Accessibility links

logo-print
1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად თბილისში არაერთი ღონისძიება გაიმართა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთობლივი აივ/შიდსის პროგრამით კონფერენცია ჩატარდა, სადაც შიდსთან ბრძოლის კუთხით არსებული მდგომარეობა შეაფასეს. განსხვავებული მეთოდით აღნიშნა შიდსთან ბრძოლის ოცდამეათე წლისთავი სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და მოსწავლეების ნაწილმა:

”შიდსი არის ვირუსი, რომელიც გადადის სისხლით. შპრიცი არის საშიში, ანუ ვინც ნარკოტიკს იღებს. შიდსი არ გადადის ნერწყვით, მეგობრობით”...

”შიდსი ძირითადად გადადის დაუცველი სქესობრივი კავშირით და ჩვენ თავი უნდა დავიცვათ ამ ვირუსისგან.”

”ჩვენ ვართ ის თაობა, რომელმაც საქართველოს ჯანსაღი მომავალი თაობა უნდა შევუქმნათ და სწორედ ამიტომ აუცილებელია, რომ ჩვენ ამ ვირუსის შესახებ უფრო მეტი ვიცოდეთ”...

ანა, დათო და ქეთი მეათე კლასის მოსწავლეები არიან. ლექცია აივ/შიდსის შესახებ მათ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისაგან მოისმინეს, ლექციის შემდეგ კი მეგობრებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე, პირველი საშუალო სკოლის წინ აივ/შიდსის სიმბოლო, წითელი ლენტი გამოსახეს და ამით პატივი მიაგეს შიდსის მსხვერპლთა ხსოვნას.

თუკი უბრალო ციფრებით გავაგრძელებთ ამბავს, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში შიდსის ვირუსით 3080 ადამიანია ინფიცირებული. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა. 2010 წელს შიდსის ვირუსით 95 ადამიანი გარდაიცვალა, მიმდინარე წელს კი ათით მეტი. შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ეს არ არის რეალურად გარდაცვალების რიცხვის მატება და ამ ფაქტს ასე ხსნის:

”ამ ერთი წლის მანძილზე ინფიცირებულთა რაოდენობა დაახლოებით 400-ით გაიზარდა. ისინი ძველ რაოდენობას ემატებიან. ხშირ შემთხვევაში მათი მდგომარეობა უკვე კრიტიკულია და, შესაბამისად, ამიტომ ვლინდება გარდაცვალების უფრო მეტი ფაქტი.”

მართალია, მსოფლიო სტატისტიკით, საქართველო მიეკუთვნება აივ/შიდსის დაბალი პრევალენტობის ქვეყნებს, მაგრამ, მეორე მხრივ, შიდსის ეპიდემიის კანონზომიერებიდან გამომდინარე, აივ/შიდსის რეგისტრირებული შემთხვევების უკან დგას დაახლოებით 4000-მდე არარეგისტრირებული შემთხვევა, მიაჩნიათ სპეციალისტებს. როგორც თენგიზ ცერცვაძე ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უზრუნველყოფილია უკლებლივ ყველა ინფიცირებულის სრული უფასო მკურნალობა, მიდის მუშაობა იმაზე, რომ დაავადება ადრეულ სტადიაზე გამოვლინდეს, მაინც არის სუსტი რგოლი, რომელიც შიდსთან ბრძოლას ნაკლებეფექტურს ხდის:

”საქართველოში მაღალი რისკის ჯგუფების გამოკვლევა არასაკმარისი მოცულობით მიმდინარეობს. პირველ რიგში ესენი არიან ინტრავენური ნარკომანები, შემთხვევითი სქესობრივი კონტაქტების მქონე პირები, ვენდაავადებულები, ჰომოსექსუალები და ა.შ. კერძოდ, წელიწადში ინექციური ნარკომანების მხოლოდ 10 პროცენტს იკვლევენ, მაშინ როდესაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს რისკის ჯგუფების არაუმცირეს 80 პროცენტის გამოკვლევა”, - ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

მსოფლიოში არსებული ფინანსური კრიზისისა და სხვა პოლიტიკური თუ ეკონომიკური გამოწვევების გამო შიდსის პროგრამების დაფინანსება ნელ-ნელა მცირდება და კითხვის ნიშნის ქვეშ დგება საერთაშორისო დაფინანსების კარგად აპრობირებული მექანიზმების გამოყენება და ეს, სამწუხაროდ, შეიძლება საქართველოზეც აისახოს, ამბობს ლია თავაძე, აივ/შიდსის გაეროს ერთიანი პროგრამის საზოგადოების მობილიზაციის მრჩეველი საქართველოში. სწორედ აქედან გამომდინარე, გამოსავალს ის შიდა დაფინანსების მეტ მობილიზებაში ხედავს:

”ეს ნიშნავს იმას, რომ მომავლისათვის ძალიან დიდი რისკები არსებობს. მით უმეტეს, რომ, 2001 წლიდან მოყოლებული, შეინიშნება ზრდის ტენდენცია. აქამდე ქვეყანა მეტწილად დამოკიდებული იყო საერთაშორისო დახმარებაზე. ასეთი დრამატული ცვლილებების პერიოდში კი შეიძლება ეს დახმარება აღარ იყოს საკმარისი რაოდენობის და ეს, რა თქმა უნდა, გვაყენებს იმ ახალი პასუხისმგებლობის წინაშე, რომ ქვეყანაში საშინაო დაფინანსების თვალსაზრისით მოხდეს ახალი მობილიზაცია”, - ამბობს ლია თავაძე.

იმ პროგრამის ბიუჯეტი, რომელსაც სახელმწიფო შიდსთან ბრძოლის მიზნით ახორციელებს, სამ მილიონ ლარს შეადგენს. უფასო ტესტირება, აივ ინფიცირებულებზე და მათთან კონტაქტში მყოფ პირებზე ეპიდზედამხედველობა, შიდსის საკითხებში სამედიცინო პერსონალის მომზადება და სხვა - ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომელთაც აღნიშნული პროგრამა გულისხმობს. გიგი წერეთელი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ამბობს, რომ, მიუხედავად ქვეყნის წინაშე არსებული სხვადასხვა გამოწვევებისა, სახელმწიფო არ აპირებს შეამციროს შიდსთან ბრძოლის პროგრამის დაფინანსება და ამბობს, რომ ჯანდაცვის ახალ სტრატეგიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი სწორედ აივ/შიდსთან ბრძოლას უჭირავს.
XS
SM
MD
LG