Accessibility links

logo-print

საფრანგეთში აღკვეთილი ტერორისტული თავდასხმა და უსაფრთხოების პრობლემები


დაჯილდოების ცერემონია

დაჯილდოების ცერემონია

პარასკევს, 21 აგვისტოს, სავარაუდოდ ტერორისტული აქტი აღიკვეთა ამსტერდამსა და პარიზს შორის მოძრავ მატარებელში.

ისლამისტურ ექსტრემიზმში ეჭვმიტანილი შეიარაღებული პირის გაუვნებელყოფა მოახერხეს მატარებელში მყოფმა მგზავრებმა - სამმა ამერიკელმა და ერთმა ბრიტანელმა. მათ ეჭვმიტანილს წაართვეს ავტომატური იარაღი, პისტოლეტი, სამართებელი და ტყვია-წამლით სავსე ჩანთა.

მგზავრები თავდასხმისგან იხსნეს აშშ-ის ავიაციის წევრმა, 23 წლის სპენსერ სტოუნმა, ეროვნული რეზერვის წევრმა, 22 წლის ალეკ სკარლატოსმა, მათმა მეგობარმა, 23 წლის ენტონი სედლერმა და 62 წლის ბრიტანელმა კონსულტანტმა, კრის ნორმანმა, რომელიც ასევე წამოხტა ადგილიდან შეიარაღებული თავდამსხმელის გაუვნებელყოფის მიზნით.

24 აგვისტოს საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ოთხივე მგზავრს ქვეყნის უმაღლესი ჯილდო - საპატიო ლეგიონის ორდენი - მიანიჭა. დაჯილდოების ცერემონიაზე საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი შემდეგი განცხადებით გამოვიდა:

ფრანსუა ოლანდი

ფრანსუა ოლანდი

"საფრანგეთის სახელით, მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რაც გააკეთეთ. პარასკევის შემდეგ მთელი მსოფლიო შენატრის თქვენს სიმამაცეს, მობილიზების უნარს, პასუხისმგებლობის განცდას. სწორედ ამ სოლიდარობამ შეგაძლებინათ შეიარაღებული კაცის შიშველი ხელებით გაუვნებელყოფა. დიახ, სწორედ შიშველი ხელებით. თქვენი გმირობა მაგალითი და შთაგონების წყარო უნდა იყოს ყველა ჩვენგანისთვის“.

გავრცელებული ცნობებით, შეიარაღებული პირის სახელია აიუბ ელ-ხაზანი. ის 26 წლისაა და წარმოშობით მაროკოელია. ამჟამად ის დაპატიმრებულია და მას საფრანგეთის კონტრტერორისტული პოლიცია უტარებს დაკითხვებს.

დაკავებულის ადვოკატის თქმით, მისი კლიენტი „ძალიან დაბნეულია“ ტერორიზმში ბრალდებით და აცხადებს, რომ მხოლოდ მგზავრების გაძარცვას გეგმავდა.

მაგრამ ფრანსუა ოლანდის განცხადებით, რომ არა ოთხეულის გმირობა, მატარებელში სისხლისღვრა გარდაუვალი იყო: "ერთმა ინდივიდმა თავდასხმა გადაწყვიტა. მას საკმარისი იარაღი და ტყვია-წამალი ჰქონდა საიმისოდ, რომ ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა მოეწყო, და ამას იზამდა კიდეც, რომ არა თქვენი მოქმედება და თქვენი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ხარჯზე მასთან დაპირისპირება“.

მატარებელში 500-მდე მგზავრი იყო.

ამ შემთხვევამ დამატებითი სიმწვავე შესძინა მატარებლებში უსაფრთხოების პრობლემას, ისევე როგორც პოტენციურ ტერორისტებზე დაკვირვების საკითხს.

თუკი რაიმე დადებითი შეიძლება ითქვას ამ არშემდგარ თავდასხმაზე, ისაა, რომ ამ ფაქტმა ძილბურანიდან გამოგვიყვანა. რა აზრი აქვს ათასობით [სადაზვერვო] დოკუმენტის შედგენას, თუ პოტენციური ტერორისტები თავისუფლად კვეთენ საზღვრებს და ქვეყნებში ისე შედი-გამოდიან, როგორც მოისურვებენ?..

როგორც ევროკავშირის პოლიტიკაზე სპეციალიზებული გამოცემა EUobserver-ი იუწყება, შაბათს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა გამოაცხადა, საფრანგეთის რკინიგზის კომპანია ცხელ ხაზს ხსნის, სადაც მგზავრებს ინფორმაციის მიწოდება შეეძლებათ სადგურებზე და მატარებლებში შექმნილ „არაორდინარულ ვითარებებზეო“.

ამავე წყაროს ცნობით, გამოითქვა მატარებლებში უფრო მკაცრი და რეგულარული შემოწმების დაწესების მოწოდებებიც. ნატალი გულეს, ფრანგ სენატორს, რომელიც ჯიჰადისტური ქსელების კვლევის კომიტეტის ხელმძღვანელია, „ტვიტერით“ დაუწერია, ევროსტარის მსგავს საერთაშორისო მატარებლებზე ბარგის შემოწმება უნდა დაწესდესო. ევროსტარი ლონდონს აკავშირებს ევროპის კონტინენტურ ქალაქებთან, მაგალითად, პარიზთან ან ბრიუსელთან. ამ მატარებელში უკვე მოქმედებს საპასპორტო შემოწმება, ისევე როგორც ბარგის სკანირება.

მაგრამ ეს ზომები იმდენადვეა მიმართული იმიგრაციის კონტროლზე, რამდენადაც კონტრტერორიზმზე, რადგან ბრიტანეთი არ შედის შენგენის ზონაში, სადაც მგზავრებს საპასპორტო კონტროლის გარეშე შეუძლიათ გადაადგილება.

ევროპაში მხოლოდ ესპანეთის მაღალი სიჩქარის მატარებლებზე მოქმედებს აეროპორტების მსგავსი კონტროლი მას შემდეგ, რაც 2004 წელს მადრიდში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას 191 ადამიანი შეეწირა.

გავრცელებული ცნობებით, საფრანგეთის რკინიგზის ეროვნული საზოგადოების ხელმძღვანელს, გიემ პეპის, ამ ეტაპზე არ მიაჩნია რეალისტურ პერსპექტივადრკინიგზაზე აეროპორტის ტიპის შემოწმების შემოღება. ეს მას სააგენტო „ფრანს პრესისთვის“ უთქვამს.

პარალელურად, არ წყდება საუბარი ეჭვმიტანილის შესახებ ცნობების არსებობისა და მასზე არასრულფასოვანი დაკვირვების შესახებ.

EUobserver-ი წერს, რომ ელ ხაზანი ესპანეთში მაროკოდან ჩავიდა 2007 წელს. მასზე, როგორც პოტენციურ საფრთხეზე, ინფორმაცია მალევე აღრიცხეს, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ მეჩეთში მან ჯიჰადისტური მოწოდებები გააკეთა.

ის აღრიცხული იყო საფრანგეთისა და ბელგიის შესაბამისი უწყებების მიერაც.

ერთიანი საგარეო პოლიტიკის, ერთიანი მიგრაციული პოლიტიკის და ერთიანი უსაფრთხოების პოლიტიკის საჭიროება არასოდეს ყოფილა ასე დიდი. ასეთი პოლიტიკა პირველ ეტაპზე არსებობს და სწორედ ეს უნდა გავაფართოოთ და გავაძლიეროთ. უკან დასახევი გზა არ არსებობს...

არსებობდა ინფორმაცია, რომ ის 2014 თუ 2015 წელს ბელგიაში გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა ბოლოს ის მაისში აღრიცხეს გერმანიაში, სტამბოლში მიმავალ თვითმფრინავში. ამასთან, კონტრტერორისტულ უწყებებს ჰქონდათ ეჭვი, რომ მან სირიაშიც იმოგზაურა საბრძოლველად ან ტერორისტის წვრთნის გასავლელად.

პრობლემაზე ბევრი იწერება ევროპის პრესაში, სადაც განსხვავებულ პერსპექტივებს შეხვდებით.

საფრანგეთში გამომავალი კონსერვატიული ორიენტაციის „ფიგარო“ 24 აგვისტოს წერდა: „თუკი რაიმე დადებითი შეიძლება ითქვას ამ არშემდგარ თავდასხმაზე, ისაა, რომ ამ ფაქტმა ძილბურანიდან გამოგვიყვანა. რა აზრი აქვს ათასობით [სადაზვერვო] დოკუმენტის შედგენას, თუ პოტენციური ტერორისტები თავისუფლად კვეთენ საზღვრებს და ქვეყნებში ისე შედი-გამოდიან, როგორც მოისურვებენ? ჩვენი საზოგადოება მხოლოდ ახლა აცნობიერებს, რამდენად უმწეოა იმ უპრეცედენტოდ გაფართოებული ომის წინაშე, რომელსაც რადიკალი ისლამისტები ჩვენს წინააღმდეგ აწარმოებენ“.

ამავე დღეს 24 აგვისტოს მოვლენებს ოდნავ განსხვავებულ კონტექსტში შეეხო ბელგიაში გამომავალი ლიბერალური ყოველდღიური გამოცემა „შტანდარტი“: „ევროპის მიღწევების გაუქმება არასწორი პასუხი იქნება. შენგენს თუ გავაუქმებთ, ამით დაიკარგება მთელი ევროპული პროექტის ერთ-ერთი ფუნდამენტი. თუ კიდევ ერთხელ დავიწყებთ ჩვენი საზღვრების სისტემატურ ჩაკეტვას, ამით არც საკუთარ თავს დავიცავთ ტერორისტებისგან და არც თავშესაფრის მაძიებელთა პრობლემას მოვუძებნით გადაწყვეტას. დღევანდელობის პრობლემების მიზეზები ძალიან კომპლექსური და გლობალურია. ...ერთიანი საგარეო პოლიტიკის, ერთიანი მიგრაციული პოლიტიკის და ერთიანი უსაფრთხოების პოლიტიკის საჭიროება არასოდეს ყოფილა ასე დიდი. ასეთი პოლიტიკა პირველ ეტაპზე არსებობს და სწორედ ეს უნდა გავაფართოოთ და გავაძლიეროთ. უკან დასახევი გზა არ არსებობს“.

ამავე თემაზე

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG