Accessibility links

logo-print

მელბურნის ფორუმის გახსნის დღეს 12 ათასამდე დელეგატმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო მალაიზიურ თვითმფრინავში დაღუპულ 298 მგზავრს

25 ივლისს ავსტრალიის ქალაქ მელბურნში დასრულდა შიდსის მე-20 საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ამ სფეროში ყველაზე წარმომადგენლობით ფორუმად ითვლება. კონფერენცია ყოველწლიურად უყრის თავს მსოფლიო ლიდერებს, მეცნიერებს, გაეროს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს, აქტივისტებს, ცნობილ ადამიანებსა და თავად დაავადებულ პირებს.

მელბურნის ფორუმის გახსნის დღეს 12 ათასამდე დელეგატმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოგდებულ მალაიზიის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავში დაღუპული 298 ადამიანის ხსოვნას. დაღუპულთა შორის იყო კონფერენციაზე მიმავალი ექვსი დელეგატიც. „ჩვენი დუმილი მწუხარების, წყრომის და სოლიდარობის გამომხატველია“ - განაცხადა შიდსის საკითხების ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა მკვლევარმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა ფრანსუაზ ბარე-სინუსიმ.

კონფერენციის ფარგლებში გამართულ პლენარულ სესიებზე, სიმპოზიუმებზე, გამოფენებზე, პრეზენტაციებსა და მრავალ სხვა ღონისძიებაზე განიხილეს პანდემიის კვლევაში დღეისათვის შექმნილი ვითარება, იმსჯელეს დაავადების პრევენციისა და მკურნალობის მეთოდებში არსებულ სიახლეებზე. შიდსის აღმოჩენის შემდეგ 33 წელი გავიდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, იმუნოდეფიციტის ვირუსით, ან მასთან დაკავშირებული მიზეზებით, დედამიწაზე 39 მილიონი ადამიანი დაიღუპა. დღეს ამ ვირუსით მსოფლიოში 40 მილიონამდე ადამიანია ინფიცირებული.

რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში? ამ შეკითხვით მივმართეთ ნიკოლოზ ჩხარტიშვილს - ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორის მოადგილეს. მისი თქმით, საქართველოში აღრიცხულ ინფიცირებულთა რიცხვი 4500-ს აღწევს. ცენტრის გათვლებით, რეალური რაოდენობა დაახლოებით ორიათასით მეტია, მაგრამ პაციენტების ეს ნაწილი ჯერ გამოვლენილი არ არის, რაც ხელს უშლის ეპიდემიის შეჩერებას.

„თუ ჩვენ შევძელით და ამოვავსეთ ეს დეფიციტი გამოვლენასა და ინფიცირების რეალურ მაჩვენებლებს შორის, მაშინ ქვეყანა შეძლებს, რომ რეალურად შეაჩეროს ეპიდემია და უკუგანვითარებაც დაიწყოს“ - აღნიშნავს ნიკოლოზ ჩხარტიშვილი. მისი თქმით, საქართველოში დაავადების ზრდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით ნელა ხდება. ინფიცირების მთავარ წყაროდ კი ნარკოტიკების მოხმარება რჩება.

„რომ ავიღოთ აბსოლუტურ ციფრებში, ყველაზე მეტი შემთხვევა მოდის სწორედ ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებზე და მათ სქესობრივ პარტნიორებზე“ - ამბობს ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორის მოადგილე. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ნიკოლოზ ჩხარტიშვილის აზრით, აუცილებელია როგორც პრევენციული, ისე სამკურნალო ღონისძიებების მაქსიმალური გააქტიურება, რაც შეუძლებელი ამოცანა არ არის და საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს საქართველოში ეპიდემიის შეჩერებას .

XS
SM
MD
LG