Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალელები ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვის მოლოდინში


გალის რაიონის მცხოვრებლები შიშით ელოდებიან დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილების აღსრულებას. ამ გადაწყვეტილების მიხედვით, აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებული ხუთი საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან სამი უნდა გაუქმებულიყო. პირველი საგუშაგო უკვე ორი კვირის წინ დაიხურა. როდის გაუქმდება სხვა პუნქტები და რომელი მათგანი დარჩება ღია, გალში ჯერ არ იციან. ამჟამად მოქმედი ენგურის ხიდის, ხურჩა-ნაბაკევის, საბერიო-ფახულანისა და ოტობაია-ორსანტიას საგუშაგოებს კი ყოველდღიურად ასობით ადამიანი კვეთს.

ზუგდიდის სოფელ შამგონას მოსაზღვრე თაგილონის საგუშაგოს გაუქმებამ მგზავრებს დამატებითი პრობლემები უკვე შეუქმნა. მათ ახლა 10-20 კილომეტრის დაშორებით მდებარე ოტობაია-ორსანტიის პუნქტით სარგებლობა უწევთ. გალელები შიშობენ, რომ თუ დე ფაქტო მთავრობა დაპირებას შეასრულებს და ოფიციალურ საგუშაგოებს ორამდე შეამცირებს.გადაადგილება, უკიდურესი აუცილებლობის გარდა, შეუძლებელი გახდება. მათივე ინფორმაციით, ერთი გზა, დაბალი ზონიდან ენგურის ხიდის გავლით, დანარჩენ საქართველოში მოსახვედრად, საშუალოდ, 10 ლარი დაუჯდებათ, ისიც იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე საზოგადოებრივ ტრანსპორტს შეიცვლიან. სოფლებიდან ენგურის ხიდამდე პირდაბირი რეისი არ არის. მგზავრებს ჯერ ქალაქ გალში მოუწევთ ჩასვლა:

„ძალიან პრობლემური იქნება, თუ დაიხურა სოფლის გადასასვლელები. დაბალი ზონის სოფლებიდან ენგურის ხიდამდე დიდი მანძილია. ფიჩორიდან, ოტობაიიდან, გაგიდიდან კი იქნება 18-24 კილომეტრი. დადიან კერძო ტაქსები, მაგრამ ძალიან ძვირია, 20-25 ლარი ღირს. „მარშრუტკები“ დადიან, მაგრამ იშვიათად. ორი ავტობუსი დადის და 150 რუბლი ღირს“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან სატელეფონო საუბარში ნაბაკევში მცხოვრები მამაკაცი, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს.

გალში მისულ მგზავრებს ენგურის ხიდამდე მოსახვედრად მეორე ტრანპორტი სჭირდებათ, რაც ასევე დამატებით ხარჯებს მოითხოვს:

„გალიდან ენგურის ხიდამდე „მარშრუტკები“ დადის და კიდევ ტაქსები. მგზავრობა 50 რუბლი ღირს - დაახლოებით, ლარ-ნახევარი“, - ამბობს გალში მცხოვრები რესპონდენტი.

დანახარჯები ამით არ ამოიწურება. ენგურის ხიდთან მისულებს, დამატებით 1,50 ლარის გადახდა უწევთ ოთხთვალაშიც, რომელსაც მოქალაქეები ენგურის ხიდიდან სოფელ რუხის ქართულ საგუშაგომდე მიჰყავს. იგივე თანხაა საჭირო რუხიდან ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსისთვისაც.

შესაბამისად, როგორც მგზავრები ამბობენ, მათთვის ბევრად მოსახერხებელია დე ფაქტო მთავრობამ დატოვოს ამჟამად სოფლებში მოქმედი საკონტროლო გამშვები პუნქტები, რადგან მათი გავლით, მოკლე მანძილის გამო, ზუგდიდში გადმოსვლა ფეხით არის შესაძლებელი და არც დამატებით ხარჯებს საჭიროებს.

საკონტროლო გამშვები პუნქტები დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი გალის რაიონის სოფლებშია განთავსებული და ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებს ესაზღვრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG