Accessibility links

logo-print

21 მაისს რიგაში ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ რიგის სამიტი ოფიციალურად უკვე გაიხსნა, თუმცა მთავარი შეხვედრები რიგის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში 22 მაისსს დაიწყება. დღის წესრიგის თანახმად, სამიტში კავშირის ყველა ქვეყნის სახელმწიფოს მეთაური მიიღებს მონაწილეობას, გარდა საფრანგეთისა. „აღმოსავლეთის პარტნიორი“ ქვეყნებიდან კი სამიტს კვლავ არ დაესწრება ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, რომელიც, ოპოზიციისა და მედიის წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიების გამო, სანქციების ქვეშაა. ბოლო წუთას გახდა ცნობილი, რომ რიგაში არ ჩამოვა პრეზიდენტი ილხამ ალიევი. აზერბაიჯანი „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრ ელმარ მამადიაროვით იქნება წარმოდგენილი.

კულუარული ინფორმაციით, „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტზე მიიღებენ ერთობლივ დეკლარაციას, რომლის შინაარსი გაცილებით სუსტი იქნება, ვიდრე წინა, ვილნიუსის სამიტის დეკლარაციისა. კერძოდ, ევროკავშირის განცხადების პროექტი, რომელიც „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ რიგის სამიტისთვის მომზადდა, არ ითვალისწინებს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს, მოლდავეთისა და უკრაინის მნიშვნელოვან წინსვლას. ტექსტში არ არის ნახსენები კონკრეტული ზომები ინტეგრაციის გზაზე, მათ შორის, არ იქნება მითითება „ევროპულ პერსპექტივაზე“.

თუმცა კვლავ დადასტურდება „თითოეული პარტნიორის სუვერენული უფლება“ აირჩიოს, რა ამბიცია და მიზნები აქვს ევროკავშირთან ურთიერთობაში. ასევე კულუარული ინფორმაციით, ბელორუსია და სომხეთი წინააღმდეგნი არიან ხელი მოაწერონ სამიტის დასკვნით დოკუმენტს იმ სახით, რომელშიც უკრაინასთან მიმართებით „ყირიმის უკანონო ანექსიაზეა“ საუბარი, თუმცა ევროკავშირი არ აპირებს კომპრომისს და დიდი ალბათობით, დეკლარაცია დაგმობს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას.

რაც შეეხება საქართველოს, დეკლარაციის ტექსტში აისახება საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის მიმართულებით გადადგმული პოზიტიური ნაბიჯები, თუმცა საქართველოს მოქალაქეებისათვის ეროვნული პასპორტებით ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობის საკითხი მოგვიანებით, როგორც საქართველოს დელეგაციის წევრი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ვარაუდობს, წლის ბოლოს გაირკვევა.

რიგაში 20 მაისს ჩამოვიდა საქართველოს დელეგაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს და, „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტში მონაწილეობის ფარგლებში, რამდენიმე ორმხრივ შეხვედრას მართავს. 21 მაისს, შუადღისას, საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის ხელი მოეწერება მემორანდუმს, რომელიც „საქართველოს აგრარული და სასურსათო სექტორის განვითარებაზეა მიმართული და დაეხმარება საქართველოს ისარგებლოს იმ უპირატესობით, რასაც ამ მიმართულებით ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფაგრლებში ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმება იძლევა“.

„აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტის პარალელურად, გაიმართება რამდენიმე ღონისძიება, მათ შორის, ევროპის სახალხო პარტიის ფორუმი. ამ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, როგორც ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG