Accessibility links

logo-print
გოჩა და შმაგი აფრასიძეები, რომლებმაც საპატიმრო დაწესებულება 28 თებერვალს, გვიან საღამოს, დატოვეს, სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ. ძმების მიზანია, დადგინდეს სიმართლე 2004 წლის 24 მარტს მესტიის რაიონის სოფელ ეცერაში ჩატარებული იმ სპეცოპერაციის გარშემო, რომელმაც აფრასიძეების ოჯახის ორი წევრის სიცოცხლე შეიწირა. ოჯახის გარდა, ბევრი ფიქრობს, რომ სპეცოპერაცია განსაკუთრებული სისასტიკითა და უსამართლობით გამოირჩეოდა. თუმცა ამ აზრს არც 9 წლის შემდეგ იზიარებს შინაგან საქმეთა იმდროინდელი მინისტრი გიორგი ბარამიძე.

9-წლიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლებულმა ძმებმა აფრასიძეებმა, რომლებიც, ადვოკატის თქმით, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვისა და მკვლელობის მცდელობისთვის იხდიდნენ სასჯელს, 28 თებერვალს ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვეს, მაგრამ დაადასტურეს, რომ სამართლებრივი ბრძოლა გაგრძელდება. დამნაშავეთა დასჯისთვის ბრძოლას აუცილებლად მიიჩნევს ოჯახის დედა - დოდო აფრასიძეც:

”გადაგვწვეს, ადამიანი ცოცხლად დაგვიწვეს, ხელფეხშებორკილი შვილი დამიხვრიტეს. ყველაფერი გააკეთეს, რაც რამ ცუდი არსებობს და... ესენი კიდე მერე აიყვანეს და ჩაამწყვდიეს 9 წელიწადი. სანამ ახალი ხელისუფლება მოვიდოდა, მეექვსეში (საპატიმრო დაწესებულებაში) ჰყავდათ და ჰაერი არ უნახავთ ამდენი წლის განმავლობაში”.
აფრასიძეებს მსხვერპლად ნათლავს ის, ვისაც ამ ქვეყანაში სიმშვიდე, სიწყნარე და კრიმინალის დამარცხება არ სურს...

თუკი რაიმე შეიძლება დაეშავებინა სახელმწიფოს ერთი ოჯახისთვის, ყველაფერი დაუშავა, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აფრასიძეების ადვოკატი ირმა ჭკადუა. ის იხსენებს, რომ 2004 წლის 24 მარტის სპეცოპერაციის დროს, გოჩა და შმაგი აფრასიძეების ძმასთან, ვამეხ აფრასიძესთან ერთად, სამართალდამცველებმა მოკლეს ოჯახის მამა, ევგენი აფრასიძეც, რომლის გვამიც დაბომბილ სახლთან ერთად დაიწვა. ამასთან, ფსიქიკურად დაავადდა ოჯახის რძალი, რომელსაც მუდმივი მკურნალობა ესაჭიროება. ადვოკატის განმარტებით, ამ ეტაპისთვის გოჩა და შმაგი აფრასიძეებს 2012 წლის 28 დეკემბრით დათარიღებულმა ამნისტიამ სასჯელი გაუნახევრა, ხოლო შემდეგ - ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილებით, მათ რამდენიმე თვით ადრე დატოვეს საპატიმრო.

ადვოკატ ირმა ჭკადუას სჯერა, რომ საქმის ხელახალი გამოძიების პროცესში აუცილებლად დადგება შინაგან საქმეთა იმდროინდელი მინისტრის გიორგი ბარამიძის, უშიშროების ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის ვანო მერაბიშვილისა და პრეზიდენტ სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი.


გიორგი ბარამიძე

გიორგი ბარამიძე

”აფრასიძეებს მსხვერპლად ნათლავს ის, ვისაც ამ ქვეყანაში სიმშვიდე, სიწყნარე და კრიმინალის დამარცხება არ სურს”, - უთხრა 1 მარტს რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, აწ უკვე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა გიორგი ბარამიძემ. როგორც თავად ამბობს, ადამიანურად ის ახლაც ნანობს, რომ 2004 წლის 24 მარტის სპეცოპერაცია მსხვერპლით დასრულდა, მაგრამ მას მეტად საამაყოდ მიაჩნია თვითონ ის ფაქტი, რომ იმდროინდელი ხელისუფლება მედგრად და უკომპრომისოდ უპირისპირდებოდა კრიმინალურ სამყაროს. სწორედ კრიმინალური სამყაროს თვალსაჩინო წარმომადგენლებად მიაჩნია გიორგი ბარამიძეს აფრასიძეები, რომლებმაც, მისი თქმით, 2004 წლის 24 მარტს, გათენებისას, მასშტაბური სპეცოპერაციის ფარგლებში, სადაც ავიაციაც კი იყო ჩართული, ცეცხლი სამართალდამცველებს პირველებმა გაუხსნეს:
კანონიერი ბრძოლის უფლება აქვს ყველა მოქალაქეს - იქნება ეს აბსოლუტურად პატიოსანი ადამიანი თუ სასჯელმოხდილი ადამიანი. ყველა ჩვენი საზოგადოების წევრია...

”ეჭვმიტანილები პოლიციას ესროდნენ ტყვიამფრქვევებით, ავტომატური იარაღით და ყველა იმ იარაღით, რაც ბლომად ჰქონდათ მომარაგებული მთელი იმ წლების განმავლობაში და, მით უმეტეს, აფხაზეთიდან ჩვენი ჯარის გამოსვლის შემდეგ სვანეთში რამდენი იარაღი იყო დაგროვილი, კარგად ვიცით... საუბედუროდ, ამ შეტაკებაში 2 ადამიანი, 2 ეჭვმიტანილი, დაიღუპა, მაგრამ, საბედნიეროდ, არც ერთი თანასოფლელი და არც ერთი მშვიდობიანი მოქალაქე არ დაზარალებულა”.

გიორგი ბარამიძის განმარტებით, არ ყოფილა ძალის გადამეტება პოლიციის მხრიდან და სპეცოპერაციის მასშტაბი ეჭვმიტანილებისგან მოსალოდნელი საფრთხის შესაბამისი იყო. მისი თქმით, სპეცოპერაცია მიზნად ისახავდა იმ კონკრეტული ეჭვმიტანილების დაკავებას, რომლებიც შიშის ზარს სცემდნენ მესტიის რაიონს და რომელთა სახელებთანაც დაკავშირებული იყო არაერთი შემზარავი დანაშაული. თუმცა გიორგი ბარამიძე, საქმის ხელახალი გამოძიების ფარგლებში, აუცილებლად გამოცხადდება საგამოძიებო ორგანოებში, თუკი მას ამას მართლმსაჯულება მოსთხოვს:

”კანონიერი ბრძოლის უფლება აქვს ყველა მოქალაქეს - იქნება ეს აბსოლუტურად პატიოსანი ადამიანი თუ სასჯელმოხდილი ადამიანი. ყველა ჩვენი საზოგადოების წევრია. ამ ადამიანებს არც მანამდე ვიცნობდი და არც ახლა ვიცნობ. ერთადერთი შეხება ის მქონდა, რომ ჩავფრინდი იმ სოფელში იმ სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ... მე პირადად არავის ჯინი არა მაქვს და არავის ვუსურვებ ცუდს. ასე რომ, ეს მათი საქმეა”.

2004 წლის 24 მარტის მეტად გახმაურებული სპეცოპერაციის საქმის ხელახალ გამოძიებას ამჟამად მთავარი პროკურატურა აწარმოებს, თუმცა აფრასიძეების ოჯახი 2007 წლის შემდეგ პასუხს სტრასბურგიდანაც ელოდება. როგორც ადვოკატი ირმა ჭკადუა ვარაუდობს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მალე მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე - ”აფრასიძეები საქართველოს წინააღმდეგ”.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG