Accessibility links

logo-print

აგრარული უნივერსიტეტი ხელახალი ავტორიზაციის წინაშე?


აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების აქცია. 2013 წლის 13 მარტი, თბილისი

აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების აქცია. 2013 წლის 13 მარტი, თბილისი

აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები საპროტესტო აქციებს განაგრძობენ. მათი მოთხოვნაა, გაუქმდეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 12 მარტის გადაწყვეტილება უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი 12 მარტის გადაწყვეტილების გაბათილებას არ აპირებს, თუმცა ამბობს, რომ აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია პროცედურების დაჩქარებული გავლით მიენიჭება. ამის შესახებ მან დიპლომატებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზეც ისაუბრა.

საათზე მეტხანს უხსნიდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს იმ მიზეზებს, რომელთაც აგრარული უნივერსიტეტისათვის 12 მარტს ავტორიზაციის გაუქმება განაპირობა. შეხვედრის შემდეგ საელჩოების წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ, თავად მინისტრმა კი თქვა, რომ 12 მარტის გადაწყვეტილების გაბათილების მოთხოვნა კომიკურია, თუმცა არსებობს პოლიტიკური მზაობა, რაც შეიძლება მალე, ყველა ფორმალური პროცედურის გავლით, აგრარულ უნივერსიტეტს მიენიჭოს ავტორიზაცია, რადგან 12 მარტის გადაწყვეტილების შემდეგ აგრარულმა უნივერსიტეტმა ხარვეზები გამოასწორა:

”ეს ყველაფერი უნდა განხორციელდეს მაქსიმალური სისწრაფით, ოღონდ კანონის ფარგლებში. ხომ იქნება სრული სისულელე, რომ უკანონოდ განვახორციელოთ ეს პროცესი, ავტორიზაცია მივანიჭოთ უკანონოდ. რისთვის? იმისთვის, რომ კიდევ რაღაც პოლიტიკის განხორციელების შესაძლებლობა შევქმნათ, რომ მერე ის გაუქმდეს, ის უკანონო გადაწყვეტილება, და მთელი ცხოვრება ვიყოთ ამ პროცესში, ხომ? მარტივი სიტუაციაა: ბატონი ბენდუქიძე დაემორჩილა ქართულ კანონმდებლობას. დიდი მადლობა ბატონ კახაბერს. შესაბამისად, ისევ გავაკეთებთ იმას, რომ მივანიჭებთ ავტორიზაციას. და ახლა მცდელობა თუ აქვს, რომ კანონი დამარღვევინოს, არ დავარღვევ ამ კანონს და რა გავაკეთო?”
ახლა წინ გვაქვს ავტორიზაციის პროცედურები. ცენტრი ორშაბათიდან მზადაა მუშაობა დაიწყოს უნივერსიტეტთან ერთად ამ პროცედურებზე, რომ შეუფერხებლად და ეფექტურად წარიმართოს პროცესი...


განათლების მინისტრის ამგვარი პოზიცია აკვირვებს აგრარული უნივერსიტეტის რექტორს, ლაშა გოცირიძეს. მისი სიტყვებით, კანონმდებლობა ხელს უხსნის სამინისტროს გააბათილოს 12 მარტის გადაწყვეტილება. ეს, თავის მხრივ, უნივერსიტეტს დაეხმარება, რომ ხელახლა არ მოუწიოს, ავტორიზაციის შემდეგ, უნივერსიტეტის 26 პროგრამის აკრედიტაციის გავლა, რაც, ლაშა გოცირიძის სიტყვებით, ხანგრძლივი პროცესი იქნება და მინიმუმ სამ თვეს მაინც მოითხოვს. შესაბამისად, ლაშა გოცირიძეს ვერ წარმოუდგენია, როგორ უნდა შემცირდეს სამთვიანი პროცედურული ვადა 2-3 კვირამდე:

”აბსოლუტურად ყველანაირი საფუძველი არსებობს ახლაც, რომ 12 მარტის გადაწყვეტილება გაუქმდეს. ეს საფუძველი არის როგორც შინაარსობრივი, ასევე იურიდიული. მე, უბრალოდ, ძალიან მიკვირს, რატომ აცხადებს სამინისტრო ამ ნაბიჯის გადადგმაზე უარს. ზუსტად არ ვიცი რას ნიშნავს 2 კვირაში ავტორიზაციის გავლა, კარგად ვერ წარმომიდგენია. ამიტომ გამიჭირდება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ვთქვათ, 2 კვირაში რომ მოხდეს, ამის შემდგომი ნაბიჯი უნდა იყოს აკრედიტაციები 26 პროგრამაზე, რაც არის სამთვიანი, ცოტა მეტი თუ არა, პროცედურა”.

საკითხის იურიდიული შეფასება ამ ეტაპზე უჭირს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარეს კახა კოჟორიძეს. მისი სიტყვებით, ორგანიზაცია ჯერჯერობით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს 12 მარტის გადაწყვეტილების იურიდულ არგუმენტაციას სწავლობს. მხოლოდ შესწავლის შემდეგ გახდება შესაძლებელი საკითხის შეფასება, ამბობს კახა კოჟორიძე:

კახა კოჟორიძე

კახა კოჟორიძე

”აქ მთავარი კითხვა, რაც უნდა შეფასდეს, არის ის, ავტორიზაცია სწორად გაუქმდა თუ არა. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა საბჭოს გადაწყვეტილების ნახვა. საბჭოს გადაწყვეტილება ჯერ არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ამ კითხვაზე სწორი სამართლებრივი პასუხის გაცემა, გამომდინარე იქიდან, რომ ოფიციალური არგუმენტაცია ჩვენთვის ცნობილი არ არის, ჯერჯერობით, ვფიქრობ, შეუძლებელია”.

აქვე ვთქვათ, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ 15 მარტს ორგანიზაციაში შევიდა აგრარული უნივერსიტეტის კორესპონდენცია ხარვეზების გამოსწორების შესახებ.

”ახლა წინ გვაქვს ავტორიზაციის პროცედურები. ცენტრი ორშაბათიდან მზადაა მუშაობა დაიწყოს უნივერსიტეტთან ერთად ამ პროცედურებზე, რომ შეუფერხებლად და ეფექტურად წარიმართოს პროცესი”, - ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

თუმცა, როგორც რადიო თავისუფლებას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში უთხრეს, ჯერჯერობით რაიმე სახის პროცედურების დაწყებაზე საუბარი ძნელია, მით უფრო, რომ, როგორც აგრარული უნვერისიტეტის რექტორი ლაშა გოცირიძე აცხადებს, ავტორიზაციის პროცედურების დაწყების თხოვნით უნივერსიტეტს ცენტრისთვის ჯერ არ მიუმართავს. კითხვაზე, აპირებს თუ არა უნივერსიტეტი ამ პროცედურების დაწყებას, ლაშა გოცირეძე პასუხობს, რომ მათი შემდეგი მოქმედებები სტუდენტების ინტერესებიდან გამომდინარე დაიგეგმება, თუმცა ნიშნავს თუ არ ეს ერთმნიშვნელოვნად იმას, რომ უნივერსიტეტი ხელახალი ავროტიზაციისა და შემდეგ აკრედიტაციის პროცედურების დასაწყებად მიმართავს სამინისტროს შესაბამის უწყებებს, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია. ერთადერთი, რაც ამ დროისთვის აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა ზუსტად იცის, არის ის, რომ უნივერსიტეტი 12 მარტის გადაწყვეტილებას ავტორიზაციის გაუქმების შესახებ სასამართლოში გაასაჩივრებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG