Accessibility links

logo-print

რა მოხდება, თუ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა დაპირება შეასრულა


ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადება ეგრეთ წოდებულ საზღვარზე საკონტოლო-გამშვები პუნქტების შემცირების შესახებ გალში მცხოვრები მოსახლეობისთვის ქართული საინფორმაციო საშუალებებით გახდა ცნობილი. რადიო თავისუფლების გალელი რესპონდენტები ამბობენ, რომ თუკი რაულ ხაჯიმბამ დაპირება შეასრულა, მათი დიდი ნაწილი გადაადგილებას ვეღარ შეძლებს. ამასთან, მათივე ცნობით, ჯერჯერობით გამშვებ პუნქტებზე ცვლილებები არ შეიმჩნევა.

„გადასვლას შევძლებთ უკიდურეს შემთხვევაში, ძალიან თუ მოვინდომეთ, თორემ ისე, ძნელია. იქ ხო რიგები იქნება. ერთი დღე აქეთ მოვუნდებით გადასვლას, ერთი დღე იქეთ, მერე საყიდლებიც და, მოკლედ, სამი დღე დაგვჭირდება“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან სატელეფონო საუბარში გალში მცხოვრები ქალბატონი, რომელსაც ვინაობის გამხელა უსაფრთხოების მიზნით არ სურს.

მისი თქმით, გამშვები პუნქტების შემცირებასთან ერთად, მოსახლეობისთვის ცნობილი გახდა, რომ დე ფაქტო მთავრობა გადაადგილებისთვის საჭირო დოკუმენტის, ე.წ. ფორმა 9-ის, განახლებას გეგმავს:

„იანვრიდან ფორმა 9-ის გაცემა დაიწყებაო, ხუთწლიანისო, აი, ამას ამბობენ. მაგით, უბრალოდ, გადასვლა-გადმოსვლას შეძლებ. არც არჩევნებში მონაწილეობის უფლება გაქვს და არაფრის უფლება არ გაქვს. უბრალოდ, გადაიხდი გადასახადს, წახვალ და წამოხვალ“.

ე.წ. ფორმა-9 ოკუპირებულ რეგიონში მანამდეც არსებობდა. ამ საბუთის ფლობა ევალება იმ მოქალაქეს, რომელსაც რუსული ან აფხაზური პასპორტი არ გააჩნია. ახლა ფორმა 9-ის განახლება, რესპონდენტის თქმით, გადაადგილების გამკაცრებას უკავშირდება, რადგან საჭირო საბუთის უქონლობის მიზეზით მის მიღებას ყველა ვერ შეძლებს.

პირობით საზღვარზე გადაადგილების გამკაცრების შესახებ გავრცელებულმა ცნობებმა განსაკუთრებით გალის რაიონის სოფლებში მცხოვრებნი შეაშფოთა. ოკუპირებული სოფელ ნაბაკევის სკოლის ქართველი პედაგოგი რადიო თავისუფლებასთან პირად საუბარში აცხადებს, რომ ენგურის ხიდის გამშვები პუნქტით, რომელიც დილის შვიდიდან საღამოს შვიდ საათამდე მუშაობს, სოფლებში მცხოვრებნი ვერ ისარგებლებენ, შემდეგი მიზეზებიდან გამომდინარე: ნაბაკევიდან და მეზობელი სოფლებიდან ენგურის ხიდამდე 20-25 კილომეტრია გასავლელი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეზღუდვით დადის, კერძო ტაქსი კი 30 ლარამდე ღირს, რისი გადახდის საშუალებაც მგზავრებს არ აქვთ.

ანალოგიურ პრობლემაზე საუბრობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის წყოუშის სკოლის დირექტორი. ეს თემი სოფელ საბერიოს ესაზღვრება და სკოლის სიახლოვის მიზეზით 13 მოზარდი განათლების მისაღებად ამ თემის საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადმოდის. მათ წყოუში-საბერიოს გამშვები პუნქტის გავლა ყოველდღე უწევთ:

„თუ მართლა ასეთი რადიკალური ზომები მიიღეს, ვერც ერთი ბავშვი ვერ გადმოვა აქეთ“.

ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ საზღვარზე საკონტოლო-გამშვები პუნქტების რაოდენობის შემცირება იქნება ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც თბილისის დელეგაცია დასვამს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის 29-ე რაუნდზე - ამის შესახებ ჟენევაში გამგზავრებამდე ჟურნალისტებს განუცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის 29-ე რაუნდი7-8 ოქტომბერს გაიმართება:

„აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ხაჯიმბამ განაცხადა გამშვები პუნქტების შემცირება - ექვსი პუნქტის შემცირება ერთ პუნქტამდე. ეს, რა თქმა უნდა, არის ადამიანის უფლებების დარღვევა“.

რაულ ხაჯიმბამ პირობითი საზღვრის „გამყარების“ შესახებ განცხადება 3 ოქტომბერს გააკეთა. სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, დე ფაქტო მთავრობის ხელმძღვანელმა ამ თემაზე საკუთარი პოლიტიკური პარტიის - „აფხაზეთის ეროვნული ერთობის ფორუმის" - პოლიტსაბჭოს სხდომაზე ისაუბრა. მისი სიტყვებით, „მდინარე ენგურზე საქართველოსთან საზღვარი უნდა გამყარდეს, იქ მხოლოდ ერთმა გამშვებმა პუნქტმა უნდა იფუნქციონიროს, სახელმწიფოს უსაფრთხოების გათვალისწინებით, დანარჩენი პუნქტები კი აუცილებლად უნდა დაიკეტოს".

შეგახსენებთ: ენგურის ხიდის მთავარ გამშვებ პუნქტთან ერთად ე.წ. სასაზღვრო ზოლზე ამ ეტაპზე კიდევ ხუთი პუნქტი ფუნქციონირებს. აქედან ერთი საავტომობილოა, დანარჩენები კი საფეხმავლო.

XS
SM
MD
LG