Accessibility links

logo-print

ჯონ კერი ავღანეთში ვითარების განმუხტვას შეეცადა


ჯონ კერი და ჰამიდ კარზაი

ჯონ კერი და ჰამიდ კარზაი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ავღანეთში ჩავიდა, სადაც ორ მეტოქეს, აბდულა აბდულასა და აშრაფ ღანს შორის, საპრეზიდენტო არჩევნების განმეორებითი ტურის შედეგებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო, კვლავ გრძელდება დაპირისპირება. კერიმ გამოთქვა რწმენა, რომ არჩევნების თაობაზე დისპუტი მალე დამთავრდება და ავღანეთს ნდობით აღჭურვილი მთავრობა ეყოლება.

„ცხადია, ჩვენ ღრმად გვწამს, რომ არჩევნებთან დაკავშირებული პრობლემა შეიძლება გადაიჭრას და გადაიჭრება კიდეც სწრაფად და მიღებული გადაწყვეტილება ავღანელ ხალხს დაარწმუნებს, რომ მათ ჰყავთ პრეზიდენტი და მთავრობა, რომელთაც შესწევთ ძალა ყველა ავღანელი გააერთიანონ და ქვეყნის მომავალი ააშენონ“.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის განცხადებით, კერი შეხვდა ავღანეთის პრეზიდენტობის ორივე ძირითად კანდიდატს, აბდულა აბდულასა და აშრაფ ღანის, და ავღანეთის მოქმედ პრეზიდენტს ჰამიდ კარზაის. 14 ივნისს გამართული მეორე ტურის წინასწარი შედეგების თანახმად, ღანის კანდიდატურას ხმა მისცა ამომრჩეველთა 56.44 %-მა, რასაც არ აღიარებს აბდულა აბდულა. აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან შეხვედრაზე აშრაფ ღანიმ განაცხადა, რომ იგი ემხრობა ხმების როგორც „ინტენსიურ, ისე ექსტენსიურ“ აუდიტს:

„იმავდროულად, პირველივე დღიდან, როდესაც ჩვენი კანდიდატურები წამოვაყენეთ, ჩვენ ყველა ძალის მონაწილეობით შედგენილ მთავრობას ვუჭერდით მხარს - მთავრობას, რომელიც ყველა ავღანელის წარმომადგენელი იქნება და რომელიც ისე მოემსახურება ავღანეთის მოქალაქეებს, როგორც ისინი კონსტიტუციის თანახმად იმსახურებენ“.

ამავდროულად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების გადათვლას ითხოვს პრეზიდენტობის კანდიდატი აბდულა აბდულა. წინასწარი მონაცემებით, ოფიციალურ გადასინჯვას შესაძლოა 3 მილიონი ბიულეტენი დაექვემდებაროს. პრეზიდენტობის კანდიდატ აბდულა აბდულას თანამებრძოლი და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი მოჰამედ მოჰაკიკი დასაშვებად მიიჩნევს ერთი წლით გარდამავალი მთავრობის ფორმირებას, თუ ხმებთან დაკავშირებული დავა ვერ გადაწყდა.

კერის ვიზიტის პარალელურად, ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, გზაზე დამონტაჟებული ნაღმის აფეთქების შედეგად 7 პოლიციელი დაიღუპა ქვეყნის დასავლეთში. გუბერნატორ საიდ ანვარ რაჰმათის ცნობით, ინციდენტი პროვინციის ერთ-ერთ ოლქში მოხდა. აფეთქებას წინ უძღოდა თალიბანის მებრძოლებსა და ავღანეთის პოლიციის რაზმს შორის შეიარაღებული შეტაკება, რომლის დროსაც, სავარაუდოდ, რვა ექსტრემისტი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG