Accessibility links

აღმოსავლეთი ევროპა რუსეთის სპეცსამსახურების ყურადღების ცენტრში რჩება 


ონდრჟეი კუნდრას წიგნის ყდის ფრაგმენტი

ონდრჟეი კუნდრას წიგნის ყდის ფრაგმენტი

ბოლო ხანებში ბევრი ლაპარაკია რუსეთის სპეცსამსახურებისა და კრემლის აგენტურის მოქმედების გააქტიურებაზე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, რომელსაც მოსკოვი, ტრადიციულად, თავისი გავლენის სფეროდ მიიჩნევს.

"ის ფაქტი, რომ რუსეთის მმართველი ელიტა და მისი სპეცსამსახურები რუსეთის საზღვრებს შორს გასცდნენ, რამდენიმე მიზეზითაა განპირობებული. მათ შორის, საქმე გვაქვს ჯერ კიდევ შემორჩენილ საბჭოთა სტერეოტიპთან, რომელიც მსოფლიოს განიხილავს როგორც გავლენისა და ძალაუფლებისათვის ბრძოლის სასტიკ არენას“, - ესაა ფრაგმენტი ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ახლახან გამოცემული ჩეხი ჟურნალისტისა და ანალიტიკოსის ონდრჟეი კუნდრას წიგნიდან „პუტინის აგენტები. როგორ იპარავენ ჩვენს საიდუმლოებებს რუსი ჯაშუშები“.

წიგნში აღწერილია ჩეხეთში მოქმედი რუსეთის აგენტურული ქსელის წარსული და აწმყო, გაანალიზებულია მოსკოვის ინტერესებისათვის მომუშავე ჯაშუშების გამოაშკარავების რიგი ოპერაციების დეტალები და ხაზგასმულია, რომ ევროპის პატარა ქვეყანა, ჩეხეთის რესპუბლიკა, დიდი ხანია გადაიქცა „ჯაშუშთა თამაშების“ იმ ადგილად, სადაც რუსეთის ფედერაციის აგენტები ძალიან სახიფათო საქმიანობას ეწევიან, მათთან ბრძოლა კი, პოლიტიკური ნებისა თუ ფინანსების უქონლობის გამო, სულ უფრო რთული ხდება. ონდრჟეი კუნდრას ჩემი კოლეგა, რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის თანამშრომელი, იაროსლავ შიმოვი შეხვდა. შეკითხვაზე, თუ რას ემყარება მტკიცებულება, რომ ჩეხეთი რუსეთის სპეცსამსახურების აქტიურობის ცენტრალური კერაა აღმოსავლეთ ევროპაში, ონდრჟეი კუნდრამ შემდეგი განაცხადა:

„ამის საფუძველი რამდენიმეა, მათ შორის - ისტორიული ფაქტორიც. გაგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 1960-იან წლებში საბჭოთა კავშირმა პრაღაში, თავის საელჩოში, რეზიდენტურის მსგავსი სამსახური შექმნა. ეს სიახლე იყო, რადგან მანამდე რეზიდენტურები დასავლეთის სახელმწიფოებში არსებობდა და არა მოსკოვის სატელიტ ქვეყნებში. ამის მიზეზად იქცა „პრაღის გაზაფხული“, ჩეხოსლოვაკიის პოლიტიკური სისტემის რეფორმირებისაკენ დაწყებული მოძრაობა, რაც არ მოეწონათ საბჭოთა კავშირში და სწორედ მაშინ გადაწყდა ასეთი სადაზვერვო ცენტრის შექმნა. საბჭოთა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (კაგებეს) აგენტებს, რომლებიც აქ გამოჩნდნენ, დავალებული ჰქონდათ ჩეხოსლოვაკიის მაშინდელი ხელმძღვანელობის რეფორმისტული კურსისათვის ძირის გამოთხრა და მოსკოვის პოლიტიკური გავლენის გაძლიერება. როგორც ისტორიიდან ცნობილია, მათ ეს მოახერხეს, თუმცა, საბოლოო ჯამში, კრემლი მაინც გახდა იძულებული მიემართა სამხედრო ინტერვენციისათვის. სპეცსამსახურების წარმატებულად მიჩნეული მუშაობის გამოცდილების დანერგვა შემდგომში აღმოსავლეთ ბლოკის სხვა ქვეყნებშიც დაიწყო. ასე რომ, ამ შემთხვევაში საკმაოდ ღრმა ისტორიულ ფესვებთან გვაქვს საქმე“.

„ისინი არსად წასულან“

1989 წელს, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში კომუნისტური რეჟიმების დაცემისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სპეცსამსახურების მუშაობის ხელწერის მიმართ საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე რუსეთის ხელისუფლებამ დამოკიდებულება მხოლოდ მცირე ხნით შეცვალა.

ქალაქებში ბრნოსა და კარლოვი ვარიში არსებობს რუსეთის საკონსულოები. ამას დავუმატოთ სავარაუდო აგენტები, რომლებსაც არ გააჩნიათ დიპლომატიური საფარველი და ჩვეულებრივ მეწარმეებად, ექიმებად, ჟურნალისტებად და სხვა მრავალი სამოქალაქო პროფესიის მიხედვით მუშაობენ...

„წინა რეჟიმისაგან მემკვიდრეობით მიღებული სპეცსამსახურებისადმი რუსეთის ახალი ხელისუფლების დამოკიდებულება გარკვეული დროის განმავლობაში შეიცვალა. ელცინმა, რომელიც, როგორც ცნობილია, კაგებეს ძალიან არ ენდობოდა, უწყება ცალკეულ სპეცსამსახურებად დაყო. მთლიანობაში, 90-იანი წლების დასაწყისისათვის რუსეთის დაზვერვა გაურკვევლობის ეპოქაში აღმოჩნდა. პარალელურად, აღმოსავლეთ ბლოკის ყოფილ ქვეყნებში, მათ შორის, ჩეხეთში, მიმდინარეობდა ეკონომიკური რეფორმები, პრივატიზაცია, რომლის დროსაც სხვადასხვა ფორმით თავი იჩინა ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობამ. ამ პროცესებთან დაკავშირებით ინტერესი გამოამჟღავნეს ყოფილ საბჭოთა კავშირში მოქმედმა დანაშაულებრივმა ჯგუფებმა, რომლებიც ჩვენშიც გამოჩნდნენ. მათ საქმიანობასთან კი ზოგჯერ ყოფილი კაგებეს თანამშრომლებიც აღმოჩნდნენ დაკავშირებული. სხვაგვარად თუ ვიტყვით, ეს ადამიანები, სინამდვილეში, აქედან არსადაც არ წასულან. რუსეთის ხელისუფლებაში ვლადიმირ პუტინის მოსვლის შემდეგ ვითარება შეიცვალა: დასავლეთის ზოგიერთი სპეცსამსახურის ცნობით, სწორედ ამ პერიოდში გადაწყვიტა მოსკოვმა, რომ ჩეხეთი ექცია ცენტრალური ევროპის რეგიონში საკუთარი სადაზვერვო საქმიანობის მთავარ ბაზად. ეს რუსეთისათვის ხელსაყრელი იყო, იმ თანაფარდობის გათვალისწინებით, რაც, მაგალითისათვის, ჩეხეთისა და გერმანიის კონტრდაზვერვათა შორის არსებობს. გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახური (BND) გაცილებით უფრო მრავალრიცხოვანი, გამოცდილი და უკეთესად დაფინანსებულია, ჩეხეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური BIS (უსაფრთხოებისა და ინფორმაციის სამსახური - მთარგმნელი) კი, პირიქით, მცირერიცხოვანია და არსებობს მონაცემები, რომ ამ უწყების ჯაშუშობის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებას, მთელი რესპუბლიკის მასშტაბით, მხოლოდ ხუთ ობიექტზე შეუძლია ერთდროულად თვალყურის დევნება. რუსეთის აგენტურული ქსელი ჩეხეთში ხუთ კაცზე გაცილებით მრავალრიცხოვანია და ის თავს აქ გრძნობს უფრო კომფორტულად, ვიდრე დასავლეთის რომელიმე ქვეყანაში“.

ზუსტად არავინ იცის, თუ რამდენი რეზიდენტი და აგენტი ჰყავს რუსეთის დაზვერვას ჩეხეთის რესპუბლიკაში, თუმცა თავად რუსეთის საელჩოს თანამშრომელთა რაოდენობა უსაფრთხოების საკითხების ექსპერტებს გარკვეული ვარაუდის საფუძველს აძლევს.

„ზუსტი მონაცემები, რა თქმა უნდა, არ არსებობს. ჩეხეთის კონტრდაზვერვა საკუთარ ანგარიშებში ამტკიცებს, რომ პრაღაში მდებარე რუსეთის საელჩოს თანამშრომელთა მესამედს კავშირი აქვს რუსეთის სპეცსამსახურებთან. თანამშრომელთა რაოდენობა, ჯამში, 140 კაცია, რაც ძალიან ბევრია ისეთი პატარა ქვეყნისათვის, როგორიც ჩეხეთია. ეს უკვე თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს. გარდა ამისა, ქალაქებში ბრნოსა და კარლოვი ვარიში არსებობს რუსეთის საკონსულოები. ამას დავუმატოთ სავარაუდო აგენტები, რომლებსაც არ გააჩნიათ დიპლომატიური საფარველი და ჩვეულებრივ მეწარმეებად, ექიმებად, ჟურნალისტებად და სხვა მრავალი სამოქალაქო პროფესიის მიხედვით მუშაობენ“, - ამბობს ჩეხი ჟურნალისტი და ანალიტიკოსი ონდრჟეი კუნდრა, ავტორი წიგნისა, „პუტინის აგენტები. როგორ იპარავენ ჩვენს საიდუმლოებებს რუსი ჯაშუშები“.

ნიშანდობლივია, რომ ამ წიგნის გამოსვლას დროში დაემთხვა მორიგი ჯაშუშთა სკანდალი პრაღაში, რაც ირიბად რუსეთსა და უკრაინას, ამ ორ ქვეყანას შორის სამხედრო-პილიტიკურ დაპირისპირებასაც ეხება.

საქმე ეხება ჩეხეთის ციხიდან ლიბანის მოქალაქე ალი ფაიადის (ნამდვილი გვარი - ტაანი) განთავისუფლებას და ლიბანის სპეცსამსახურებისათვის მის გადაცემას, რაც სკანდალური ფორმით მოხდა. დავიწყოთ იმით, რომ ბიზნესმენი ალი ფაიადი დაახლოებით ორი წლის წინ დააპატიმრეს პრაღაში, სადაც კოლუმბიის რადიკალური დაჯგუფება „ფარკის“ წარმომადგენლებთან აწარმოებდა ფარულ მოლაპარაკებებს 8 მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღების მიწოდების თაობაზე. ვინაიდან „ფარკის“ დაჯგუფება აშშ-ს შეყვანილი ჰყავს ტერორისტული ორგანიზაციების სიაში, ცხადია, ამერიკის სპეცსამსახურებმა ამ გარიგების შესახებ შეიტყვეს. მალე, კოლუმბიელთა სახით, პრაღაში ჩავიდნენ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები, რომლებმაც ფაიადი დააპატიმრეს. 2015 წლის დეკემბერში ჩეხეთის სასამართლომ დააკმაყოფილა ვაშინგტონის თხოვნა ეჭვმიტანილი ლიბანელის გადაცემის თაობაზე.

ამერიკული სპეცსამსახურების ჩაშლილი ოპერაცია

მაგრამ ისე მოხდა, რომ ამ დროისათვის ლიბანში ტყვეობაში აღმოჩნდა ჩეხეთის ხუთი მოქალაქე, რომელთა გამტაცებლები პრაღისაგან მოითხოვდნენ, არ გადაეცათ ფაიადი ამერიკელებისათვის. ჩეხეთის პოლიცია და სპეცსამსახურები იძიებენ იმ გარემოებებს, თუ როგორ მოხდა ჩეხების ჯგუფის მძევლად აყვანა ლიბანში.

ცნობილია შემთხვევა, რომელზეც დაწვრილებით ვყვები ჩემს წიგნში. ესაა რუსი აგენტის, წარმოშობით ინდონეზიელი რუსეთის მოქალაქის, რობერტო რახარჯოს საქმე. იგი არის მაგალითი სწორედ ისეთი აგენტისა, რომლის გამოაშკარავება იოლი სულაც არ არის...

როგორც ჩანს, ეს იყო გულდასმით მოფიქრებული ოპერაცია, რომელიც, გამოძიების ვერსიით, ფაიადის გავლენიანი ნათესავების მიერ იყო ორგანიზებული. გამოძიების თანახმად, თავად ალი ფაიადი რადიკალურ დაჯგუფება „ჰიზბოლასთან“ დაკავშირებული მსხვილი შიიტური კლანის წევრი უნდა იყოს.

რაც შეეხება მძევლად აყვანილ ჩეხებს, რომელთა შორის იყვნენ ჟურნალისტები, ადვოკატი და თვით სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელიც, ისინი, როგორც ირკვევა, სხვადასხვა სარჩულით შეიტყუეს ლიბანში და შემდეგ მძევლად აიყვანეს. მათი განთავისუფლების თაობაზე მრავალი თვის მანძილზე მიმდინარეობდა მოლაპარაკებები და, საბოლოოდ, თებერვლის დასაწყისში მძევლები გაათავისუფლეს. ისინი გაცვალეს ზემოხსენებულ ალი ფაიადში, რომელმაც ამ გარიგებით თავიდან აიცილა აშშ-ში ექსტრადიცია. ვაშინგტონმა ჩეხეთის რესპუბლიკაში თავისი ელჩის პირით გააპროტესტა აღნიშნული გარიგება, თუმცა ამ დემარშით არაფერი შეცვლილა.

სხვათა შორის, ალი ფაიადის საქმეში ფიგურირებს, როგორც ზემოთ ითქვა, რუსეთ-უკრაინის კვალი. ლიბანელი იარაღით მოვაჭრე ერთ დროს უკრაინის მოქალაქეობასაც ფლობდა და 2012 წელს უკრაინის იმჟამინდელმა თავდაცვის მინისტრმა, დმიტრი სალამატინმა, იგი თავის მრჩევლადაც კი დანიშნა.

სალამატინის წარსულსა და ალ ფაიადისთან მის კავშირებზე ჩვენ ქვემოთ უფრო ვრცლად ვისაუბრებთ, ახლა კი განვაგრძობთ ინტერვიუს ჩეხ ჟურნალისტ და ანალიტიკოს ონდრჟეი კუნდრასთან, რომელიც, გავიმეორებ, არის ავტორი ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ცოტა ხნის წინ გამოცემული წიგნისა „პუტინის აგენტები. როგორ იპარავენ ჩვენს საიდუმლოებებს რუსი ჯაშუშები“. აი, რას ამბობს იგი იმ გახმაურებულ საქმეებზე, რაც ჩეხეთში რუსეთის აგენტების საქმიანობას შეეხება.

ფსიქოლოგის ნიღაბს ამოფარებული რუსი ჯაშუში

„ცნობილია შემთხვევა, რომელზეც დაწვრილებით ვყვები ჩემს წიგნში. ესაა რუსი აგენტის, წარმოშობით ინდონეზიელი რუსეთის მოქალაქის, რობერტო რახარჯოს საქმე. იგი არის მაგალითი სწორედ ისეთი აგენტისა, რომლის გამოაშკარავება იოლი სულაც არ არის. რახარჯო აქ, ჩეხეთში, 90-იანი წლებიდან ცხოვრობდა, სწავლობდა უმაღლეს სასწავლებელში, შემდეგ შექმნა ოჯახი და მიიღო ჩეხეთის მოქალაქეობა. იგი ერთ-ერთ გამოსასწორებელ დაწესებულებაში ფსიქოლოგად მუშაობდა. როგორც მოგვიანებით კონტრდაზვერვამ დაადგინა, რახარჯო რუსეთის დაზვერვამ მორიგი საზაფხულო შვებულების დროს ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთ კურორტზე გადაიბირა. ის ტექნიკურად კარგად იყო აღჭურვილი, ჰქონდა სპეციალური გადამცემი საშუალება, რომელსაც აბაზანაში მოწყობილ სამალავში ინახავდა“.

უნდა აღინიშნოს, რომ რობერტო რახარჯოს გამოაშკარავებაში ჩეხეთის დაზვერვას ერთ-ერთი პარტნიორი სახელმწიფოს სპეცსამსახურები დაეხმარნენ. ამის შემდეგ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილ პირზე ხანგრძლივი თვალთვალი დაწესდა. წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ დაკვირვების შედეგად გამოვლინდა იმ პირთა ვინაობა, რომლებთანაც რახარჯოს ჰქონდა კავშირი და რომლებსაც მისთვის უნებურად, უმეცრებითა თუ გაუფრთხილებლობით, შეეძლოთ ისეთი ინფორმაციის გადაცემა, რომელიც შეიძლებოდა საინტერესო გამხდარიყო რუსეთის სპეცსამსახურებისათვის.

მოვუსმინოთ ისევ ონდრჟეი კუნდრას, რომელიც განმარტავს, თუ როგორ ახერხებდა ფსიქოლოგის სპეციალობით მოქმედი რუსი ჯაშუში ნაცნობობის გაბმას ჩეხეთის მაღალ წრეებში:

„რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, რუს ჯაშუშს საკმაოდ მაღალ ეშელონებში - პირველ ყოვლისა, სამხედრო წრეებში - ჰყავდა მრავალი ნაცნობი. ამის გამო შემდეგ სამსახურიდან დაითხოვეს მაღალჩინოსანი ჩეხი ოფიცრები და გენერლები. დადგინდა, რომ რახარჯოსთან ურთიერთობით ისინი, საკუთარი დაუდევრობის გამო, ინფორმაციის გაჟონვის წყაროდ იქცნენ. საქმის არსში გარკვევა საკმაოდ რთულია. ზოგჯერ ცნობა, მათ შორის, პირადი ცხოვრების შესახებ, რომელიც, ერთი შეხედვით, ბანალურად მოჩანს, უცხოეთის დაზვერვის ხელში შეიძლება შანტაჟის ინსტრუმენტად იქცეს. სიტყვაზე, რომელიმე მაღალი რანგის სამხედრო მოხელეს შეიძლება ახასიათებდეს სისუსტეები ან გარკვეული ცოდვები აწევს კისერზე... თუმცა რახარჯოს წინააღმდეგ წარმატებით დაწყებული ოპერაცია ბოლომდე ვერ მივიდა. საბოლოო ჯამში, მან მოახერხა რუსეთში გაქცევა და თან წაიღო კომპიუტერი, რომელშიც ძნელი სათქმელია, რა სახის ინფორმაციას მალავდა რუსი ჯაშუში და არც იმაში ვარ დარწმუნებული, ჩვენს სამსახურებს ჰქონდეთ ინფორმაცია რახარჯოს დოსიეზე“, ამბობს ჩეხი ჟურნალისტი და ანალიტიკოსი ონდრჟეი კუნდრა.

ახლა მივუბრუნდეთ ჯაშუშურ სკანდალს, რომელიც დაემთხვა წიგნის გამოცემას ჩეხეთის რესპუბლიკაში.

ალი ფაიადის საიდუმლო მისია პრაღასა და კიევში

მოკლედ გავიმეორებთ, რომ საქმე ეხება ჩეხეთის ციხიდან ლიბანის მოქალაქის ალი ფაიადის (ნამდვილი გვარი - ტაანი) განთავისუფლებას და ლიბანის სპეცსამსახურების მიერ მის ექსტრადიციას. იარაღის უკანონო ვაჭრობაში ეჭვმიტანილი ბიზნესმენი, როგორც ზემოთ ითქვა,დაახლოებით ორი წლის წინ დააპატიმრეს პრაღაში, სადაც კოლუმბიის რადიკალური დაჯგუფება „ფარკის“ წარმომადგენლებთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს 8 მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღების მიწოდების თაობაზე.

არ მინდა იმის თქმა, თითქოს ჩვენი სპეცსამსახურები არაფერს აკეთებდნენ. ცხადია, ისინი, შესაძლებლობის ფარგლებში, ცდილობენ შეებრძოლონ ამ საფრთხეს.პრობლემა ისაა, რომ, რამდენადაც შემიძლია განვსაჯო, ისინი არ იღებენ ცხად და ერთმნიშვნელოვან ამოცანას პოლიტიკოსებისაგან: აი, თქვენ პრიორიტეტები, მათზე იმუშავეთ, წარმოადგინეთ შედეგები, ხოლო ჩვენ გპირდებით, რომ, შედეგებიდან გამომდინარე, შესაბამის ზომებს მივიღებთო...

როგორც შემდეგ გაირკვა, ალი ფაიადი, რომლის გადაცემასაც ვაშინგტონი მოითხოვდა,ერთ დროს უკრაინის მოქალაქეობასაც ფლობდა და 2012 წელს უკრაინის იმჟამინდელმა თავდაცვის მინისტრმა, დმიტრი სალამატინმა, თავის მრჩევლადაც კი დანიშნა.

თავის მხრივ, მეტად საინტერესო ფიგურაა სალამატინი. იგი 90-იან წლებში ძალიან გავლენიანი რუსი პოლიტიკოსისა და რუსეთის იმჟამინდელ პრეზიდენტთან, ბორის ელცინთან, დაახლოებული პირის, ოლეგ სოსკოვეცის, სიძეა. სალამატინი რუსეთიდან უკრაინაში 15 წლის წინ გადავიდა საცხოვრებლად, შეიცვალა მოქალაქეობა, დაიწყო ბიზნესი, ხოლო 2006 წლის არჩევნებში „რეგიონთა პარტიის“ სიით უკრაინის პარლამენტის, ვერხოვნა რადას, დეპუტატიც გახდა. უკრაინის სათავეში ვიქტორ იანუკოვიჩის მოსვლის შემდეგ სალამატინი უკრაინის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში მოხვდა და, როგორც ზემოთ ითქვა, ქვეყნის თავდაცვის მინისტრად დაინიშნა.

და ახლა მთავარი: რისთვის დასჭირდა უკრაინის ყოფილ თავდაცვის მინისტრს საერთაშორისო დონის იარაღით მოვაჭრე ალი ფაიადი, რომელიც თავის მრჩევლად დანიშნა?

გამოძიების მონაცემებით, უკრაინისა და ჩეხეთის მედიაში რომ გამოქვეყნდა ამ ქვეყნების სპეცსამსახურების წყაროებზე დაყრდნობით, „უკრაინელ-ლიბანელი“ ალი ფაიადი შეიძლებოდა ყოფილიყო მეკავშირე რუსეთის შეიარაღების ექსპორტიორებსა და ისეთ კლიენტებს შორის ახლო აღმოსავლეთიდან, როგორიცაა „ჰიზბოლაჰი“ და სირიის ლიდერ ბაშარ ალ ასადის რეჟიმი. ასეთი საეჭვო კლიენტებისათვის შეიარაღების პირდაპირ მიწოდება რუსეთს არ შეეძლო, ამიტომ საჭირო იყო შემოვლითი გზა, უკრაინის გავლით, ფაიადისა და ახლო აღმოსავლეთში მისი კავშირების გამოყენებით.

ალი ფაიადიმ კარგად იცოდა, თუ როგორ შეიძლებოდა შეიარაღების უმტკივნეულოდ მიწოდება სირიასა და ლიბანში, მათ შორის, რუსეთიდან. იგი ინფორმირებული იყო იმის თაობაზეც, თუ როგორ იყო მოწყობილი ვიქტორ იანუკოვიჩის რეჟიმი და რამდენად მრავლად იყვნენ მასში უშუალოდ კრემლსა და რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პირები. ამდენად, კიდევ უფრო ცხადი ხდება აშშ-ის სპეცსამსახურების დაინტერესება ალი ფაიადის პერსონით. საერთაშორისო დონის იარაღის სავარაუდო კონტრაბანდისტის დაპატიმრებასაც პრაღაში, რაზეც ზემოთ ვრცლად ვისაუბრეთ, ამერიკელი გამომძიებლები სერიოზულ წარმატებად მიიჩნევდნენ, თუმცა ლიბანში ჩეხეთის მოქალაქეების გატაცებამ და მათზე ალი ფაიადის გაცვლამ წყალში ჩაყარა ეს წარმატება.

ჩეხეთის სპეცსამსახურების წყაროები არ გამორიცხავენ, რომ ალი ფაიადის გათავისუფლების ოპერაციასთან სწორედ რუსეთის დაზვერვის აგენტები ყოფილიყვნენ დაკავშირებული.

უპასუხოდ დარჩენილი შეკითხვები

„ამ საქმეში უპასუხოდ დარჩენილი რამდენიმე შეკითხვა არსებობს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რაც უკვე ცნობილია, შეიძლება ითქვას, რომ, როგორც ჩანს, დაშვებული იყო შეცდომები. დავიწყოთ იმით, რომ ლიბანში იტაცებენ ჩეხების ჯგუფს, რომელსაც შემდგომ ცვლიან ჩეხეთში დაპატიმრებულ იარაღით მოვაჭრე ალი ფაიადში, რომლის გადაცემასაც აშშ ითხოვდა. ამის შედეგად, ფაიადი აღარ ხვდება ამერიკაში, რისიც მას, უნდა ვივარაუდოთ, ძალიან ეშინოდა. ამის ნაცვლად იგი ბრუნდება შინ, ლიბანში, და მასში გაცვლილ ხუთ ჩეხსაც შინ, პრაღაში, აბრუნებენ. ამასთან, ერთ-ერთი ჩეხი ჩვენი სამხედრო დაზვერვის ის თანამშრომელია, რომელიც ლიბანში ჩავიდა დავალებით, რომ მიეღო ინფორმაცია სულ სხვა ჩეხ მოქალაქეზე, რომელიც უფრო ადრე ლიბიაში გაიტაცეს. შედეგად, ეს მზვერავიც მძევლად აიყვანეს და სხვებთან ერთად გაცვალეს ალი ფაიადში. ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, სპეცსამსახურების კუთხით, ძალიან ძნელია ისაუბრო რაიმე წარმატებაზე“.

სხვათა შორის, ჩეხეთში ბოლო ხანს ბევრი ლაპარაკია ზოგიერთი ჩეხი პოლიტიკოსის, პირველ ყოვლისა, ქვეყნის პრეზიდენტის მილოშ ზემანის აშკარად პრორუსულ სიმპათიებზე. „ქვეყნის პრეზიდენტი, მხოლოდ მისთვის გასაგები მიზეზებით, რომელზეც ჩვენ მხოლოდ მარჩიელობა შეგვიძლია, ისეთ განცხადებებს აკეთებს, რაც კრემლის წისქვილზე ასხამს წყალს“, - ფიქრობს ჩეხი ჟურნალისტი და ანალიტიკოსი ონდრჟეი კუნდრა. იგი არც იმას გამორიცხავს, რომ ჩეხეთის ხელმძღვანელობის ასეთი პოლიტიკაც გამხდარიყო ქვეყნის სპეცსამსახურების არაეფექტური მუშაობის მიზეზი:

ონდრჟეი კუნდრა

ონდრჟეი კუნდრა

„არ მინდა იმის თქმა, თითქოს ჩვენი სპეცსამსახურები არაფერს აკეთებდნენ. ცხადია, ისინი, შესაძლებლობის ფარგლებში, ცდილობენ შეებრძოლონ ამ საფრთხეს. პრობლემა ისაა, რომ, რამდენადაც შემიძლია განვსაჯო, ისინი არ იღებენ ცხად და ერთმნიშვნელოვან ამოცანას პოლიტიკოსებისაგან: აი, თქვენ პრიორიტეტები, მათზე იმუშავეთ, წარმოადგინეთ შედეგები, ხოლო ჩვენ გპირდებით, რომ, შედეგებიდან გამომდინარე, შესაბამის ზომებს მივიღებთო. მაგალითად, ჩემს წიგნში აღწერილი მაქვს, თუ როგორ წარუდგინეს რამდენიმე წლის წინ სპეცსამსახურებმა მაშინდელ პრეზიდენტს, ვაცლავ კლაუსს, ანალიტიკური ცნობა, რომელიც მეტყველებდა ერთ-ერთი რუსული კომპანიის დაინტერესებაზე გაეფორმებინა დიდი კონტრაქტი ჩეხეთის ენერგეტიკის სფეროში. ექსპერტული შეფასებით, ასეთი გარიგება, თავის მხრივ, საშიშროებას უქადდა ეროვნულ უსაფრთხოებას. თუმცა ჩეხეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ერთ-ერთ ასეთ ცნობას დაადო რეზოლუცია, აქაოდა, მე ასეთ სისულელეებს არ უნდა მწერდეთო. ცხადია, მსგავს რეაქციას შეუძლია მხოლოდ გაანადგუროს სპეცსამსახურები. და, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი ნეგატიური ფაქტორია ამ სამსახურის შეზღუდული ბიუჯეტი. არსებობს სხვა მომენტები. შევადაროთ ჩეხეთი, ვთქვათ, ესტონეთს, სადაც რუსეთის მხრიდან ეროვნულ უსაფრთხოებას კიდევ უფრო დიდი საშიშროება ემუქრება. იქ სპეცსამსახურებს, პირველ ყოვლისა, აქვთ მკაფიო პოლიტიკური ამოცანა, რაზეც ზემოთ ვისაუბრე. მეორე მხრივ, თუ ისინი გამოააშკარავებენ რომელიმე ჯაშუშს, მთელი ეს ისტორია, სპეცსამსახურებთან დაკავშირებული სპეციფიკური შეზღუდვების მიუხედავად, ადრე თუ გვიან მაინც ხდება საზოგადოების მონაპოვარი და მკაფიოდ და გასაგებად აისახება კონტრდაზვერვის მიერ შედგენილ ანგარიშებში. შესაბამისად, საზოგადოება ხედავს, თუ კონკრეტულად რით არიან დაკავებული სპეცსამსახურები, როგორ იხარჯება მათზე გამოყოფილი ბიუჯეტი და რატომაა საშიში ჯაშუშობა. სამწუხაროდ, ჩვენთან საქმე სხვაგვარადაა: ჩეხეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სპეცსამსახური BIS -ი დახურული სტრუქტურაა და საზოგადოება და მასობრივი საინფორმაციო საშუალებები მას პრაქტიკულად ვერ აკონტროლებენ. ამის გამოა, რომ მათი მუშაობის პოზიტიური შედეგებიც კი ჯეროვნად არავინ იცის. შესაბამისად, თავის მხრივ, ვერც საზოგადოება აცნობიერებს, სად იმყოფება და რა საშიშროების წინაშე დგას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება“.

ონდრჟეი კუნდრა მის მიერ რუსეთის აგენტურის მუშაობის შესახებ მოპოვებული მაგალითების ანალიზის საფუძველზე ასკვნის, რომ, სპეცსამსახურებისა და აგენტურული ქსელის გააქტიურებით, კრემლი შემდგომში შეეცდება ჩეხეთსა და ცენტრალურ ევროპაში საკუთარი ინტერესები გაატაროს.

„ვფიქრობ, ამის თაობაზე სხვადასხვა პროპაგანდისტული ვებსაიტების გააქტიურებითაც შეიძლება ვიმსჯელოთ. უდავოა, შეეცდებიან მოახდინონ გავლენა პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე, შეასუსტონ იმ პარტიებისა და ლიდერების პოზიციები, რომლებიც დღევანდელი კრემლის პოლიტიკაში საფრთხეს ხედავენ, და, პირიქით, მხარი დაუჭირონ და, მათ შორის, ფინანსურადაც დაეხმარონ იმათ, ვინც მოსკოვის მიმართ მეგობრულ ხაზს ატარებს, მაგალითად, პრეზიდენტ მილოშ ზემანსა და ქსენოფობიურ, ექსტრემისტულ და ნაციონალისტურ პოზიციებზე მდგომ ზოგიერთ იმ პოლიტიკურ ძალას, რომლებიც დღეს შედარებით მცირედ და მარგინალურად გვეჩვენება. ევროპაში მიგრაციული კრიზისისა და რუსეთის გარკვეული მხარდაჭერის პირობებში ასეთმა ძალებმა, შესაძლოა, პოპულარობა მოიხვეჭონ. სწორედ ამიტომ მიმაჩნია საჭიროდ, რომ ჩეხეთშიც განმეორდეს იგივე, რაც ესტონეთში მოხდა. 2008 წელს მათ ძალიან დიდი პრობლემა შეექმნათ რუს ჯაშუშ, ესტონელ ოფიცერ ჰერმან სიმის გამო, რომელიც ნატოს სტრუქტურების შესახებ მოსკოვს აწვდიდა ინფორმაციებს. ეს ფაქტი ესტონეთის საზოგადოებამ ეროვნულ სირცხვილად აღიქვა. ამან მრავალი უწყების, მათ შორის, სპეცსამსახურების გარკვეული შიდამობილიზაცია გამოიწვია. ბოლო წლების განმავლობაში იქ რუსეთის დაზვერვის, სულ მცირე, 4 აგენტი დააკავეს. როდესაც საზოგადოებას ესმის, თუ რისთვის იბრძვის, საბოლოო ჯამში, იგი უფრო თავისუფალი, უფრო მტკიცე და ჯანსაღი ხდება“.

როგორც ჩანს, სულაც არ არის საფუძველს მოკლებული ჩეხი ჟურნალისტის ასეთი შეშფოთება და ვარაუდი, რომ, ევროპაში მიგრაციული კრიზისისა და რუსეთის გარკვეული მხარდაჭერის პირობებში ქსენოფობიურმა და რადიკალურმა ძალებმა, შესაძლოა, პოპულარობა მოიხვეჭონ ევროპის კონტინენტზე.

ნიშანდობლივია, რომ ჩეხეთის მეზობელ სლოვაკეთში შაბათს გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საგრძნობლად შესუსტდა მმართველი პარტიის, „სოციალური დემოკრატიის კურსის“, პოზიციები. სამაგიეროდ, ოთხწლიანი შესვენების შემდეგ, პარლამენტში ბრუნდება მემარჯვენე რადიკალური ნაციონალური პარტია. მას 15 მანდატი ერგება. და რაც ყველაზე უფრო დამაფიქრებელია, პარლამენტში პირველად მოხვდა ნეოფაშისტური „სახალხო პარტია, ჩვენი სლოვაკეთი“ - მას ხმათა 8 პროცენტი და 14 მანდატი შეხვდა. ეს ხდება იმ დროს, როდესაც ივლისის შემდეგ, როტაციის სახით, სლოვაკეთი ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე გახდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG