Accessibility links

logo-print
სოფელ ერგნეთში ჩასულს, თვალში წითელი და თეთრი სახურავები მოგხვდებათ, მაგრამ სოფლის შესასვლელში პირველივე სახლი ისევ დამწვარი და განადგურებულია. დანიის ლტოლვილთა საბჭოს დახმარებით, სოფელში სახლების ნაწილი გადაიხურა და რამდენიმე ოთახიც შეკეთდა, მაგრამ სახლების ნაწილს ისევ ომის კვალი ეტყობა. დაზარალებულებს ჰპირდებიან, რომ მათ სახლებს პროგრამის მეორე ეტაპზე მიხედავენ. ერგნეთელებიც შემოდგომას ელოდებიან. ტურფა ჭავჭავაძე ამბობს, რომ ნახევრად დანგრეული სახლის შემხედვარე მისი მეუღლე შარშან ნერვიულობისგან გულის შეტევით გარდაიცვალა.

2008 წლის ომის დროს სოფელი ერგნეთი, რომელიც ცხინვალს ესაზღვრება, ყველაზე მეტად დაზარალდა. სოფელში შესულმა შეიარაღებული ფორმირებების წარმომადგენლებმა სახლები ჯერ გაძარცვეს და შემდეგ დაწვეს. დევნილი ერგნეთელები სოფელში მოგვიანებით დაბრუნდნენ და ცხოვრება ნულიდან დაიწყეს. სახლების ნაწილი დაწვას გადაურჩა, მაგრამ გაძარცულია. ასეთი სახლების მეპატრონეები არც ერთ პროგრამაში არ მოხვდნენ, ამიტომ ყველაფრის შეძენა თავიდან უწევთ. დარეჯან კასრაძე ამბობს, რომ სახლში სკამიც კი არ დარჩა, დახმარებისთვის კი ხელისუფლებას და საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს არაერთხელ მიმართა, მაგრამ ეუბნებიან, რომ ვერ დაეხმარებიან, რადგან სახლი დამწვარი არ არის.

ერგნეთში რამდენიმე წლის განმავლობაში სარწყავი წყლის პრობლემაც მოუგვარებელი იყო, რადგან ცხინვალიდან გამომავალი არხი დე ფაქტო ხელისუფლებამ გადაკეტა, ახლა კი სოფლისკენ წყლის გადაქაჩვა ნიქოზის კაშხლიდან ხდება. ერგნეთელები წყალზე რიგში დგანან და სეზონზე 2- ჯერ თუ შეძლებენ ბაღ-ვენახების მორწყვას. ვენერა წერეთელს სახურავი გადაუხურეს და 2 ოთახიც გაუკეთეს. მისი თქმით, ახლა ყველაფერი თავიდან იწყება. სოფელშიც მოსახლეობის ნაწილი დაბრუნდა და სოფლის მეურნეობით დაკავდა.

ერგნეთში 180 სახლიდან 160 დაწვეს. ახლა მხოლოდ 100-მდე სახლია გადახურული. ერგნეთის მცხოვრები ლია ჩლაჩიძე აცხადებს, რომ ადგილობრივ მოსახლეობას მძიმე პირობებში უხდება ცხოვრება. მისი აზრით, ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებს განსაკუთრებული სტატუსი უნდა მიეცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სოფელი მთლიანად დაიცლება.

საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე ქართული სოფლების დასახმარებლად უწყებათშორისი კომისია შექმნა, რომელმაც ადგილებზე ვითარების შესწავლა უკვე დაასრულა. ამჟამად საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ომისგან დაზარალებულ სოფლებში პრობლემები ეტაპობრივად მოგვარდება.
XS
SM
MD
LG