Accessibility links

logo-print

რასობრივი ურთიერთობები ამერიკაში გლობალური განხილვების თემად იქცა. შეხედულებები განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ინციდენტებში ორმა თეთრკანიანმა პოლიციელმა ორი შავკანიანი მამაკაცი მოკლა. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ამ შემთხვევებმა ამერიკის საგარეო იმიჯი დააზიანა.

მისურის შტატის ქალაქ ფერგიუსონში და ნიუ-იორკში ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებებს-ბრალი არ წაეყენებინათ თეთრკანიანი პოლიციელებისთვის, რომლებმა შავკანიანი ადამიანები მოკლეს, ამერიკის მასშტაბით საპროტესტო დემონტრაციები მოჰყვა. მათი მხარდამჭერი დემონსტრაცია გაიმართა ლონდონშიც.

ლონდონის სამეფო კოლეჯში ამ თემას ლექციაზე განიხილავენ. სიანგ ინგჩაო 23 წლის ჩინელი სტუდენტია, რომელიც ამერიკაშიც სწავლობდა.

„ჩინეთის პრესა ამბობს, რომ ამერიკელები ყველთვის საუბრობენ ადამიანის უფლებებზე და ახლა მათ შეხედეთ. როგორც ჩანს, ამ საკითხზე ამერიკელებს ორმაგი სტანდარტი აქვთ.“

ნიუ-იორკში მომხდარ შემთხვევას ისინი განიხილავენ, როგორც პოლიციის დაუსჯელობის ნათელ მაგალითს. ფერგიუსონის ინციდენტზე კი ასეთი მკაფიო შეხედულება არ აქვთ. მაგისტრატურის სტუდენტი, 53 წლის პოლ ზიმერმანი ამბობს, რომ დეტალები ისეთი მნიშვნელოვანი არ არის, როგორიც ამ ტენდენციების არსი:

„არსებობს შეხედულება, რომ ფერგიუსონის საქმეში შეიძლება რაღაც ისეთი მოხდა, რაც ბოლომდე ცნობილი არ არის. შეიძლება მსაჯულებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს.“

24 წლის მარკ ისტვუდი მას ეთანხმება:

„ამ შემთხვევამ ფართო კონტექსტი წარმოაჩინა. ის, რაც ფერგიუსონსა და ნიუ-იორკში ხდება, სტრუქტურულ რასიზმს უფრო ეხება, ვიდრე ცალკეულ შემთხვევებს.“

ამ შეხედულებებთან ერთად გაჩნდა იმედგაცრუებაც, რომ ბარაკ ობამას ამერიკის პრეზიდენტად არჩევამ ქვეყანაში რასობრივი განხეთქილება ვერ გადაჭრა.

„შავკანიანი პრეზიდენტის არჩევა, თეორიულად, შეხედულებების შეცვლაზე უნდა მიუთითებდეს, თუმცა ჯერ ისევ ბევრი რამაა გასაკეთებელი იმისთვის, რომ წლების განმავლობაში არსებული სისტემური უსამართლობა შეიცვალოს.“

„ერთი შავკანიანი პრეზიდენტი ამას ვერ შეცვლის. უნდა შეიცვალოს სასამართლო სისტემა და კანონები.“

პროფესორი ჯოშუა საიმონი ამბობს, რომ სტუდენტები ფერგიუსონისა და ნიუ-იორკის შემთხვევებთან დაკავშირებით ორ საკითხზე ფიქრობენ:

„ისინი ფიქრობენ, რომ ეს შემთხვევები ამერიკაში შემორჩენილი რასობრივი უსამართლობის აშკარა დემონსტრირებაა. ამასთან, მათ უხარიათ ის, რომ ამერიკის მოსახლეობა ამ შემთხვევებზე თვალს არ ხუჭავს.“

საიმონი ამბობს, რომ ამერიკაში რასობრივ ურთიერთობებში დიდი პროგრესი იქნა მიღწეული. უკანასკნელ პერიოდში მომხდარმა მოვლენებმა კი ყურადღება იმაზე გადაიტანა, თუ რამდენი რამაა ჯერ ისევ გასაკეთებელი იმისთვის, რომ ამერიკამ მსოფლიოში „მორალური ლიდერის“ იმიჯი შეინარჩუნოს.

XS
SM
MD
LG