Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროტესტი ავღანეთში ლინჩის წესით გასამართლებისათვის


ქაბულში 23 მარტს ასობით ადამიანმა მოითხოვა სამართლიანობა ახალგაზრდა ქალისთვის, რომელიც ლინჩის წესით გაასამართლეს.

27 წლის ფარხუნდა ქაბულში ცხოვრობდა, რელიგიური სასწავლებლის სტუდენტი იყო. 19 მარტს ის, ყურანის დაწვის ბრალდებით, ლინჩის წესით გაასამართლეს. ქაბულის ერთ-ერთ მეჩეთთან ბრბომ ცემით მოკლა ახალგაზრდა ქალი, მისი გვამი დაწვა და მდინარეში გადააგდო.

პოლიციის ცნობით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ მან მართლაც დაწვა ყურანი. შინაგან საქმეთა მინისტრმა ნურულჰაკ ულუმიმ 23 მარტს „სრულიად გაუმართლებელი“ უწოდა ფარხუნდასთვის წაყენებულ ბრალდებას. მისი თქმით, ფარხუნდა „რელიგიური გოგო იყო, არაფერი ჰქონდა საერთო ყურანის დაწვასთან, ის უდნაშაულო იყო“.

ქაბულში დემონსტრანტებმა გადაკეტეს ქუჩა მეჩეთთან, სადაც ინციდენტი მოხდა, და ჩაიარეს მდინარის გასწვრივ - იმ ადგილიდან, სადაც თავდასხმა დაიწყო, იმ ადგილამდე, სადაც ფარხუნდას ცეცხლი წაუკიდეს. დემონსტრანტებს შორის ბევრ ქალს ეკეთა ნიღაბი ფარხუნდას დასისხლიანებული სახის გამოსახულებით. ეს სურათი სოციალური მედიით გავრცელდა.

„შეძრწუნებული ვარ, რომ ყოველგვარი დაზუსტებული ინფორმაციის გარეშე ბრბო სასტიკად გაუსწორდა ქალს და დაწვა ის, მისი გვამი კი ქაბულის მდინარეში გადააგდო. ვეკითხებით მთავრობასა და პოლიციას, რატომ მოხდა ეს ინციდენტი. აქ მოვედით ქალის დასაცავად ... და სამართლიანობის მოსათხოვად“ , უთხრა საპროტესტო აქციის მონაწილე მალიჰა არღავანმა საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ კორესპონდენტს.

„გადაჭრით ვგმობ ამ სასტიკ აქტს და მას არაადამიანურად და ამორალურად მივიჩნევ“, თქვა აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ, ზოჰრულა რაჰმანმა.

ლინჩის წესით გასამართლებული ქალი 22 მარტს დაკრძალეს. ის ქალთა უფლებების დამცველმა აქტივისტებმა გადაასვენეს სასაფლაოზე და ამ ჟესტით დემონსტრაციულად გაემიჯნენ ავღანურ ტრადიციას, რომლის მიხედვითაც მიცვალებულს მხოლოდ მამაკაცები მიასვენებენ.

მკვლელობა დაგმო ავღანეთის პრეზიდენტმა, ამჟამად შეერთებულ შტატებში ვიზიტად მყოფმა აშრაფ ღანიმ. ინციდენტთან დაკავშირებით 13 ადამიანი დააკავეს. ამას გარდა, სამსახურიდან მოხსნეს 13 პოლიციელი, რომლებმაც, ბრალდების თანახმად, არაფერი მოიმოქმედეს თავდასხმის შესაჩერებლად.

აქტივისტები აცხადებენ, რომ მიმდინარე კვირაში მეტ დემონსტრაციას გამართავენ ხელისუფლებაზე ზეწოლის გასაგრძელებლად, ქალთა უფლებების დაცვის, ძალადობისაგან ქალების დაცვის მოთხოვნით. ყურანის დაწვის ბრალდებას აქამდეც გამოუწვევია ძალადობრივი ინციდენტები ავღანეთში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG