Accessibility links

სოჭის ოლიმპიადის მიზეზით გამკაცრებული კონტროლი ოკუპირებულ აფხაზეთში


ენგურის ხიდი

ენგურის ხიდი

სოჭში ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყების პარალელურად, ოკუპირებული აფხაზეთის სოფლების მოსახლეობა რუსეთის სამხედროების მიერ რეგიონში კონტროლის გამკაცრებაზე ლაპარაკობს. ამასთან, მოქალაქეები აცხადებენ, რომ ბოლო თხუთმეტი დღის განმავლობაში სამხედრო ვერტმფრენების ხშირი გამოჩენა და რუსეთის ჯარისკაცების შემოვლები მაინცდამაინც დიდად არ ზღუდავს სოფლის მკვიდრთ.

რევაზ გუდაბაძე ოკუპირებულ სოფელ ოტობაიაში ცხოვრობს და ოჯახისთვის საჭირო სურსათის ზუგდიდის ბაზარში შესაძენად ადმინისტრაციული საზღვარი ამ დილით, 7 თებერვალს, ჩვეული პროცედურების დაცვით გადაკვეთა. ის რადიო თავისუფლებას სოფელში არსებული ვითარების შესახებ უყვება:

„კონტროლს აკეთებენ, იცით, როგორს? აი, ღამე დადიან ჯარისკაცები, ვერტმფრენებიც დადიან. დღეში ერთხელ, ორჯერაც შეიძლება გამოჩნდეს. ჩვენ გვაკონტროლებენ, თუ ვის აკონტროლებენ, არ ვიცი“.

ფსოუზე გადაადგილება არ არის, გზა ჩაკეტილია. ისე, ფეხით კი გადადიან... ასე ვცხოვრობთ, რა. თუ პასპორტი გაქვს, ენგურის ხიდზე ჩვეულებრივად გაგიშვებენ. იქ არაფერია განსხვავებული, უპასპორტოდ არავის არ უშვებენ...
გალში მცხოვრები ონისე ლაკერბაია ამბობს, რომ ქალაქში სამხედროების ხშირ გამოჩენას ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობა შეჩვეულია და ამაში განსაკუთრებული არაფერია. მისივე თქმით, სოჭში ოლიმპიადის გამო კონტროლის გამკაცრებას უფრო მდინარე ფსოუს გასწვრივ გრძნობენ - იქ, სადაც რუსეთის სამხედროებმა სასაზღვრო ზოლი საქართველოს ტერიტორიაზე 11 კილომეტრით გადმოსწიეს.

„ფსოუზე გადაადგილება არ არის, გზა ჩაკეტილია. ისე, ფეხით კი გადადიან... ასე ვცხოვრობთ, რა. თუ პასპორტი გაქვს, ენგურის ხიდზე ჩვეულებრივად გაგიშვებენ. იქ არაფერია განსხვავებული, უპასპორტოდ არავის არ უშვებენ“, - გვითხრა ონისე ლაკერბაიამ.

ფსოუს პარალელურად, სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე დაწესებულ შეზღუდვებზე ლაპარაკობს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ოთარ გოგოხია:

„ვერტმფრენების შესახებ მე ინფორმაცია არ მაქვს. ვიცი, რომ ქვეითად ახორციელებენ კონტროლს, უფრო ძაღლთან ერთად დადიან. იქ, სადაც ადრე ყველა გადადიოდა, დღეს უკვე ვერ გადახვალ - იქ მესაზღვრე დგას ძაღლთან ერთად. ერთი სიტყვით, კონტროლი გაამკაცრეს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იქ ვინც ცხოვრობს და ვისაც საბუთები წესრიგში აქვს, ყველა გადადის და გადმოდის“.

სოჭში ოლიმპიური თამაშების მიმდინარეობის პერიოდში ოკუპირებულ რეგიონში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების შენარჩუნების შესახებ 6 თებერვალს კიდევ ერთხელ შეთანხმდნენ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი და რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს წარმომადგენელი რაშიდ ნურგალიევი.

ინტერნეტგამოცემა „აფსნიპრესის“ ცნობით, იანვრიდან მარტის ჩათვლით, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ოკუპირებულ რეგიონში ოპერატიული ჯგუფები იმუშავებენ.
XS
SM
MD
LG