Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„აჯანყების საზომი არაა გამარჯვება-დამარცხება“


"შეფიცულები"
"შეფიცულები"

90 წელი შესრულდა 1924 წლის სახალხო აჯანყებიდან, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებამ სისხლში ჩაახშო: მარტო დახვრეტილთა რიცხვმა 5 ათასს მიაღწია, ბრძოლებში კი 10 ათასამდე აჯანყებული დაიღუპა. აჯანყების ჩახშობას მოჰყვა რეპრესიებისა და წითელი ტერორის რამდენიმე ტალღა, რამაც, საერთო ჯამში, 60 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მარცხის მიუხედავად, 1924 წლის აჯანყება მიიჩნევა საქართველოს ისტორიისა და ეროვნული მოძრაობის უმნიშვნელოვანეს ეტაპად, რომელმაც ღრმა კვალი დაამჩნია საქართველს მრავალწლიან ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის. ორიოდე დღის წინ საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ და ნოე ჟორდანიას ინსტიტუტმა უმასპინძლეს 1924 წლის აჯანყების 90 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას, რომელშიც, ქართველ და უცხოელ ისტორიკოსებთან ერთად, საფრანგეთის ქართული დიასპორის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

„საქართველოს 1924 წლის აგვისტოს აჯანყებამ აჩვენა, რომ ქართველ ხალხს სურს თვით იყოს თავისი მმართველი, თავისი ბატონი, ჰქონდეს საკუთარი სახელმწიფო და ის თავისი საჭიროებისამებრ მოაწყოს“, წერდა აჯანყებიდან ერთი წლის თავზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გადასახლებული მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, რომელიც იქვე შენიშნავდა: „აგვისტოს გასულს სწორედ ეს ნაციონალური და დემოკრატიული დროშა აფრიალდა, დროშა, რომელიც საქართველოს მწვერვალზე სამ წელიწადს ფრიალებდა და იქიდან მურტალმა ხელმა ჩამოგლიჯა. ახლა ის შენახულია ხალხის გულში და მისი ამოგლეჯა შეუძლებელია. 28 აგვისტოს ქართველი ერი ამ დროშის ქვეშ გაერთიანდა და მის დასაცავად სისხლი დაღვარა“.

ისტორიკოს დიმიტრი შველიძის თქმით, 1924 წლის 28 აგვისტოს აჯანყებას წინ უძღოდა 1921-23 წლების მასობრივი საპროტესტო გამოსვლები, რომლებშიც მონაწილეობას იღებდნენ საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები:

„1924 წლის აჯანყება უნდა ყოფილიყო ამ ყველაფრის კულმინაცია. საპროტესტო მოძრაობაში მონაწილეობას იღებდა თავადაზნაურობა, სამღვდელოება, მუშათა კლასი, გლეხობა. 1923 წელს გლეხობის მოძრაობა მოედო 10-12 მაზრას. ერთი სიტყვით, ამ მოძრაობაში მონაწილეობას იღებდა საქართველოს მოსახლეობის ყველა ფენა“.

დიმიტრი შველიძე
დიმიტრი შველიძე

ამასთან, დიმიტრი შველიძის თქმით, აჯანყებას ჰყავდა სულისჩამდგმელები, როგორც ცალკეული პირების (მაგალითად, შეფიცულთა რაზმის მეთაური ქაქუცა ჩოლოყაშვილი), ასევე ორგანიზაციების სახით. იმავე ნოე ჟორდჟანიას რომ დავესესხოთ, „აქ შეერთდა პოლიტიკური ორგანიზაცია და ერის სტიქია“. პირველ რიგში, იგულისხმება ჯერ კიდევ 1922 წელს არალეგალურად ჩამოყალიბებული „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი“:

„ამ დამკომს მეორენაირად პარიტეტულ კომიტეტსაც ეძახდნენ, რადგანაც დამყარებული იყო სხვადასხვა პარტიების თანაბარი რაოდენობის წარმომადგენლების მონაწილეობაზე. ამ პარტიების წარმომადგენლები იყვნენ აქტივისტები და ამ აჯანყების სულისჩამდგმელები. მათ შეაიარაღეს და მოამზადეს ეს გამოსვლა. აქტიურად მონაწილეობდნენ ჩვენი სამხედრო ელიტის წარმომადგენლები. უშუალოდ სამხედრო მომზადებისათვის ჩამოყალიბდა ე.წ. სამხედრო ცენტრი და მასში შედიოდნენ ვარდენ წულუკიძე, გენერალი კოტე აფხაზი, რომელიც თხუთმეტ რჩეულ ქართველ მამულიშვილთან ერთად დახვრიტეს სადღაც ვაკის პარკის მიდამოებში“.

მალხაზ მაცაბერიძე
მალხაზ მაცაბერიძე

1924 წლის აჯანყებას ჰქონდა საყოველთაო-სახალხო ხასიათი და მის მომწიფებაში, როგორც ისტორიკოსები ამბობენ, დიდი როლი ითამაშა საბჭოთა ხელისუფლების მიერ პარტიების წინააღმდეგ გატარებულმა რეპრესიულმა პოლიტიკამ. მალხაზ მაცაბერიძე, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, აჯანყების წინა პერიოდს ასე აღწერს:

„საქართველოს პოლიტიკური პლურალიზმიდან ბოლშევიკების ერთპარტიულ დიქტატურამდე - ეს არის არსი იმ პროცესისა, რაც საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ვითარდებოდა და როგორ ხდებოდა თანმიმდევრულად, ეტაპობრივად ბოლშევიკური ხელისუფლების მიერ საქართველოში არსებული მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემის დემონტაჟი და მეთოდური განადგურება. ბოლშევიკური ხელისუფლება 1923 წელს ახდენს თვითლიკვიდაციის პროცესების იმიტირებას, ანუ პარტიების ყოფილი წევრები (ცხადია, ჩეკაში დამუშავებული) სოციალ-დემოკრატებიდან, ერვონულ-დემოკრატებიდან და სხვ. ატარებენ პარტიულ ყრილობებს, რომლებსაც ლიკვიდაციის ყრილობები ეწოდება, და ისინი აცხადებენ თავს დაშლილად“.

აჯანყების წინა პერიოდში შექმნილი ვითარების სიმძიმე კარგად აქვს აღწერილი ნოე ჟორდანიას 1925 წელს პარიზში გამოცემულ ბროშურაში „რა მოხდა“:

„თვითეულ ბოლშევიკს გაცილებით მეტი უფლება აქვს ადამიანზე, ვინემ თვით მეფეებს ქონდათ. საკმარისია ერთი მათგანის გადამტერება, რომ გამოეთხოვო ან სიცოცხლეს, ან ქონებას, ან ორივეს ერთად. აი, ამით აიხსნება ის გაუგონარი ამბავი, რომ გაბატონებულთათვის სრულიად მოულოდნელად ხალხი ადგა ერთ ღამეს, დაატყვევა კომუნისტები და გამოაცხადა თავის ხელისუფლება! ასეთი უმაგალითო კონსპირაცია შესაძლებელია მხოლოდ იქ, სადაც ხალხს და არსებულ წყობილებას შორის ხიდი სავსებით ჩატეხილია, გარდაუვალი ზღვარი გავლებულია“.

მეტი შეიარაღებული ძალა და ნაკლები უიარაღო - ეს მთავარი კანონი აჯანყებისა საქართველოში შეტრიალდა უკუღმა - მეტი უიარაღო და ნაკლები შეიარაღებული. აი, ერთი მთავარი მიზეზთაგანი მოძრაობის დამარცხებისა...
ნოე ჟორდანია

სწორედ ამგვარი აუტანელი ვითარების გამო, 1924 წლის 22 აგვისტოს მოწვეულმა „პარიტეტული კომიტეტის სხდომამ“ მიიღო გადაწყვეტილება, ერთიანი გამოსვლა დაწყებულიყო 29 აგვისტოს, დილის 6 საათზე, და მთელი ძალისხმევა მიმართულიყო თბილისის დასაკავებლად, თუმცა, 29 აგვისტოს ნაცვლად, შეთანხმების დარღვევით, პირველი გასროლა გაისმა 28 აგვისტოს, გამთენიისას, ჭიათურაში, რამაც დაღი დაასვა აჯანყების შემდგომ მსვლელობას. მართალია, ამბოხებულებმა შეძლეს ჭიათურის, სენაკის, სამტრედიისა და რამდენიმე სხვა ქალაქის აღება და საქართველოს ემიგრირებული მთავრობის იურისდიქციის აღდგენის გამოცხადება, მაგრამ, საბოლოო ჯამში, აჯანყება მაინც განწირული აღმოჩნდა. რატომ? ამ კითხვის პასუხად ნოე ჟორდანია წერდა:

„მეტი შეიარაღებული ძალა და ნაკლები უიარაღო - ეს მთავარი კანონი აჯანყებისა საქართველოში შეტრიალდა უკუღმა - მეტი უიარაღო და ნაკლები შეიარაღებული. აი, ერთი მთავარი მიზეზთაგანი მოძრაობის დამარცხებისა. აჯანყების მეორე ძირითადი კანონი - მტრის მთავარ ბანაკზე თავდასხმა - სრულად არ განხორციელებულა. ასეთი ბანაკია ჩვენში თფილისი და ბათუმი. აჯანყება უნდა დაწყებულიყო თფილისის აღებით, რაც უცებ შექმნიდა რევოლუციურ მდგომარეობას და გამოიწვევდა მთელი საქართველოს აღდგომას“.

თუმცა თანამედროვე მკვლევართა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ, ტაქტიკური შეცდომების გარეშეც. აჯანყება მარცხისთვის იყო განწირული. ისტორიკოს დიმიტრი შველიძის თქმით, იმდენად უთანასწორო ძალები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რომ სხვა შედეგი, ფაქტობრივად, გამორიცხული იყო: ერთი მხრიდან ათობით ათასი კარგად შეიარაღებული და ორგანიზებული წითელი არმია და მეორე მხრიდან რიცხობრივად გაცილებით ნაკლები და ცუდად შეიარაღებულ-ორგანიზებული აჯანყებულები:

ჰქონდა კი რაიმე გამართლება აჯანყებას? რა მიზანს ისახავდა იგი? როგორც ჩანს, იყო ისეთი გონებადაკარგული ხალხი, რომელსაც სჯეროდა ან იმედი ჰქონდა, რომ აჯანყების დაწყებისთანავე ინგლისი და საფრანგეთი არმიებს დაძრავდნენ შავი ზღვისაკენ და საქართველოს გაათავისუფლებდნენ...
ალექსანდრე პაპავა

„უზარმაზარი იმპერია და ერთი ბეწო საქართველო! და ევროპის მხარდაჭერა, ოღონდ მხოლოდ მორალური და სიტყვიერი. საქმიანი მხარდაჭერა მაშინდელმა ევროპამ, სამწუხაროდ, ვერ შეძლო. შემდეგ კი დაიწყო რეპრესიები. აქ მარტო ის არ კმარა, რომ, ვთქვათ, 5 ათასი კაცი შეეწირა ამ აჯანყებასა და რეპრესიებს. მთავარი ის არის, რომ განადგურდა მთელი 1900-იანი წლებიდან ჩამოყალიბებული ბრწყინვალე პოლიტიკური ელიტა. ვისაც ეპატია და ვინც გადაურჩა, ის 30-იანი წლების რეპრესიებს შეეწირა“.

ქართველი ისტორიკოსების მტკიცებით, 1924 წლის აჯანყების ჩახშობისას დაიღუპა 5 ათასი კაცი, აჯანყების შემდეგ კი დახვრიტეს 12 ათასი და დაახლოებით 20 ათასი გადაასახლეს. დახვრეტილთა შორის იყო დამოუკიდებლობის კომიტეტისა და სამხედრო ცენტრის ძირითადი შემადგენლობა. ამგვარი მასშტაბური მსხვერპლისა და მარცხის გამო 1924 წლის მოვლენების შემსწრე ალექსანდრე პაპავა 1990 წელს გაზეთ „მამულში“ გამოქვეყნებულ მოგონებებში („სტალინი და საქართველო“) წერდა, რომ აჯანყებას არანაირი გამართლება არ ჰქონდა:

„ჰქონდა კი რაიმე გამართლება აჯანყებას? რა მიზანს ისახავდა იგი? როგორც ჩანს, იყო ისეთი გონებადაკარგული ხალხი, რომელსაც სჯეროდა ან იმედი ჰქონდა, რომ აჯანყების დაწყებისთანავე ინგლისი და საფრანგეთი არმიებს დაძრავდნენ შავი ზღვისაკენ და საქართველოს გაათავისუფლებდნენ. ასეთი გონებრივი მონაცემების ხელმძღვანელები ნამდვილად ფსიქიატრიული საავადმყოფოს კანდიდატები არიან და, ჩვენდა საუბედუროდ, ერის მხსნელებად მოგვევლინენ. უნდა დაკარგო რეალობაში გარკვევის ელემენტარული უნარი, რომ ევროპის იმედით დაიწყო აჯანყება. არავითარი გამართლება არა აქვს აგვისტოს გამოსვლებს, ეს იყო ნამდვილი ავანტიურა და არსებითად მოღალატური აქტი. მას არავითარი დადებითი შედეგი არ მოჰყოლია, მსხვერპლი კი განუზომლად დიდი იყო“.

თუმცა, როგორც პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი მალხაზ მაცაბერიძე ამბობს, შემდგომმა მოვლენებმა აჩვენა, რომ, აჯანყება რომც არ ყოფილიყო, საქართველო მაინც ვერ გადაურჩებოდა რეპრესიებს:

„1924 წელს დაგეგმილი აჯანყება ეს იყო ემიგრაციაში წასული პოლიტიკური ძალებისა და საქართველოში დარჩენილი ეროვნული ძალების უკანასკნელი მცდელობა აღედგინათ საქართველოს დამოუკიდებლობა. ძალები არათანაბარი იყო. აჯანყების დამარცხებას მოჰყვა საშინელი რეპრესიები, რომელსაც ბოლშევიკები მაინც განახორციელებდნენ. აკი დაიჭირეს და დახვრიტეს ის ადამიანები, რომლებსაც არანაირი საერთო ამ აჯანყებასთან არ ჰქონდათ და არც მიუღიათ მონაწილეობა. მეტიც, ის ადამიანებიც კი, რომლებიც გავიდნენ პარტიებიდან და ბოლშევიკების მხარეზე დადგნენ, 30-იან წლებში მაინც დაიჭირეს და მაინც დახვრიტეს. არანაირი მნიშვნელობა არ ჰონდა, თუ რა პოზიცია ეკავათ მათ რეალურად“.

ემზარ ჯგერენაია
ემზარ ჯგერენაია

1924 წლის აგვისტოს აჯანყებამ, დამარცხების მიუხედავად, მაინც მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია საქართველოს განვითარებას. სოციოლოგ ემზარ ჯგერენაიას თქმით. მართალია, 90 წლის წინ საქართველო საბჭოთა ოკუპაციას მოუმზადებლად და უსისტემოდ დაუპირისპირდა, მაგრამ სათქმელი მაინც მკაფიოდ ითქვა:

„ამ აჯანყებით ქართველებმა ვთქვით, რომ ჩვენ ვართ ის ხალხი, რომელიც მონობას, დაპყრობას, აგრესიას არ შევეგუებით! ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ გვაქვს პოტენციალი ვიყოთ დამოუკიდებელი ქვეყანა. 1924 წლის აჯანყებით სწორედ ასეთი ტიპის აზროვნება გამოვლინდა. ეს იყო, მართალია, სპონტანური, მოუმზადებელი გამოსვლა, რომელმაც რეპრესიები მოიტანა შემდგომ, მაგრამ მაინც უმნიშვნელოვანესი თარიღია“.

ეკა სირაძე-დელონე
ეკა სირაძე-დელონე

აჯანყების დღე უაღრესად მნიშვნელოვან თარიღად ითვლება საფრანგეთის ქართულ დიასპორაში, რომელიც, პოლიტიკური მრავალფეროვნების მიუხედავად, როგორც საფრანგეთში საქართველოს ელჩი ეკა სირაძე-დელონე ამბობს, ტრადიციულად ყოველი წლის სექტემბრის პირველ შაბათს აღნიშნავს „ერთობის დღეს“, იმავე „ქაქუცობას“.

„ქაქუცობას, ანუ ამ აჯანყების აღსანიშნავ დღეს, ყველა ივიწყებს თავის პარტიულ წარმომავლობას, მიკერძოებას და მთელი დიასპორა ერთიანდება ლევილში, იმართება პარაკლისი ლევილის სასაფლაოზე და შემდეგ მივდივართ ლევილის შატოში, სადაც ხდება პატივის მიგება აჯანყების მონაწილეთა ხსოვნისადმი, იშლება სუფრა, სრულდება სიმღერები და ა.შ.“.

„აჯანყების საზომი არის არა გამარჯვება-დამარცხება, არამედ სულ სხვა რამ, რასაც პირდაპირი კავშირი არ აქვს ამ დაუყოვნებლივ შედეგთან. აჯანყების ერთ-ერთი საზომია მისი პოლიტიკური მიზანი, მისი დროშა, მისი იდეოლოგია“, წერდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გადასახლებული მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, რომლის სიტყვებს აჯანყებიდან 90 წლის შემდეგაც არ დაუკარგავს აქტუალობა: „ხუთი ათასი უმანკო მსხვერპლი ჩვენ შემოგვყურებს; ხუთი ათასი გათხრილი საფლავი ჩვენ მოგვიწოდებს ერთგულებისკენ. მებრძოლი ერი არ დაივიწყებს მათ მცნებას და არ დატოვებს მათ საფლავს ყვავ-ყორნის დასაყივარათ“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG