Accessibility links

logo-print
წინა სიუჟეტში ნიუიორკული გამოცემა JazzWeek-ი ვახსენე, რომელმაც ნოემბრის თვის ყველაზე პოპულარული და ხშირად ტრანსლირებული ახალი ალბომების ნუსხა გამოაქვეყნა. ლიდერზე - მომღერალ გრეგორი პორტერზე - უკვე ვისაუბრე, თუმცა პირველ ხუთეულში ერთი მხცოვანი კაციც მეგულება, რომლის მუსიკა გამორჩეულად მიყვარს. თანაც, ისეთი დიდებული დისკი გამოუშვა, წაყრუებას და იგნორირებას ვერ ვაკადრებ. ამერიკელ პიანისტსა და კომპოზიტორს ფრედერიკ რასელ ჯონსს, იმავე აჰმად ჯამალს ვგულისხმობ, პროექტით „Saturday Morning“.



ზოგადად, ამერიკელი ჯაზმენ-ბლუზმენების კარიერულ დეტალებს თვალი რომ გადაავლო, უმეტეს შემთხვევაში საოცარ მსგავსებას აღმოაჩენ. პირველი ნაბიჯებისას მათ ნიჭს რომელიმე გაქექილი პროდიუსერი ან ბენდლიდერი აღმოაჩენს, ორკესტრში აიყვანს და დააფრთიანებს. შემდეგი ეტაპი სხვადასხვა ბენდებში გაუთავებელი მისვლა-მოსვლაა. საკუთარი ადგილის დამკვიდრების პროცესი წლები გრძელდება ხოლმე, რასაც გამოცდილების დაგროვება, საკუთარი ხელწერის ჩამოყალიბება და კოლეგების მხრიდან პატივისცემა დიდი შრომის ფასად მოაქვს. ჰოდა, აჰმად ჯამალის შემთხვევაში სულ სხვა სურათი გვაქვს, რადგან დიდ ჯაზურ სცენაზე დამკვიდრებაში არავინ დახმარებია, არც ბენდებში ხეტიალით მოუკლავს თავი და არც ვინმესთვის გარჯილა რიგით საიდმენად. 17 წლის ასაკში უკვე თავად გახლდათ ლიდერი, ჩინებული კომპოზიტორი და პიანისტი ეთქმოდა. მისი პირველივე თხზულებები, არათუ მოიწონეს, არამედ მიბაძვისა და თეორიული შესწავლის საგანიც კი გახდა. მაგალითად, მაილს დევისმა 50-იანი წლების ალბომები აჰმად ჯამალის თემებით გააჯერა. მეტიც, არასოდეს მალავდა ახალგაზრდა კაცის გავლენას ამ პერიოდის ნამოქმედარზე.



აჰმად ჯამალის ერთი შეხედვით მარტივი საშემსრულებლო ტექნიკა კარგად ნაფიქრ და გააზრებულ კონცეფციას ემყარება: მელოდიური ფიგურები მარცხენა ხელით, მრავალფეროვანი აკორდული სვლებით გამოჰყავს, ხოლო ოსტინატური, ანუ განმეორებადი, ფრაზებით ერთვარ დაძაბულ, მედიტაციურ აკუსტიკურ გარემოს ქმნის - ფონს, რომელიც თანმხლებ საკრავებს - ბასსა და დრამს - ფორტეპიანოს თანასწორად აქცევს, თვითგამოხატვის სრულ თავისუფლებასაც ანიჭებს და მუსიკალურ სიუჟეტში ემოციური ჩარევის მეტ საშუალებას აძლევს. ამგვარი მოცემულობის გამო, აჰმად ჯამალი თავის კლასიკურ ტრიოს პატარა ანსამბლად მოიაზრებს, თითოეულ ახალ თხზულებას საორკესტრო პიესის ყაიდაზე თხზავს და ასრულებს.

ზემოთქმულის ნათელ მაგალითად აჰმად ჯამალის ბოლო პროექტიც - „Saturday Morning“ - გამოდგება, სადაც ინსტრუმენტთა შეხმატკბილებული იმპროვიზაციული დიალოგი შედგა. დისკის ჩაწერაში მონაწილეობა ისეთმა მუსიკოსებმა მიიღეს, როგორებიც არიან პერკუსიონისტი მანოლო ბადრენა, დრამერი ჰერლინ რილი და კონტრაბასისტი რეჯინალდ ვილი. ალბომში თავმოყრილი მასალის უმეტესობა კი, მუსიკოსის ჯეელობაში დაწერილი თხზულებებია. თუმცა მთავარი გემო იმაშია, რომ ყმაწვილკაცობის ნაფიქრალს ამჯერად 83 წლის მოხუცი ასაკის შესაბამისი სიბრძნითა და ოსტატობით ასრულებს.

XS
SM
MD
LG