Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მომხრე სეპარატისტების ლიდერი, მეტსახელად “გივი”


მიხაილ ტოლსტიხი, 2015 წელი
მიხაილ ტოლსტიხი, 2015 წელი

აღმოსავლეთ უკრაინაში ოთხშაბათს მოკლეს სეპარატისტების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამხედრო ლიდერი, მიხაილ ტოლსტიხი, მეტსახელად "გივი". ის დონეცკში, საკუთარ კაბინეტში იმყოფებოდა, როცა ცეცხლმტყორცნიდან ესროლეს. ცნობების თანახმად, "გივი" გამოირჩეოდა ბრძოლის დროს დაკავებული უკრაინელი ჯარისკაცების მიმართ სისასტიკით და დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა სეპარატისტებში. ჩვენს მსმენელებსა და მკითხველებში კი, უთუოდ, ყურადღება მიიპყრო მისმა მეტსახელმა...

გადმოწერა

მიხაილ ტოლსტიხი მიეკუთვნებოდა უკრაინაში მებრძოლი სეპარატისტების იმ საველე მეთაურთა რიცხვს, რომელთა სახელიც ყველაზე ხშირად ჟღერდა მეამბოხეებში და მედიის გარკვეულ ნაწილში. უკრაინელი ჟურნალისტის, პაველ კაზარინის, აზრით, დონბასის რეგიონში "გივის" მიჩენილი ჰქონდა კონკრეტული როლი: მას უნდა შეექმნა დონეცკისა და ლუგანსკის ე. წ. სახალხო რესპუბლიკების მხარეს ნაბეყოფლობით გადასული უკრაინელის სახე. სეპარატისტებში პოპულარობით მას მხოლოდ არსენი პავლოვი, მეტსახელად „მოტოროლა“, გაუტოლდებოდა.

პაველ კაზარინი
პაველ კაზარინი

„ჩემი აზრით, როცა დაიწყო დონბასში შეჭრის პროცესი, რუსი კურატორების ამოცანებს შორის იყო, შეექმნათ რამდენიმე საჯარო პირი, რომლებიც შემდეგ წარმოსახული იქნებოდნენ ამ ფსევდოსახელმწიფო წარმონაქმნების ხელმძღვანელებად. შესაძლოა, ყველაფერი შემთხვევით მოხდა: რომელიმე რუსმა ჟურნალისტმა ეთერში აჩვენა მიხაილ ტოლსტიხი, რომელიც ცნობილი იყო "გივის" მეტსახელით, შემდეგ კი მას სხვა მედიასაშუალებებმაც მიაქციეს ყურადღება. მაგრამ, შესაძლოა, მიზანმიმართულად ხდებოდა მისი პოპულარიზაცია. საბოლოო ანგარიშით, მეამბოხეებს ორი გამორჩეული მებრძოლი ჰყავდათ: ეს იყო მიხაილ ტოლსტიხი, მეტსახელად "გივი", და არსენი პავლოვი, მეტსახელად მოტოროლა“, - უთხრა უკრაინელმა ჟურნალისტმა, პაველ კაზარინმა, ჩვენი რადიოს რუსული სამსახურის კორესპონდენტს, მარკ კრუტოვს, 8 თებერვალს, "გივის" ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ.

"გივი" ხელმძღვანელობდა „სომალის“ ბატალიონის სახელით ცნობილ რაზმს და სეპარატისტებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა დონეცკის აეროპორტისათვის სასტიკი ბრძოლის შემდეგ. 2015 წელს გადაღებულ ვიდეოში ჩანს მისი სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა უკრაინელ სამხედროებზე, რომლებიც ამ ბრძოლის დროს დააკავეს.

"გივი" 36 წლის იყო. ის დონეცკის მახლობლად, ქალაქ ილოვაისკში დაიბადა. ჩვენი კორესპონდენტების ცნობით, როცა საკუთარ მეტსახელზე საუბრობდა, ამბობდა, რომ დიდი პაპა ჰყავდა ქართველი. 90-ანი წლების ბოლოს ის უკრაინის არმიაში მსახურობდა, შემდეგ მემაღლივედ და მძღოლად მუშაობდა. დონბასში სეპარატისტების რიგებში 2014 წლის მაისში გამოჩნდა, ქალაქ სლავიანსკის შტურმის მონაწილეებს შორის.

„მოტოროლასა“ და "გივის" შორის კიდევ იყო ერთი თავისებური განსხვავება: „მოტოროლა“ იყო მანქანების მრეცხავი რუსეთის შორეული პროვინციიდან, ხოლო მიხაილ ტოლსტიხი, მეტსახელად "გივი", - უკრაინის მოქალაქე, რომელიც თავის დროზე უკრაინის არმიაშიც კი მსახურობდა...
პაველ კაზარინი

"გივის" ტრაგიკულ სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე, 16 ოქტომბერს, დაიღუპა ზემოხსენებული არსენი პავლოვიც, „მოტოროლა“. ის ლიფტში ააფეთქეს.

„მოტოროლასა“ და "გივის" შორის კიდევ იყო ერთი თავისებური განსხვავება: „მოტოროლა“ იყო მანქანების მრეცხავი რუსეთის შორეული პროვინციიდან, ხოლო მიხაილ ტოლსტიხი, მეტსახელად "გივი", - უკრაინის მოქალაქე, რომელიც თავის დროზე უკრაინის არმიაშიც კი მსახურობდა. მათ საჯარო, კამერებით გადაღებულ თანამშრომლობას წარმოსახავდნენ როგორც რუსი მოხალისის „ურღვევ ძმურ მეგობრობას“ სწორედ იმ უკრაინელ მეამბოხესთან, რომლის დასახმარებლადაც აღმოსავლეთ უკრაინაში ჩავიდა, ანუ წარმოსახავდნენ დაახლოებით ისეთივე ურთიერთობას, როგორიც 1936 წელს ესპანეთში მებრძოლ საერთაშორისო რაზმში ჰქონდათ. მაგრამ ახლა, როგორც ვიცით, ეს ამბავი წარსულს ჩაბარდა“, - ამბობს უკრაინელი ჟურნალისტი პაველ კაზარინი.

და წარსულს ჩაბარდა არამარტო "გივისა" და „მოტოროლას“ ამბავი. ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში დაიღუპა დონბასში რუსეთის მხარდამჭერი სეპარატისტების კიდევ სამი მეთაური. სულ აღმოსავლეთ უკრაინაში მთავრობის ჯარებსა და რუსეთის მომხრე სეპარატისტებს შორის კონფლიქტმა, რომელიც 2014 წლის აპრილში დაიწყო, უკვე 9 750-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG