Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მზარდი ძალადობა და სუსტი დიპლომატია


ღაზის სექტორი საავიაციო დაბომბვის შემდეგ
ღაზის სექტორი საავიაციო დაბომბვის შემდეგ
ისრაელის არმიის საავიაციო იერიშების შედეგად, ორშაბათს 18-მდე გაიზარდა ღაზის სექტორში დაღუპული პალესტინელების რიცხვი. ისლამისტური დაჯგუფება ჰამასის მებრძოლებსა და ისრაელის არმიას შორის შეტაკებები უკვე მეექვსე დღეა გრძელდება და ჯერჯერობით საერთაშორისო საზოგადოება ვერ ახერხებს ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას. ისრაელის არმია აცხადებს, რომ გასული ღამით ღაზის სექტორზე 80 ავიარეიდი განახორციელა. ექვსდღიანი საბრძოლო მოქმედებების შედეგად, დაღუპულთა რიცხვმა 95-ს მიაღწია.

ღაზის სექტორში მიმდინარე საბრძოლო დაპირისპირებისა და ძალადობის შესახებ ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი კეტრინ ეშტონი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და რეგიონის არაბული სახელმწიფოების ლიდერებს ესაუბრა. ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო და თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ ჟურნალისტებთან საუბრისას კეტრინ ეშტონმა შეშფოთება გამოხატა ღაზის სექტორში შექმნილი ვითარების გამო:

ცხადია, ისრაელს აქვს უფლება დაიცვას თავი და უნდა შეწყდეს თავდასხმები ისრაელზე, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოება მოელის, რომ ისრაელიც გამოიჩენს თავშეკავებას...
ანდერს ფოგ რასმუსენი

„ძალიან ვარ შეშფოთებული ადამიანების დაღუპვით, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში მე იმასაც გამუდმებით ვიმეორებდი, რომ ღაზის საკითხში უნდა მოგვეძებნა გრძელვადიანი გამოსავალი. მე სამჯერ ვარ ღაზაში ნამყოფი და საჭიროა, რომ გამოვძებნოთ გზები მსგავსი ძალადობისა და სარაკეტო იერიშების თავიდან ასაცილებლად, რათა გარკვეული უსაფრთხოება და მშვიდობა უზრუნველვყოთ რეგიონის მოსახლეობისათვის“.

ორშაბათს ბრიუსელში კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა ისრაელ-ჰამასის კონფლიქტზე. ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი გამოეხმაურა ღაზის სექტორში ისრაელის არმიასა და ჰამასის დაჯგუფებას შორის მიმდინარე საბრძოლო შეტაკებებს და შეშფოთება გამოთქვა ძალადობის ესკალაციისა და მსხვერპლის გამო. ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება, ძალადობისგან თავი ორივე მხარემ უნდა შეიკავოს:

„ნება მომეცით აღვნიშნო, რომ ნატო არ მონაწილეობს და ვერ ხედავს საკუთარ როლს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში. მაგრამ ამას რომ ვამბობ, მე ძალიან ვარ შეშფოთებული ძალადობის ესკალაციით ორივეგან, ღაზასა და ისრაელში, და ძალიან ვწუხვარ უდანაშაულო სამოქალაქო პირების დაღუპვისა და ტანჯვის გამო როგორც ისრაელში, ისე ღაზაში. ცხადია, ისრაელს აქვს უფლება დაიცვას თავი და უნდა შეწყდეს თავდასხმები ისრაელზე, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოება მოელის, რომ ისრაელიც გამოიჩენს თავშეკავებას“.
ბან კი მუნი
ბან კი მუნი

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად საშუამავლო მისიით ახლო აღმოსავლეთში გამგზავრება გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა გადაწყვიტა. გაეროს გენერალურმა მდივანმა კვირას განაცხადა, რომ ეგვიპტესა და ისრაელს ეწვევა იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს ისრაელსა და ჰამასის მეამბოხეებს შორის ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას. ეგვიპტე ერთ-ერთია იმ მცირე რაოდენობის მუსულმანურ ქვეყნებს შორის, რომლებსაც ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობა აქვს. მუჰამედ მორსი აქტიურად შუამავლობს ისრაელის მთავრობასა და ჰამასის ლიდერებს შორის ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად, თუმცა ჯერ არ არის დაზუსტებული გაეროს გენერალური მდივნის ისრაელში ვიზიტის დრო.

საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების პარალელურად კი, ახლო აღმოსავლეთში ესკალაცია გრძელდება. ისრაელის არმიის საავიაციო იერიშების შედეგად, ორშაბათს 18-მდე გაიზარდა ღაზის სექტორში დაღუპული პალესტინელების რიცხვი. ისრაელის არმია აცხადებს, რომ გასული ღამით ღაზის სექტორზე 80 ავიარეიდი განახორციელა. ექვსდღიანი საბრძოლო მოქმედებების შედეგად, დაღუპულთა რიცხვმა 95-ს მიაღწია.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG