Accessibility links

logo-print
კვლავაც არაერთი კითხვის ნიშანი უკავშირდება ლოპოტის ხეობის სპეცოპერაციის დროს დაკავებული ჩეჩენის, ახმედ ჩატაევის საქმეს. მაგალითად, ჯერჯერობით დაუზუსტებელია, თუ რა როლს ასრულებდა ის ლოპოტის ხეობის გახმაურებული პროცესის მსვლელობისას და რატომ არ დევს მის საქმეში დოკუმენტი, რომელიც ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა- შენახვა-ტარებისთვის წაყენებული ბრალის დამადასტურებლად გამოდგებოდა. 29 ოქტომბერს დანიშნული მოსამზადებელი სხდომა 1 ნოემბრისთვის გადაიდო.

ინფორმაცია ახმედ ჩატაევის დაკავების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 8 სექტემბერს გაავრცელა. უწყება იტყობინებოდა, რომ დაკავებული იყო იმ შეიარაღებული დაჯგუფების წარმომადგენელი, რომელთან დაპირისპირების შედეგადაც, 29 აგვისტოს ლოპოტის ხეობაში ამ ჯგუფის 11 წევრი და ქართული სპეცსამსახურების სამი წარმომადგენელი დაიღუპა. „დაკავებული იყო დაჭრილი, მას გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – ნათქვამი იყო შსს-ს განცხადებაში, სადაც დაკონკრეტებული არ ყოფილა, თუ ზუსტად როდის დააკავეს ახმედ ჩატაევი. აქვე ვთქვათ, რომ რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ, ჩეჩნეთის რესპუბლიკაში დაბადებული 32 წლის ახმედ ჩატაევი, რომელსაც ავსტრიაში ლტოლვილის სტატუსი მიანიჭეს, სახელდება კავკასიის საემიროს ხელმძღვანელის დოკუ უმაროვის მარჯვენა ხელად და პირად წარმომადგენლად ევროპაში.

რა უნდოდა ახმედ ჩატაევს ლოპოტის ხეობაში?

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გელა მთივლიშვილი, რომელიც, როგორც პენიტენციური სისტემის სამოქალაქო მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენელი, მე-18 დაწესებულების პატიმარს, ახმედ ჩატაევს, თითქმის ყოველდღე ხვდება, არ იზიარებს გავრცელებულ აზრს, თითქოს ლოპოტის ხეობაში მოქმედი შეიარაღებული ჯგუფი ჩატაევის მიერ იმართებოდა. უშუალოდ დაკავებულის ნაამბობზე დაყრდნობით, მთივლიშვილი აღნიშნავს, რომ ჩეჩნებს შორის დიდი ავტორიტეტით მოსარგებლე ჩატაევი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ლოპოტის ხეობაში შუამავლის როლის შესასრულებლად ჩაიყვანეს:
მიკრონაწილაკების ექსპერტიზით დადგინდებოდა კუთვნილება, რომ ეს მოწყობილობა ჩატაევის ჯიბიდან იყო ამოღებული, რაც რეალურად არ არის ჩატარებული ...

”როგორც მან მითხრა, მას შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა ზელიმხან ხანგოშვილმა, ვინმე ზურამ და ასევე სანდრო ამირიძემ დაურეკეს და ჩაიყვანეს ლოპოტის ხეობაში, რომ მომხდარიყო მოლაპარაკება შეიარაღებულ ჯგუფსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის. ჩატაევი ამ ჯგუფს შეხვდა, ჯგუფის წევრების ნათქვამი ანტიტერორისტულ ცენტრს გადასცა და როცა უკვე ცენტრის პასუხს ელოდებოდა, სწორედ მაშინ დაჭრეს. 10 დღის განმავლობაში ცდილობდა დამალვას და მერე, როცა მდგომარეობა დაუმძიმდა ჭრილობის გამო, რისთვისაც მას მოგვიანებით გორის ჰოსპიტალში ფეხი მოჰკვეთეს, ის გამოვიდა გზაზე და ჩაბარდა.”

ახმედ ჩატაევს პროკურატურამ ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა-შენახვა-ტარებისთვის წაუყენა ბრალი. სისხლის სამართლის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღრული დანაშაული თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ითვალისწინებს. თუმცა ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატს ნინო ანდრიაშვილს ეჭვი არ ეპარება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა. ერთ-ერთ მთავარ აქცენტს ადვოკატი ანდრიაშვილი იმ ფაქტზე აკეთებს, რომ ჩატაევის საქმეში არ მოიძებნება პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულება. საქმე ის არის, რომ ამ დრომდე ჩატარებული ექსპერტიზა ასაფეთქებელი მოწყობილობის საბრძოლო მდგომარეობას ადასტურებს, თუმცა ჯერ არ ჩატარებულა ექსპერტიზა, რომელიც დაადასტურებდა, რომ ეს მოწყობილობა ახმედ ჩატაევს ეკუთვნის:

”მიკრონაწილაკების ექსპერტიზით დადგინდებოდა კუთვნილება, რომ ეს მოწყობილობა ჩატაევის ჯიბიდან იყო ამოღებული, რაც რეალურად არ არის ჩატარებული. ეკუთვნოდა თუ არა ეს მოწყობილობა ახმედ ჩატაევს, ამის მტკიცებულება არ არსებობა და ვინაიდან არ არსებობს, საკითხი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.”

მნიშვნელოვან ექსპერტიზასთან დაკავშირებული უპასუხო შეკითხვების გამო, ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატმა ნინო ანდრიაშვილმა 29 ოქტომბერს სადავოდ მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ასევე დამატებითი დრო ითხოვა მისთვის ჯერჯერობით უცნობი სხვა დოკუმენტების შესასწავლად. მოსამზადებელი სხდომაც 1 ნოემბრისთვის სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით გადაიდო.

29 ოქტომბრის სხდომას კი, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, თავად ახმედ ჩატაევიც ესწრებოდა. ოჯახის წევრების გარდა, მის საგულშემატკივროდ ჩეჩენი ეროვნების არაერთმა პირმა მოიყარა თავი - ზოგი პანკისის ხეობიდან, ხოლო ზოგიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იყო საგანგებოდ ჩამოსული.

როგორც უკვე ვთქვით, საქმეში არ არსებობს კუთვნილებასთან დაკავშირებული ექსპერტიზის დასკვნა, მაგრამ არსებობს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის რამდენიმე თანამშრომლის ჩვენება, თითქოს ახმედ ჩატაევს ასაფეთქებელი მოწყობილობა დაკავების დროს ჩამოართვეს. თუმცა როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი აცხადებს, ის პირადად შეხვდა და ესაუბრა მოწმეებად დასახელებულ პირებს, რომლებმაც საქმეში ასახული ყველა ჩვენება უარყვეს. მთივლიშვილი დარწმუნებულია, რომ ჩატაევი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც ამ ეტაპზე საკმაოდ მძიმეა და ამპუტირებულ კიდურთან დაკავშირებული გართულებების გამო კვლავაც საფუძვლიან მკურნალობას საჭიროებს, აბსოლუტურად უსაფუძვლოდ იმყოფება საპატიმროში.
XS
SM
MD
LG