Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ალ ყაიდის“ მეთაური ალ-ზავაჰირი გახდა


აიმან ალ-ზავაჰირი
აიმან ალ-ზავაჰირი
„ალ ყაიდასთან“ დაკავშირებულმა საინტერნეტო ვებგვერდმა გაავრცელა ცნობა, რომ ამ ტერორისტული ქსლის ახალი მეთაური ეგვიპტეში დაბადებული აიმან ალ-ზავაჰირი გახდება, ანუ ის შეცვლის ოსამა ბინ ლადენს, რომელიც აშშ-ის სპეცრაზმმა მაისში გაანადგურა პაკისტანში.

ოსამა ბინ ლადენი „ალ ყაიდას“ დიდხანს მართავდა, სანამ მას პაკისტანში არ მიაგნეს. როგორც ტერორისტულ ქსელთან კავშირის მქონე საინტერნეტო ვებგვერდი იუწყება, მსჯელობის შემდეგ, „ალ ყაიდის“ უზენაესმა სამეთაურო ჯგუფმა თავისი გადაწყვეტილება გამოაცხადა. ალ ზავაჰირის მმართველობისას „ალ ყაიდა“ გააგრძელებს ჯიჰადს ანუ წმინდა ომს იმ, როგორც ის უწოდებს, ურწმუნოებთან, რომელთაც აშშ და მისი მორჩილი ისრაელი უძღვება, და მათი მომხრეების წინააღმდეგ. განცხადებაში, რომელიც ვებგვერდმა გამოაქვეყნა, გამოთქმულია მხარდაჭერა ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში გამოსვლების მიმართ. იქვე მოუწოდებენ მაჰმადიანებს, აღდგნენ და მტკიცედ და თავდადებით გააგრძელონ ბრძოლა, სანამ არ წავა ყველა კორუმპირებული და მჩაგვრელი რეჟიმი, რომლებსაც დასავლეთი უმაგრებდა ზურგს. ივნისის დასაწყისში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ალ -ზავაჰირი იმუქრება, ოსამა ბინ ლადენი აშშ-ს სამარიდანაც კი მოჰგვრის შიშსო:

„შეიხი, ღმერთმა შეიწყალოს ის, წავიდა თავის ღმერთთან, როგორც წამებული. ჩვენ მისი საქმე, წმინდა ომი, უნდა გავაგრძელოთ. დამპყრობლები უნდა განვდევნოთ მუსლიმთა ქვეყნიდან და ის უსამართლობისგან განვწმინდოთ.“

აიმან ალ- ზავაჰირი, როგორც ითქვა, ეგვიპტეშია დაბადებული და „ალ ყაიდაში“ მეორე პირად ითვლებოდა. მიიჩნევდნენ ასევე, რომ ის შეცვლიდა ბინ ლადენს. ალ-ზავაჰირი 60-ს უნდა იყოს მიტანებული. მისი ადგილსამყოფელი არავინ იცის. ვარაუდობენ, რომ პაკისტან-ავღანეთის საზღვრისპირა არეალში უნდა ბინადრობდეს. აშშ-ის მიერ ძებნილ ტერორისტთა სიაში ის პირველ ადგილზეა. დაწესებულია 25 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო იმისთვის, ვინც მის ადგილსამყოფელს გაამხელს. აშშ-ის სამართალდამცავი უწყებები აცხადებენ, რომ მას უნდა ეთამაშა გარკვეული როლი 1998 წელს ტანზანიასა და კენიაში აშშ-ის საელჩოებზე თავდასხმისას. ალ-ზავაჰირი ეგვიპტის მაღალი თუ საშუალო კლასის ოჯახიდანაა, ტაიროს უნივერსიტეტი დაამთავრა და დოქტორის ხარისხი მიიღო. ის საპატიმროშიც იმყოფებოდა სამ წელიწადს იმის გამო, რომ შეიარაღებულ ჯგუფში ირიცხებოდა. 1980-იან წლებში შეხვდა ის ბინ ლადენს და მასთან ერთად ებრძოდა საბჭოთა ოკუპაციას ავღანეთში. 1990-იან წლებში სათავეში ჩაუდგა ეგვიპტეში მოქმედ ისლამური ჯიჰადის ჯგუფს, რომლის მიზანი ისლამური სახელმწიფოს შექმნა იყო. ჯგუფი მოგვიანებით „ალ ყაიდას“ შეერწყა. 1999 წელს ეგვიპტის სასამართლომ მას დაუსწრებლად მიუსაჯა სიკვდილი. ალ ზავაჰირი ბინ ლადენთან ერთად იყო სუდანში და იქიდან ორივე ერთად დაბრუნდა ავღანეთში, სადაც მათ „თალიბანის“ რადიკალურ რეჟიმს შეაფარეს თავი.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG