Accessibility links

logo-print
ავღანეთს მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერის სამწუხარო პოზიცია ეკუთვნის დედათა და ახალშობილთა სიკვდილიანობის მაჩვენებლებით. მაღალმთიანი რეგიონების სიშორე სამედიცინო ცენტრებიდან და უხეირო გზები ხშირად საბედისწერო დაბრკოლებებს ქმნის „მძიმე მშობიარობის“ შემთხვევაში. მაგრამ ბოლოხანს ისეთი სატრანსპორტო საშუალება ჩააყენეს სასწრაფო დახმარების სამსახურში, რომელსაც, ჩვეულებრივ, გრძელი და უხეირო გზების დაძლევა არ უჭირს.

სატრანპორტო საშუალება, რომელსაც დიდ იმედებს უკავშირებენ ორსული ქალების სამედიცინო ცენტრებში მისაყვანად, სახედარი გახლავთ, ავღანეთში ფართოდ გავრცელებული შინაური ცხოველი. ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია „ჰელსპრომმა“ და გამომგონებელმა პიტერ მაკლმა შექმნეს გასაბერი უნაგირი, რომლის წყალობითაც, სახედარზე ამხედრებული ორსული ქალისთვის ნაკლებად უსიამოვნო ხდება გრძელი, ოღრო-ჩოღრო გზის გავლა სამედიცინო ცენტრში ჩასაღწევად.

ავღანეთში სწორედ სათანადო ტრანსპორტის არარსებობაა მთავარი მიზეზი, რომლის გამოც ბევრი ორსული ექიმებთან წასვლას შინ მშობიარობას ამჯობინებს. არადა, თუ მშობიარობა გართულდა, უექიმოდ დედა-შვილის გადარჩენის მცირე შანსი თუ რჩება.

პიტერ მაკლი თავის გამოგონებას აქებს, როგორც მსუბუქ და კომფორტაბელურ მოწყობილობას ორსული ქალებისათვის: „ორგანიზაცია „ჰელსპრომმა“ დაადგინა, რომ ქალებისთვის არ არსებობდა კომფორტაბელური გზა სამშობიაროდ სხვა ადგილას ჩასასვლელად. მათ დაადგინეს ისიც, რომ თუ ქალები სამედიცინო ცენტრებში იმშობიარებდნენ, გადარჩენის გაცილებით მეტი შანსი ექნებოდათ“.

საბოლოო ვერსია კონცეფციისა „სასწრაფო დახმარების სახედარი“ გასულ თვეში წარმოადგინეს ლონდონში, იაფი, ხარჯების დაზოგვის პრინციპს მორგებული სამედიცინო ტექნიკის გამოფენაზე.

პიტერ მაკლის გამოგონება ითვალისწინებს უნაგირზე სახელურების, გასაბერი ბალიშებისა და გასაბერი ლეიბის ელემენტების დამაგრებას. სულ, განსხვავებული დიზაინისა და ზომის ოთხი პროტოტიპი შეიქმნა, რომელიც განვლილი წლის განმავლობაში გამოსცადეს ჩრდილოეთ ავღანეთში მდებარე ბალხის პროვინციაში - რაიონში, რომელსაც ჩარკენტი ჰქვია. საბოლოო დიზაინისათვის ოთხივე პროტოტიპის საუკეთესო ელემენტები შეირჩა.

ექიმ აზადა ფარსას, რომელიც ბალხის პროვინციის დედაქალაქ მაზარ ე შარიფში ხელმძღვანელობს ორგანიზაცია „ჰელსპრომის“ პროექტს, ახარებს, მისივე თქმით, „ძალიან პოზიტიური გამოხმაურება“: „ვირის უნაგირი ძალიან უსაფრთხოა და ორსულ ქალს იცავს სამედინიცო ცენტრში გადაყვანისას. ისინი ძალიან კმაყოფილი არიან უნაგირით და სულ ასე მოდიან სამედიცინო ცენტრში, როცა მშობიარობა ეწყებათ“.

ჩარკენტში სამედიცინო ცენტრამდე ან ბებიაქალთან მისვლას ზოგჯერ ოთხი საათი სჭირდება - ხანდახან ღამით, მოუხერხებელ და სახიფათო გარემოში. ექიმი ფარსა იმედოვნებს, რომ სულ უფრო მეტი ქალი გადაწყვეტს თუნდაც გრძელი გზის გავლას იმის ნაცვლად, რომ შინ იმშობიაროს, არაჰიგიენურ პირობებში, კომპეტენტური პირის დახმარების გარეშე.

ორგანიზაცია „ჰელსპრომი“ ახლა დონორებს ეძებს სახედრის უნაგირების დასამზადებლად და ავღანეთის სოფლებში დასარიგებლად. თითო უნაგირი 120 დოლარი ჯდება.

გეგმით, მომავალი წლიდან ადგილზევე დაამზადებენ უნაგირის ყველა კომპონენტს. გამომგონებელი პიტერ მაკლი დარწმუნებულია, რომ ვინც მოინდომებს, ყველა შეძლებს ვირის უნაგირის დამზადებას: „მე შევქმენი მოდელი. ასე რომ, ეს არ არის ნივთი, რომელიც გვინდა ვინმეს მივყიდოთ, როგორც უნაგირი. არა, ხალხს ვაძლევთ მოდელს მისი ასლების დასამზადებლად. ამიტომ ჩანაფიქრი ასეთია: შეიქმნას მარტივი მოდელი, რომელიც ძალიან გამოსადეგია და რომელიც ადამიანს შეუძლია თვითონვე დაამზადოს“ - დაამზადოს და გამოიყენოს სასწრაფო დახმარების სახედრისთვის.

ეს ის შემთხვევაა, როცა ვირს უნაგირი უხდება.
XS
SM
MD
LG