Accessibility links

logo-print

„აფხაზეთი - ხელოვნება და ლიტერატურა“ - ასე ჰქვია სქელტანიან კრებულს, რომელიც აფხაზეთის დევნილი მთავრობის მხარდაჭერით ახლახან გამოიცა, პროექტის „20 წლის შემდეგ“ ფარგლებში. ყველა, ვინც ამ წიგნში მოხვდა, აფხაზეთშია დაბადებული. მათ შემოქმედებას ერთი საერთო ფესვი აქვს - აფხაზეთი. მწერლები, მუსიკოსები, მომღერლები, მხატვრები - ყველაფერი, ვისაც რა შეუქმნია ამ 20 წლის განმავლობაში, რაც ჩაწერილა ამ წლებში თითოეული მათგანის ბიოგრაფიაში, ამ წიგნშია თავმოყრილი.

რამდენიმე დღის წინ ჩემმა კოლეგამ, რადიო თავისუფლების რეპორტიორმა და, თან, მწერალმა თეა თოფურიამ რადიოში მოზრდილი ცისფერყდიანი წიგნი მოიტანა, გარეკანზე თეთრი ჩანახატით. სასტუმრო „აფხაზეთის“ შენობაა ეგ, სოხუმში იდგა, - თქვა მოკლედ, როგორც სჩვევია. „აფხაზეთი - ლიტერატურა და ხელოვნება“ - ესეც წიგნის სათაური. სქელტანიან კრებულში აფხაზეთის დევნილი მთავრობის კულტურისა და განათლების სამინისტრომ აფხაზეთში დაბადებული მწერლების, მუსიკოსებისა და მომღერლების, მხატვრების თუ კულტურის სხვა სფეროს წარმომადგენლების ნამუშევრებსა და ბიოგრაფიებს მოუყარა თავი. ერთ წიგნში ერთმანეთს შეხვდნენ ადამიანები, რომლებსაც დიდი ხანია ერთმანეთი აღარ უნახავთ. კრებულში თეას რამდენიმე ლექსიცაა შესული.

თეა სოხუმელია. მისი ოჯახი ომამდე ერთი წლით ადრე წამოვიდა აფხაზეთიდან. წიგნი რომ გადაშალა, შიგნით ბევრი შორეული ნაცნობი იპოვა, ბევრ უცნობსაც გადააწყდა. თეას ყველაზე მეტად აინტერესებდა, როგორ გააგრძელა აფხაზეთიდან წამოსულმა ხალხმა ცხოვრება, რისი შექმნა შეძლეს, რა არის მათი სათქმელი დღეს:

„ჩვენ ხომ ერთმანეთს ვერ ვხვდებით, ყველა გაფანტულია საქართველოს შიგნით და მის გარეთ. არ ვიცით, ვინ რას აკეთებს, ვინ რას ქმნის. მე, მაგალითად, ჩემი კლასელები 20 წელია აღარ მინახავს. ჩემთვის კი ამ წიგნის გამოსვლა იმით იყო საინტერესო, რომ ეს ხალხი ისევ ფეხზე დგას, ქმნის, წერს, ხატავს. ანალიზისთვის ძალიან საინტერესო თემა მგონია - ამხელა ტრაგედიის შემდეგ თავად მათ შემოქმედებაში როგორ აისახა ეს ომი, როგორ გააანალიზეს. და, მით უმეტეს, ერთად თავმოყრილი ამდენი ხელოვანი საერთო სურათს გაძლევს - აფხაზეთის თემა როგორ დამუშავდა ან აისახა ხელოვნებაში“.

თეა თოფურია

თეა თოფურია

„როგორ არ დამთავრდა
ყოველღამე ერთი და იგივეს დასიზმრება,
თითქოსდა მივდივარ სოხუმში...“

ეს ნაწყვეტია თეა თოფურიას ერთი ლექსიდან, რომელსაც „ ჩვენ უნდა“ ჰქვია. ლექსი იმაზეა, რა უნდა მომხდარიყო, რა მოხდებოდა, ომი რომ არ ყოფილიყო. მის მსგავსად, აფხაზეთის თემა სოხუმელ, ოჩამჩირელ, გუდაუთელ, გაგრელ, გულრიფშელ თუ აფხაზეთის სხვადასხვა ნაწილიდან გადმოხვეწილ ხელოვანთა შემოქმედების მარადიული თემაა - ხან ღიად, ხან შეფარულად. ხან ომზე, ხან მშვიდობაზე. თუმცა ამ კონკრეტულ კრებულში შესული ნამუშევრები ამ პრინციპით არ შეურჩევიათ.

როგორც წიგნის შემდგენელი ნატო კორსანტია ამბობს, ამ წიგნში თავი მოუყარეს აფხაზეთში დაბადებულ ხელოვანებს, რომლებიც საკუთარი ქალაქებისა და სოფლებისგან შორსაც აგრძელებენ მუშაობას.

წიგნში ერთად თავმოყრილმა ამდენმა ნაცნობმა სახემ, ზოგადად, აფხაზეთში დაბადებულთა შემოქმედებამ ოპერის ცნობილ მომღერალს, თემურ ელიავას, აფხაზეთიდან დევნილი მუსიკოსების თავმოყრისა და ერთობლივი კონცერტის ჩატარების იდეაც გაუჩინა.

ირაკლი მიზრახი სოხუმელი მხატვარია. ექვსი წლის იყო, როდესაც მისმა ოჯახმა აფხაზეთი დატოვა. იმისათვის, რომ ხატვა არ შეწყვიტოს და მასალის საყიდელი ფული ჰქონდეს, სხვა პროფესიებითაც უწევს მუშაობა - ანიმატორად, მსახიობად. წიგნში აფხაზეთიდან დევნილ ლიტერატორებსა და ხელოვანებზე მისი ორი ნამუშევარი შევიდა. თემატიკა შეზღუდული არ ყოფილა, არც საგანგებო მითითება მიუღიათ, რომ კრებულში აუცილებლად აფხაზეთის თემაზე შექმნილი ნამუშევარი უნდა შესულიყო. თუმცა, როგორც ირაკლი ამბობს, აფხაზეთში დაბადებულებს და გაზრდილებს რაზეც არ უნდა უწევდეთ მუშაობა, აფხაზეთი მუდამ თანმდევი ფიქრია, მუდმივი თემა და სადარდებელი:

„ხშირად უთქვამთ, როცა აფხაზეთის თემაზე და, ზოგადად, იქიდან წამოსვლის ტკივილზე ვწერ, ხატე ყვავილები, ხატე მსუბუქ თემებზეო. ჩემი პასუხი კი ყოველთვის ისაა, რომ ჩემი მაყურებლის და შემფასებლის წინაშე გულწრფელი და მართალი ვიყო. ყვავილი რომ დავხატო, ასეთი ვერ ვიქნები, თავიდანვე მკვდარი ნამუშევარი გამოვა“.

იმ გამოფენის კონცეფციაც ეს იყო, რომ არც ომს ეძღვნებოდა, არც მშვიდობას, უფრო იმ წლებს, ბავშვობის პერიოდს, რომელიც აფხაზეთში გავატარეთ. სწორედ იმ გამოფენის რამდენიმე ნამუშევარი შევიდა ამ კრებულში...

ირაკლი დღესაც იმ საერთო საცხოვრებლის პატარა ოთახში ცხოვრობს, რომელიც დევნილობის პირველ დღეებში მისცეს. იმ რამდენიმე კვადრატულ მეტრშია გაშლილი მისი ნამუშევრები, მათ შორის, ნაქსოვი ქანდაკებებიც. თუ რატომ ნაქსოვი, ამას ირაკლი თავად მოგვითხრობს:

„ახლა ქანდაკებების პერიოდი მიდგას შემოქმედებაში, თუმცა მასალა არ მაქვს. ამ მიზეზით ექსპერიმენტების კეთებამაც მომიწია და ბოლოს, ყველა მასალა და იდეა რომ ამოიწურა, ქანდაკებების ქსოვა დავიწყე... რა გვჭირდება მხატვრებს? ელემენტარული ჰაერი - პატარა სივრცე, რომ შევქმნათ. ფართი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, იმდენად პატარაა, რომ იქ სახელოსნოს ვერაფრით მოაწყობ. ქანდაკებები იქ მიდევს და, ფაქტობრივად, ცერად დავდივარ ხოლმე ოთახში“.

წიგნში აფხაზეთიდან დევნილი კიდევ ერთი წყვილის - მხატვრების, პაპუნა პაპასკირისა და ნინო კალანდიას - ნამუშევრებიცაა შესული გამოფენიდან „13/13“: ნინოს ქანდაკებები და პაპუნას ნახატები.

„იმ გამოფენის კონცეფციაც ეს იყო, რომ არც ომს ეძღვნებოდა, არც მშვიდობას, უფრო იმ წლებს, ბავშვობის პერიოდს, რომელიც აფხაზეთში გავატარეთ. სწორედ იმ გამოფენის რამდენიმე ნამუშევარი შევიდა ამ კრებულში“, - გვეუბნება პაპუნა.

ნინო კალანდიმ კი, რომელიც აფხაზეთიდან დევნილი ასევე ცნობილი პოეტების რენე კალანდიას შვილი და გენო კალანდიას ძმისშვილია, კრებულში შემთხვევით მამის მეგობარი ოთარ მიქაძეც აღმოაჩინა. ასეთი უეცარი შეხვედრები, მით უმეტეს, მრავალი წლის შემდეგ, მუდამ შეიცავს ამაღელვებელ მომენტებს, თითქოს ბავშვობაში ბრუნდებიო, გვეუბნება ნინო.

„სახელით და გვარით მახსოვდა, მაგრამ როცა ფოტოც ვნახე, მართლა ამაღელვებელი იყო ჩემთვის. მამას ბევრი ისეთი მეგობარიც ვიპოვე, ვინც დღეს აღარ არის და თითქოს ბავშვობაში დაბრუნდი“.

კარგი იქნება ეს წიგნი აფხაზურად თარგმნონ, ამბობს თეა თოფურია, აფხაზებმაც რომ უკეთესად დაგვინახონო.

XS
SM
MD
LG