Accessibility links

logo-print

„ჩრდილი გზაზე“ - ასეა დასათაურებული აკა მორჩილაძის ახალი წიგნი, რომელიც „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით გამოსცა. ტექსტში, რომელიც ჟანრობრივად დოკუმენტურ პროზასა და პოპულარულ ესეისტიკას შეიძლება მივაკუთვნოთ, საქართველოს, უფრო ზუსტად კი, თბილისის საბჭოთა წარსულია გააზრებული. პროფესიით ისტორიკოს ავტორს წიგნის სათაურად აღებული აქვს 1956 წელს გადაღებული ქართული ფილმის სახელწოდება. გამომცემლობის მიერ შედგენილ ანოტაციაში ვკითხულობთ: „მკითხველის წინაშე ცოცხლდება მთელი ეპოქა თავისი ჩრდილში ცხოვრების გზითა და ბევრი უცნობი, ჩრდილს იქით გასული ამბით“.

აკა მორჩილაძეს, სათაურის გარდა, ასევე ფილმიდან აქვს აღებული ეპიგრაფიც - ანტიგმირის, პარტიული ხელმძღვანელისა და კარიერისტის, ლევან გელაშვილის შემდეგი სიტყვები:

„მაშ, მე გაგაცნობთ ჩვენს დედაქალაქს. მე აქ ოთხი წელიწადი ვსწავლობდი. შემდეგ დიპლომი მივიღე, მაგრამ თბილისში დარჩენა ვერ მოვახერხე. დამტოვეს იმ დასაქცევ რაიონში. უნდა გამოგიტყდეთ, მომბეზრდა ყველაფერი... ეჰ, თბილისს გაუმარჯოს. პირდაპირ ოცნებად გადამექცა“.

იწყებს „ტარზანით“ და ამთავრებს კვენტინ ტარანტინოს „ფალფ ფიქენ“-ით. საინტერესო მოტივია ეს, რადგანაც, როგორც ჩანს, ცოცხლდება ხელოვნების, კინოს გავლენის მოტივი ქართულ სინამდვილეზე, ქართველი ბიჭების, თბილისელი ბიჭების კულტურასა და ქცევაზე...

ნიშანდობლივია, რომ ავტორს ერთგვარ საშენ მასალად გამოყენებული აქვს შესაბამისი ეპოქის მხატვრული ტექსტები, ფილმები და მათი პერსონაჟები. ვრცელი ადგილი უკავია იმის ჩვენებას, თუ რა გავლენა იქონია ამ ფილმებმა თბილისელთა ყოველდღიურ ყოფასა და ურთიერთობებზე. ფილოლოგ დავით პაიჭაძის თქმით, ნიშნეულია ის, რომ თხრობა იწყება კინოთი და სრულდება კინოთი:

„იწყებს „ტარზანით“ და ამთავრებს კვენტინ ტარანტინოს „ფალფ ფიქენ“-ით. საინტერესო მოტივია ეს, რადგანაც, როგორც ჩანს, ცოცხლდება ხელოვნების, კინოს გავლენის მოტივი ქართულ სინამდვილეზე, ქართველი ბიჭების, თბილისელი ბიჭების კულტურასა და ქცევაზე და მეორე ის, რომ კინო არის მათი ქცევის ლეგიტიმაციის საფუძველიც“.

თუმცა, როგორც დავით პაიჭაძე შენიშნავს, ავტორი ყოველივე ამას პირდაპირ არც ამტკიცებს, წიგნს კი იწყებს თბილისელი ბიჭების ცხოვრებასა და ქცევაზე ეგრეთ წოდებული ნაალაფევი, ნადავლი ფილმებისა და მათ შორის „ტარზანის“ გავლენაზე თხრობით. „ალბათ, ტარზანი იყო პირველი ფილმი, რომელმაც გამოიწვია იმიტაციაო“, წერს აკა მორჩილაძე, რომელსაც დიდწილად ეთანხმება გელა ჩარკვიანი - სტალინის მმართველობის პერიოდში საბჭოთა საქართველოს ხელმძღვანელის, კანდიდ ჩარკვიანის, ვაჟი. აი, რას წერს ე.წ. ნადავლი ფილმების გავლენაზე გელა ჩარკვიანი „ინტელექტის“ მიერ გამოცემულ ჩანაწერებში:

„საბჭოთა იდეოლოგიის მდგრადობის შენარჩუნების თვალსაზრისით, აშკარა შეცდომა იყო დასავლური კინოფილმების (ე.წ. ნადავლის) ფულის მოგების მიზნით საკავშირო ეკრანებზე გამოშვება. და თუმცა ამ ფილმებში გარეგნულად თითქოს არ იდო რაიმე იდეოლოგიური ნაღმები, მათმა ზეგავლენამ საბჭოთა ადამიანებზე, განსაკუთრებით ახალგაზრდობაზე, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ალბათ, უპირველესად აღნიშვნის ღირსია „მზიური ველის სერენადა“. ოსკარ უაილდის არ იყოს, ხელოვნება, შეიძლება, მართლაც უსარგებლოა, მაგრამ, ვფიქრობ, შესწევს ძალა რაღაც შეცვალოს. დიდი ხანია მიმაჩნია, რომ „ჩატანუგა ჩუჩუმ“ მეტი გააკეთა საბჭოთა კომუნიზმის ძირგამოსათხრელად, ვიდრე ამერიკის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ“.

დავით პაიჭაძე

დავით პაიჭაძე

დავით პაიჭაძე მიიჩნევს, რომ „ჩრდილი გზაზე“ - ეს არის ისტორია და სოციოლოგია მეცნიერების გარეშე. როგორც ჩანს, ტექსტის წერისას მწერალ აკა მორჩილაძეს დიდად გამოადგა ისტორიკოს გიორგი ახვლედიანის ცოდნა და გამოცდილება.

„მას ნაძებნი, ნაპოვნი და შეკრებილი აქვს არა მარტო წერილობით წყაროებში დაფიქსირებული მასალები, არამედ ზეპირად მოგროვილი თქმულებები და მეოცე საუკუნის მითები. და გიყვება საბჭოთა საქართველოს ამბავს. გამჭოლი მოტივი წიგნში გახლავთ თბილისური კრიმინალიტეტის ჩამოყალიბება -თბილისური იმიტომ, რომ ერთგან აღნიშნავს, რომ რაც ქალაქში ხდება, ის არის მთავარი და ის არის ქვეყნის სახეო. რაც სოფელში ხდება, სურათს ქვეყნისას ვერ ქმნისო. როცა ვამბობ „თბილისის კრიმინალიტეტს“, ვგულისხმობ კრიმინალურ და კრიმინალურთან ახლოს მყოფ სუბკულტურას, რომელიც ამ ქალაქში იყო, ფერი იცვალა კომუნისტების დროს, ტრანსფორმირდებოდა სხვადასხვა მმართველობის დროს და საბოლოოდ მოგვცა 90-იანი წლები“, უთხრა დავით პაიჭაძემ რადიო თავისუფლებას.

აკა მორჩილაძე

აკა მორჩილაძე

აკა მორჩილაძის მიხედვით კი, დროის ცვლა და, აქედან გამომდინარე, საზოგადოებრივი ძვრები, ასახვას პოვებდა ეგრეთ წოდებული ურბანული რაინდის ტიპზე, რომელსაც ყველასთან ჰქონდა კავშირი: პარტიასთანაც, ინტელიგენციასთანაც, ქურდთან და „ძელეცებთანაც“. 50-60-იან წლებში მოდაში ყოფილა ბოჰემურობა და სიმთვრალე:

„იმავე დროს მოდაში იყო კრივი, ჭიდაობა და ათლეტიზმი, გარეგნობა და ულვაში ახალგაზრდებს შორის, მაგრამ მთავარი იყო ეს ამბავი, მთავარი იყო ეს ბოჰემა. ბოჰემა ხსნიდა სულსა და გულს. სმა კაი ტონი იყო. სმა იყო პოეზია, ყოველგვარი ლექსების გარეშე. ეს იყო ურთიერთობების საშუალება, ეს იყო რომანტიკა, ეს იყო სინამდვილე, და არა ის, რაც ითვლებოდა, რომ არის სინამდვილე“.

ახალ დროში ეს ადგილი თანდათან დაიკავა ქუჩის ჰოპსტოპმა, არა მხოლოდ ფულის, არამედ ჯინსის, კაი საროჩკის, მერე და მერე უცებ მოდაში შემოსული ტყავის კურტკების, ე. წ. ლაიკის გახდამ...

ავტორის თქმით, ეს იყო გალაკტიონის დრო, „ბრწყინვალე შვიდეულის“ დრო. მერე დრო გამოიცვალა. სხვა ხალხი დადიოდა ქალაქში. სხვა ფილმები იყო მოდაში და ბირჟებზეც სხვა ბიჭები იდგნენ. „ყველა ბირჟა უფლებამოსილი იყო სუსტი და მარტო მყოფი დაემცირებინა და დაემარცხებინაო“.

„...ახალ დროში ეს ადგილი თანდათან დაიკავა ქუჩის ჰოპსტოპმა, არა მხოლოდ ფულის, არამედ ჯინსის, კაი საროჩკის, მერე და მერე უცებ მოდაში შემოსული ტყავის კურტკების, ე. წ. ლაიკის გახდამ. ამიტომ ჯგუფად ყოფნას, კავშირებს, ჩერეზძმაკაცობას, საჭირო პირთა დასახელებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა“.

აკა მორჩილაძის ტექსტში გამორჩეული ადგილი უკავია თბილისის მნიშვნელოვან უბანს, ვაკეს, საბჭოთა ეპოქის პირმშოს, მის გეოგრაფიასა და სოციალური ურთიერთობების რთულ ხლართებს. წიგნის ეს ნაწილი, სათაურით „ვაკის გეოგრაფია და სხვა“, პირველად გამოიცა საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტ „საბჭოთა თბილისის“ ფარგლებში. გამოცემის რედაქტორის, ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს დირექტორის, ნინო ლეჟავას თქმით, საბჭოთა წარსულის ჯეროვანი კვლევის გარეშე შეუძლებელი იქნება ამ ნეგატიური გამოცდილების გააზრება და დადებით კონტექსტში ტრანსფორმირება:

მიუხედავად ამისა, სისადავითა და სიზუსტით ახერხებს ძალიან ბევრი ნეგატიური ტენდენციის გამოკვეთას, რომელიც მხოლოდ საბჭოთა კავშირისა და საბჭოთა მავნებლური სისტემის ბრალი კი არ არის...

„ისტორიის კვლევა იმისთვის არის საჭირო, რომ მომავლისთვის უკეთესად დაგეგმოს ადამიანმა საკუთარი ცხოვრება. იგივე შეიძლება ითქვას სახელმწიფოსა და საზოგადოებაზე. ჩემთვის, როგორც გერმანული პოლიტიკური ფონდის წარმომადგენლისთვის, ეს თემა - საბჭოთა წარსულის გააზრება - ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პერსპექტივის თვალსაზრსით არის მნიშვნელოვანი“.

ნინო ლეჟავას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ჩრდილი გზაზე“ არაა ისტორიული მონოგრაფია, ტექსტი მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ ავტორი დოკუმენტირებასა და არქივირებას უკეთებს მე-20 საუკუნის ბევრ მნიშვნელოვან მოვლენას, თან ყოველივე ამას აკეთებს სევდითა და სიყვარულით:

ნინო ლეჟავა

ნინო ლეჟავა

„მიუხედავად ამისა, სისადავითა და სიზუსტით ახერხებს ძალიან ბევრი ნეგატიური ტენდენციის გამოკვეთას, რომელიც მხოლოდ საბჭოთა კავშირისა და საბჭოთა მავნებლური სისტემის ბრალი კი არ არის, არამედ ეს არის, გარკვეულწილად, ასევე ქართული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ესა თუ ის მანკიერი მოვლენა, რომლებიც განსაკუთრებით 60-იანი წლების ბოლოდან დაიწყო საქართველოში და რომელმაც შემდეგ მიიყვანა ქართული საზოგადოება და სახელმწიფო 90-იანი წლების კიდევ უფრო მანკიერ პროცესებამდე“.

„ჩრდილი გზაზე“ მთავრდება საბჭოთა კავშირის დაშლით. ამის იქით ავტორი აღარ მიდის, თუმცა კარგად ვიცით, რომ 90-იანმა წლებმა კიდევ უფრო მეტად მანკიერი ურთიერთობები მოიტანა. ალბათ, ამიტომაცაა, რომ, ფილოლოგ დავით პაიჭაძის თქმით, წიგნის ფინალში გამოსჭვივის უკეთესი მომავლისა და საქართველოს დაბრუნების იმედი.

„ამ წიგნში არ არის ნოსტალგია. აქ არის ფიქრი მომავალზე, რომელიც ბოლოში იჩენს თავს. სად ვიპოვოთ საქართველო, რომელიც დაიკარგა ამ ქურდულში, „დელეცურში“, ამ საბჭოურში... წიგნში ისე გამოდის, რომ ამან თავისი თავი მოჭამა ჩვენს კულტურაში - ძალადობის ტრანსფორმირებამ, ქუჩურმა გაგებამ, შეყენებამ, შეწერვამ, რეკეტმა... დამთავრდა ეს ან უნდა დამთავრდეს, მაგრამ თუ დამთავრდა, რას ჩავავლოთ ხელი? ბოლოში აკა მორჩილაძე ამბობს, რომ გული უნდა ვიპოვოთ ჩვენი საქართველოსი. „გული უნდა ვიპოვოთ სადმე ეშმაკეულ ზანდუკებში და შევუბეროთ სული, დავინახოთ, რომ ის ანდამატისა ყოფილა“. გულის პოვნა, კუნთისა, რომელიც სიცოცხლესა და სიჯანსაღეს აძლევს ამ ქვეყანას, ეს არის ამ წიგნის პათოსი, რომელიც კითხვით მთავრდება. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ამ გულის არსებობის არ სჯერა, - უბრალოდ, არ გეუბნება, რომ აქ არის. ის ფიქრობს ამაზე და შენც გიბიძგებს ამისკენ. მზა პასუხები აქ არ არის. არის უმრავი მასალა, რათა გონება დაძაბო და შენ თვითონ ეძებო პასუხი“, უთხრა დავით პაიჭაძემ რადიო თავისუფლებას.

XS
SM
MD
LG