Accessibility links

logo-print

მსოფლიოში მხოლოდ ყოფილ საბჭოთა კავშირში იზრდება „შიდსის“ შემთხვევების რიცხვი


პირველი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 30 წელიწადზე მეტი ხნის წინ აღწერილი დაავადებისგან საბოლოო განკურნების ეფექტიან გზას ვერ მიაგნეს, მაგრამ, როგორც გაეროს ბოლო ანგარიში გვამცნობს, მთელ მსოფლიოში სტაბილურია დაავადებულთა რიცხვი. გამონაკლისს წარმოადგენენ მხოლოდ ყოფილი საბჭოთა ქვეყნები, სადაც ნარკომანია, მიგრაცია და სოციალური სტიგმა ჯერჯერობით კვლავ აფერხებს შიდსთან ბრძოლას.
გაეროს შიდსის სააგენტოს ოპტიმისტური მონაცემები იმის შედეგია, რომ დაავადების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეულია წარმატება. სტატისტიკაც მოჰყავთ ამ ანგარიშში, რომლის თანახმად, მსოფლიოს 25 ქვეყანაში, მათ შორის, აფრიკის იმ არეალებში, სადაც სენი ყველაზე მეტად იყო გავრცელებული, ინფიცირებულთა რიცხვი განახევრდა. მსოფლიოში დღეს დაახლოებით 34 მილიონი ადამიანი ატარებს შიდსის გამომწვევ ვირუსს ეიჩ-აი-ვის, მაგრამ გაეროს ეს ანგარიში რეალისტურად მიიჩნევს ახლად ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა ოდენობის ნულამდე დაყვანას. ეს ოპტიმიზმი, როგორც ითქვა, უადგილოა ყოფილ საჭოთა ქვეყნებში. იქ, გარდა იმისა, რომ ბოლო ათ წელიწადში ათი ათასით გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა, იმატებს ასევე შიდსით დახოცილთა რიცხვი. ბოლო ექვს წელიწადში 21 პროცენტით მოიმატა მათმა რიცხვმა, ვინც იმუნოდეფიციტურმა სინდრომმა მოკლა ყოფილ საბჭოთა კავშირში. როგორც გაეროს შიდსის სააგენტოს რეგიონალური განყოფილების ხელმძღვანელი ჟან-ელი მალკინი ამბობს, პრობლემის ფესვები რუსეთსა და უკრაინაშია,საიდანაც ვრცელდება ეს სენი მთელ არეალზე:

„მთელ ამ რეგიონში დაავადებულთა რაოდენობის 90 პროცენტი მოდის რუსეთსა და უკრაინაზე, მაგრამ ეპიდემია ამ რეგიონის ყველა ქვეყანაში იზრდება. დაავადების გავრცელება მატულობს არა მხოლოდ ნარკოტიკების მომხმარებელთა შორის, არამედ მათგან სენი გადადის სხვებზე, მათი სექსუალური პარტნიორების გზით“.

ამას გარდა, შიდსის გავრცელებას ხელს უწყობს მიგრაცია ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის, როგორც ეს ხდება, მაგალითად, სომხეთსა და ტაჯიკეთს და რუსეთსა და უკრაინას შორის. რა ხდება, ამ მხრივ, საქართველოში? გაეროს ანგარიშში საქართველოზე ლაპარაკია მოლდავეთთან, ყაზახეთთან, ყირგიზეთთან ერთად. ამ არეალებში ბოლო ათ წელიწადში 25 პროცენტით გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა. 30 ნოემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ნინო ბადრიძე, შიდსის ცენტრის ეპიდემიოლოგიური განყოფილების გამგე. სხვათა შორის, სტუმარმა გვითხრა, რომ ეიჩ-აი-ვის ვირუსით - შიდსით - ინფიცირებულთა მკურნალობა საქართველოში უფასოა და ის ფინანსდება, დიდწილად, ”გლობალური ფონდის”, მცირედით კი - საქართველოს მთავრობის მიერ. ნინო ბადრიძემ დააზუსტა, რომ დაავადებულთა რაოდენობის ზრდა რეგისტრირებულ პაციენტებს შეეხება, რადგან შესაძლებელი პაციენტების რიცხვი კიდევ სხვაა. ამ საუბრის სრული ჩანაწერის მოსმენა შეგიძლიათ ჩვენს საიტზე. მისამართი: radiotavisupleba.ge.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG