Accessibility links

logo-print

საქართველოში მომავალი წლისთვის აგროდაზღვევის საკანონმდებლო ბაზა შეიქმნება. იგეგმება ასევე აგროდაზღვევის პროგრამის შემუშავება ფერმერებისთვის. საკანონმდებლო ბაზის შექმნამდე, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკი (KfW) აგროდაზღვევის პოტენციალის გამოკვლევისა და კონცეფციის დამუშავებისთვის, გრანტის სახით, საქართველოს 200 000 ევროს გამოყოფს.

აღნიშნული მექანიზმის ამოქმედება აუცილებელი იქნება სოფლის მეურნეობის სფეროში რისკფაქტორის შესამცირებლად, რაც, თავის მხრივ, გაზრდის საბანკო სექტორის მხრიდან სფეროს დაკრედიტების მაჩვენებელს და, შესაბამისად, თანდათანობით შეამცირებს სახელმწიფოს მიერ აგროსესხების სუბსიდირების აუცილებლობას.

აღსანიშნავია, რომ აგროდაზღვევა ამ ეტაპზე ჩანასახოვან სტადიაშია. საქართველოს ბაზარზე ამ პროდუქტს მხოლოდ ორი კომპანია სთავაზობს და სადაზღვევო პორტფელის ერთ პროცენტზე ნაკლები უკავია.

არსებობს აზრი, რომ საწყის ეტაპზე, მაღალი რისკიდან გამომდინარე, შეუძლებელია აგროდაზღვევის განვითარება სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირების გარეშე. აგროდაზვევის სუბსიდირების მხრივ მსოფლიო ლიდერი ამერიკის შეერთებული შტატებია: აქ ფერმერის დაზღვევის სხვადასხვა ინსტრუმენტი არსებობს - როგორც მოსავლის დაზღვევა არასასურველი კლიმატური პირობებისგან, ასევე ფერმერის დაზღვევა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე ფასების დრამატული ცვლილებისგან. აშშ-ისგან განსხვავებით, ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც აგროდაზღვევა ასევე მნიშვნელოვნად არის სუბსიდირებული, უფრო გავრცელებულია ერთჯერადი და კომბინირებული რისკისგან დაზღვევის ინსტრუმენტები და მოსავლის დაზღვევა. საშუალოდ აგროსადაზღვევო პრემია მაგალითად, სეტყვის შემთხვევაში 1-დან 18 პროცენტამდე მერყეობს, ყველაზე მაღალი სადაზღვევო პრემია კი ხილისთვისაა გათვალისწინებული.

ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა სახის აგროსადაზღვევო სტრატეგიის შემუშავება იგეგმება საქართველოში და რა როლს შეასრულებს სახელმწიფო ამ სქემაში - გაიზრდება თუ არა სახელმწიფო ბიუჯეტის დანახარჯები სოფლის მეურნეობის სექტორში, თუ მოხდება არსებული პროექტების ჩანაცვლება აგროდაზღვევის სუბსიდირებით. უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის მიმართულებით ადგილი ჰქონდა დანახარჯების ზრდას. 2014 წლის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ სფეროსთვის გამოყოფილია 263 მილიონ 500 ათასი ლარი, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის სამ პროცენტამდეა. აქედან, 26 პროცენტი სამელიორაციო სისტემის მოდერნიზაციას ხმარდება, 24 პროცენტი - შეღავათიან აგროკრედიტს, 18 პროცენტი კი - მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის ღონისძიებებს.

XS
SM
MD
LG