.“

ავღანეთში ნატო-ს ძალების სარდალმა, არმიის გენერალმა ჯონ კემპბელმა ცოტა ხნის წინ ამერიკელ კანონმდებლებს უთხრა, რომ სურს ავღანეთის უსაფრთხოების ძალების წვრთნის ახალი მისია სრული საბრძოლო სეზონის განმავლობაში ჩაატაროს. ის ამბობს, რომ ჯარების რიცხვის 5500-მდე შემცირება ამ მისიიდან ყურადღების გადატანას გამოიწვევს და ამიტომ გარკვეული ცვლილებების შეტანა მნიშვნელოვანია.

XS
SM
MD
LG