Accessibility links

logo-print

რა მდგომარეობაშია აკაკი ხოშტარიას საჩუქარი 100 წლის შემდეგ


აკაკი ხოშტარიას სახლი

აკაკი ხოშტარიას სახლი

ცნობილმა ქართველმა ფინანსისტმა, საზოგადო მოღვაწემ და ქველმოქმედმა აკაკი ხოშტარიამ 1915 წელს აბაშის სოფელ სუჯუნაში დედის სახელზე, ევროპელი არქიტექტორების დახმარებით, სახლი ააშენა. მოგვიანებით მან შენობა სოფელს საგანმანათლებლო დანიშნულებისთვის საჩუქრად გადასცა. მას შემდეგ 100 წელი გავიდა. ორიგინალური და დახვეწილი არქიტექტურით გამორჩეული სახლი ახლა რეკონსტრუქციას საჭიროებს. დაზიანებულია როგორც შენობის ფასადი, ისე ინტერიერი.

აკაკი ხოშტარიას სახლი

აკაკი ხოშტარიას სახლი

სახურავიდან ჩასულმა წვიმამ გააფუჭა სხვადასხვა ორნამენტებით შემკული სახლის ჭერი და კედლები. ნაწილობრივ მორღვეულია შენობის შესასვლელთან განთავსებული ლომის ქანდაკებები. აკაკი ხოშტარიას სახლის მფლობელი 5 წელია, რაც საქართველოს საპატრიარქო, კერძოდ კი, ჭყონდიდის ეპარქიაა და ახლა აქ მონაზვნები ცხოვრობენ.

საჭირო თანხების უქონლობის გამო ეპარქია შენობის აღდგენას ვერ ახერხებს, - ასე განუცხადა რადიო თავისუფლებას აბაშაში მოღვაწე დეკანოზმა კონსტანტინე კაჭარავამ. მისი თქმით, ნაგებობა ძირითადად საბჭოთა პერიოდში დაზიანდა, შემდეგ კი :

აკაკი ხოშტარიას სახლი

აკაკი ხოშტარიას სახლი

„1997-98 წლებში ცნობილმა ქართველმა ბიზნესმენმა დავით ხოშტარიამ გაარემონტა. ისიც წარმოშობით სუჯუნელი იყო და შორეული ნათესავი აკაკი ხოშტარიასი. აი, მას შემდე აქ პროგიმნაზია განთავსდა, რომელმაც დიდხანს ვერ იფუნქციონერა და რატომღაც არსებობა შეწყვიტა. შემდეგი წლების განმავლობაში გამოკეტილი იყო და მეუფე პეტრემ გადაწყვიტა ამ შენობისთვის ეკლესიას ეპატრონა. გახსნილია ანგარიში“.

დეკანოზი გვიამბობს სახლის შესახებ გავრცელებული ისტორიული ფაქტების შესახებაც. მისი თქმით, შენობის მშენებლობა იმ პერიოდს ემთხვევა, როცა აკაკი ხოშტარიამ აუქციონზე ცნობილი ქართველი მრეწველის დავით სარაჯიშვილის სახლი შეიძინა და მისი რეკონსტრუქციისთვის იტალიელი არქიტექტორები მოიწვია:

აკაკი ხოშტარიას სახლი

აკაკი ხოშტარიას სახლი

„როგორც აქაურები ამბობენ, ეს სახლიც იტალიელების აშენებულია. ეტყობა, ისინი მოიწვია შემდეგ აქ. ეს არის ევროპულ სტილში გაკეთებული, იმ ეპოქისთვის დამახასიათებელი... სახლს ფიგურები აქვს გარედან, ფიგურები ჩვენ შიგნითაც გვხვდება“.

აკაკი ხოშტარიას სოფელში კარგად იცნობენ. სუჯუნელები ამბობენ, რომ ადრე ქველმოქმედის სახლს ბევრი დამთვალიერებელი ჰყავდა:

„აკაკი ხოშტარია ბიზნესმენი კაცი იყო. საქართველოსთვის კარგი ყოფილა. იმ შენობაში როცა სკოლა იყო, მე ვსწავლობდი. იქ დავამთავრე“, - ამბობს სუჯუნელი ჯემალ ღურწკაია. მისი მეზობელი არმინდა ჩაჩავა კი გვეუბნება: „ხოშტარიას სახლი ეკლესიამ იყიდა. მე კი მერჩივნა ის მუზეუმად დარჩენილიყო, მაგრამ ვინ დადის აქ ჩემს ჭკუაზე“.

აკაკი ხოშტარიას სახლი

აკაკი ხოშტარიას სახლი

„ადრე ძალიან ლამაზი იყო. მოდიოდნენ ექსკურსიაზე, ათვალიერებდნენ. შემდეგ დაინგრა და არავის გაუკეთებია“, - ამბობს მერი გვაზავა.

აკაკი ხოშტარიას სახლს ამ დრომდე არ აქვს მინიჭებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და როდის მოხდება ეს, არ იციან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში. აქ რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ, სუჯუნის სახლის მსგავსად, საქართველოში მრავლადაა ისეთი ობიექტი, რომელსაც უნდა ჰქონდეს, მაგრამ არა აქვს ძეგლის სტატუსი. მიმდინარეობს მუშაობა და პრიორიტეტების მიხედვით გაგრძელდება ეს პროცესი. სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსის თეა ონიანის განცხადებით, პროცედურების თანახმად, სააგენტო სტატუსის მინიჭებაზე მუშაობას იწყებს მისი თანამშრომლების მიერ მოკვლეული მასალების, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობისა და ობიექტის მესაკუთრის განცხადებების საფუძველზე:

აკაკი ხოშტარიას სახლი

აკაკი ხოშტარიას სახლი

„სათანადო დოკუმენტაცია არ არის ჩვენთან წარმოდგენილი, თუმცა, თუნდაც თქვენ მიერ მოწოდებული მასალების საფუძველზე, ჩვენ, ალბათ, მოვახდენთ რეაგირებას და სპეციალისტები იქნებიან მივლინებული, მაგრამ ეს შეიძლება ვერ მოხდეს დღეს ან ხვალ, რადგან არსებობს გაწერილი გეგმა-გრაფიკი“.

თეა ონიანის თქმით, საქართველოს ტერიტორიაზე 2004 წლიდან დღემდე 7 000 შენობას მიენიჭა კულტურის ძეგლის სტატუსი და მის გარეშე შესაძლოა დარჩენილი იყოს კიდევ ერთი იმდენი. ამიტომ სააგენტო ვარაუდობს, რომ ამ მიმართულებით მუშაობა რანდენიმე წელს მაინც ვერ დასრულდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG