Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქმრის ღალატისთვის საჯაროდ დასჯის ფაქტს ავღანეთის ხელისუფლება გამოიძიებს


ქმრის ღალატისთვის საჯაროდ დასჯის ფაქტი
ქმრის ღალატისთვის საჯაროდ დასჯის ფაქტი
ავღანეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება მკვლელობის საქმისა, რომელშიც თალიბანის წარმომადგენლები არიან ეჭვმიტანილნი. საქმე ეხება ჩრდილოეთ ავღანეთში ქმრის ღალატისთვის ქალის საჯაროდ სიკვდილით დასჯას. „როიტერსის“ სააგენტოს ხელში ჩაუვარდა ვიდეოკადრები, რომლებიც მსოფლიომ ნახა და სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, ქმრის ღალატში შემჩნეული ქალის სიკვდილით დასჯაა ასახული - კადრებზე ჩანს როგორ ესვრიან ქალს უკნიდან თავში რამდენიმე ტყვიას. ამ ამბავს ესწრება ბრბო, სოფლის მცხოვრებლები, რომლებიც სიკვდილით დასჯის აქტს დადებითი შეძახილებით ხვდებიან. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა - სედიყ სედიყმა - პირობა დადო, რომ გამოძიება მიაკვლევს თალიბებს, რომლებმაც განახორციელეს ეს აქტი:

„ჩვენ საფუძვლიანად გამოვიძიებთ ამ საქმეს და მივაგნებთ დამნაშავეებს, თალიბებს, რომლებიც ძალადობის, ტერორიზმის ამ საზარელი ქმედების უკან დგანან. ასეთ ქმედებას სხვას ვერაფერს უწოდებ.“

წერილობით განცხადებაში პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ „საზარელი და მიუტევებელი“ უწოდა მკვლელობას. კარზაის თანახმად, ასეთი დანაშაული „მიუტევებელია ისლამის წმინდა რელიგიისა“ და ავღანეთის კანონის მიხედვით. ავღანეთში ნატოს ჯარების სარდალმა, აშშ-ის გენერალმა ჯონ ალენმა მკვლელობას „ენით გამოუთქმელი სისასტიკით“ ჩადენილი ბოროტმოქმედება უწოდა.

ჩვენ საფუძვლიანად გამოვიძიებთ ამ საქმეს და მივაგნებთ დამნაშავეებს, თალიბებს, რომლებიც ძალადობის, ტერორიზმის ამ საზარელი ქმედების უკან დგანან ...
სედიყ სედიყი

ინციდენტი მოხდა სოფელში, რომელიც პარვანის პროვინციაში, ქაბულიდან ას კილომეტრში მდებარეობს. საჯაროდ სიკვდილით დასჯა თალიბანის მმართველობის დროს გავრცელებული იყო, მაგრამ ამ ქვეყანაში საერთაშორისო ჯარის შესვლის შედეგად მათი ძალაუფლების დამხობიდან მე-11 წელს რომ იგივე ხდება, შეშფოთებას იწვევს არამარტო ავღანეთში. პარვანის პროვინციის ქალთა საქმის ოფისის ხელმძღვანელი შაჯან იაზდანპარასტი ამბობს, რომ თალიბების დროს ქალები საშინლად იჩაგრებოდნენ: „ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ მათი ხელისუფლება თუ დაბრუნდა, არ ვიცი რა მოხდებაო“, ამბობს შაჯან იაზდანპარასტი.

ამავე პროვინციის გუბერნატორმა, ბასირ სალანგიმ განაცხადა, რომ ვიდეო ერთი კვირის წინაა გადაღებული სოფელ ყიმშოკში, შირვანის რაიონში. სალანგის თანახმად, თალიბანის ორი მეთაური სქესობრივ კავშირში იყო ქალთან. „შეიძლება გააუპატიურეს ან შეიძლება სასიყვარულო კონტაქტი ჰქონდათ და შემდეგ გადაწყვიტეს ეწამებინათ და მოეკლათ, რათა დავა ასეთი გზით მოეგვარებინათ“, ვარაუდობს გუბერნატორი. თალიბანის წარმომადგენელმა გერმანიის ახალი ამბების სააგენტოს უთხრა, რომ მეამბოხეებს ამ საქმესთან კავშირი არა აქვთ. ავღანეთში ხალხი ხანდახან მიმართავს ხოლმე თალიბანს სადავო საკითხების მოსაგვარებლად, რადგან ოფიციალური სამთავრობო მართლმსაჯულების უწყებები ან კორუმპირებულია, ან უმოქმედო. თალიბანის სასამართლო ეფუძნება შარიათის პრინციპს, რომელიც დასჯის ერთ-ერთ ფორმად ჩაქოლვას ან დახვრეტას ითვალისწინებს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG