Accessibility links

logo-print

ევროკავშირის არაფორმალური დიალოგი თბილისში


აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალური დიალოგის მე-6 შეხვედრა

აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალური დიალოგის მე-6 შეხვედრა

„აღმოსავლეთის პარტნიორობის“ არაფორმალური დიალოგის მეექვსე შეხვედრის ფარგლებში, თბილისს სტუმრობენ: ევროკომისარი ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანი, ევროკომისარი ჯანდაცვისა და სურსათის უვნებლობის დარგში ვიტენის ანდრიუკაიტისი და საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ჰელგა შმიდი. 26 ნოემბერს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ დახურულ კარს მიღმა გამართულ არაფორმალურ შეხვედრებში მონაწილეობდნენ პარტნიორი ქვეყნების ჯანდაცვისა და საგარეო უწყებათა მაღალი რანგის თანამდებობის პირები და მათი მსჯელობა, შესაბამისად, ჯანდაცვის სფეროსა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს შეეხებოდა. კომენტარები გაკეთდა ტერორიზმის საფრთხეებსა და საქართველოს ამოცანებთან დაკავშირებით.

ტერორიზმთან დაკავშირებული გლობალური საფრთხეები იყო ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი შეფასებებში, რომლებიც 26 ნოემბერს გაუზიარა მედიას ევროკომისარმა ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანმა. მისი აზრით, თანამედროვე ტერორიზმს, რაც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა, მსოფლიო მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით თუ მოერევა:

იოჰანეს ჰანი

იოჰანეს ჰანი

„რუსეთი, შეერთებული შტატები, ევროპა, რეგიონის ქვეყნები – ყველა წარმოადგენს ტერორიზმის სამიზნეს და ამიტომ ჩვენ ერთად უნდა ვიმოქმედოთ... ტერორიზმი ჩვენი საერთო მტერია და ის ჩვენი ცხოვრების წესს უტევს“.

ამ კონტექსტში რუსეთი ნახსენები არ არის, მაგრამ ტერორიზმთან დაკავშირებულ გამოწვევებთან უკეთ გამკლავების სტრატეგია ჩადებულია ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განახლებულ დოკუმენტში, რომელიც ბრიუსელში რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა.

იოჰანეს ჰანს 26 ნოემბერს მედიის წარმომადგენლებთან განახლებულ სამეზობლო პოლიტიკაზეც მოუხდა ლაპარაკი და ამ კონტექსტში ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ ევროკავშირთან დაახლოების გზაზე დაწინაურებულმა საქართველომ უნდა განაგრძოს სვლა დასახული მიზნებისკენ:

„ამჟამად ჩვენი ყურადღება მიმართული უნდა იყოს (ევროკავშირ-საქართველოს) ასოცირების შეთანხმებისა და (მისი ნაწილის) ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის მოთხოვნათა შესრულებისკენ, რაზეც მე მექნება საუბარი თბილისში ორმხრივი შეხვედრების დროს. ზოგადად, ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ... ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განახლება გამომდინარეობდა ჩვენს სამეზობლოში ორმხრივი მიდგომების საჭიროებისგან.. მნიშვნელოვანია თანამშრომლობა, დაფუძნებული ჩვენი მეზობლების ინტერესებსა და ჩვენს ინტერესებზე. ჩვენს ინტერესს წარმოადგენს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა, რასაც ასევე იზიარებენ ჩვენი მეზობლები, და უნდა განვსაზღვროთ ჩვენი მიზნების განხორციელების გზები“.

გიორგი კვირიკაშვილი

გიორგი კვირიკაშვილი

„აღმოსავლეთის პარტნიორობის“ არაფორმალური დიალოგის მეექვსე შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო ასევე სავიზო ლიბერალიზაციის თემას, რომელთან დაკავშირებითაც ევროკომისიის საბოლოო შეფასება 15 დეკემბერს უნდა გამოქვეყნდეს. ამის შემდეგაც ევროკავშირის ქვეყნებმა პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღონ საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის უფლების მისანიჭებლად. გარანტირებულად ვერაფერს ამბობს, მაგრამ ევროკომისარი ჰანი იმედოვნებს, რომ შეფასება დადებითი იქნება და საქართველოს ნაჩვენები პროგრესი დაუფასდება. ოპტიმისტური მოლოდინი აქვს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს. როგორც მან 26 ნოემბერს მედიის წარმომადგენლებს უთხრა, „თბილისი მერიოტში“ „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ არაფორმალური დიალოგის მეექვსე შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად მისულმა, „საქართველომ ტექნიკური დავალებების ნაწილში აბსოლუტურად ყველა დავალება შეასრულა“ და საგარეო უწყების ხელთ არსებული წინასწარი ინფორმაცია ქვეყანას „დადებითი მოლოდინის საფუძველს“ აძლევს.

რადგანაც ევროკავშირის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს ჯანდაცვის სფეროს გამოწვევებთან გამკლავება წარმოადგენს, 26 ნოემბერს, „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ არაფორმალური დიალოგის მეექვსე შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს, უკრაინის, მოლდავეთის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ბელორუსიის ჯანდაცვის მინისტრებმა თუ მაღალი რანგის თანამდებობის პირებმა ამ სფეროს ამოცანებზეც ილაპარაკეს. შეხვედრის მონაწილეებმა ჯანდაცვის საერთაშორისო რეგულაციათა რამდენიმე პრიორიტეტზე იმსჯელეს. დახურულ კარს მიღმა განხილული საკითხები მედიასთან შეხვედრის დროს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჩამოთვალა:

დავით სერგეენკო

დავით სერგეენკო

„ამ რეგულაციებიდან განვიხილეთ სამი უმთავრესი, როგორიც არის: 1. ინფექციური დაავადებების გავრცელებაზე, ეპიდემიებზე შესაბამისი რეაგირების გეგმები, 2. ვაქცინაციის აცრებით მოცვის მნიშვნელოვანი გაზრდა და 3. თამბაქოს მოხმარების კონტროლთან და მოხმარების შემცირებასთან დაკავშირებული სტრატეგია“.

საქართველოში მიმდინარე ჯანდაცვის სფეროს რეფორმირების პროცესი დადებითად შეაფასა ევროკომისარმა ჯანდაცვისა და სურსათის უვნებლობის დარგში ვიტენის ანდრიუკაიტისმა და მედიასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ქვეყანამ „ძალიან პოზიტიური პროგრესი“ აჩვენა. ზოგადად, ჯანდაცვის სექტორში აქტიური თანამშრომლობა ევროკომისარმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან აუცილებლობად შეაფასა, ხაზი გაუსვა, მაგალითად, ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან (AMR) ბრძოლის მნიშვნელობას და შეგვახსენა, რომ ჯერ მარტო ევროკავშირში რეზისტენტული ბაქტერიების მიზეზით ყოველწლიურად 25 ათასი ადამიანი იღუპება .

აღმოსავლეთის პარტნიორობის არაფორმალური დიალოგის შეხვედრები წელიწადში ორჯერ იმართება აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართულ ქვეყნებში, მორიგეობით. ეს ფორმატი ემსახურება მოსაზრებათა ღია და არაფორმალურ გაცვლას პარტნიორ ქვეყნებს შორის, ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლების ჩართულობით.

ამ ღონისძიებაში მონაწილეობის გარდა, სხვა არაერთი შეხვედრით არის დატვირთული ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანის ვიზიტის დღის წესრიგი. წინასწარი ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარის გარდა, ის შეხვდება ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG