Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის მზადება დასასრულს უახლოვდება


თბილისში ჩამოიტანეს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩირაღდანი.
თბილისში ჩამოიტანეს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩირაღდანი.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისათვის მზადება დასკვნით ფაზაში შედის. 14 მაისს ჩამოიტანეს თბილისში ოლიმპიური ფესტივალის ჩირაღდანი, ცეცხლი კი ჩირაღდანზე 26 მაისს დაინთება. როგორ ხვდება თბილისი ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს, რომელიც საქართველოში პირველად იმართება?

ჩინეთიდან ჩამოიტანეს ჩირაღდნები, რომელზეც ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ცეცხლი 26 მაისს უნდა დაენთოს. ვაზის და ყურძნის ორნამენტებით გაფორმებული ოქროსფერი ჩირაღდანი ჩინეთში ექვსი თვის მანძილზე მზადდებოდა. ჩირაღდანი 26 მაისამდე საბერძნეთიდან ჩამოტანილ ცეცხლს დაელოდება, შემდეგ კი მოივლის მთელ საქართველოს, ჩავა 67 ქალაქსა და რაიონულ ცენტრში, 14 ივლისს კი ოლიმპიური თამაშების სიმბოლო თბილისში შემოვა. ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის ალექსი ახვლედიანის თქმით, ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტაში 700, მათ შორის, 40 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მეჩირაღდნე მიიღებს მონაწილეობას.

„ჩირაღდნისთვის ბოლო წერტილი თბილისამდე იქნება უშგული, როგორც ყველაზე მაღალი წერტილი ევროპაში. ოლიმპიური ცეცხლი 4 დღეს დაყოფს ოლიმპიურ კოშკში. დილის 10 საათზე სათხილამურო ტრასასთან დაეშვება ვერტმფრენი, მოთხილამურეები გადააწვდიან ოლიმპიურ ცეცხლს ვერტმფრენში. 40 წუთში ვერტმფრენი დაეშვება ქობულეთში, სადაც გაიმართება საზეიმო დახვედრა, უკვე საცურაო კოსტუმებში და ამ დახვედრის შემდეგ, საღამოს, ოლიმპიური ცეცხლი ჩამოვა თბილისში. ამით გვინდა ვანახვოთ ყველას, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც შეიძლება 40 წუთში თხილამურებიდან საცურაო კოსტუმებამდე მიხვიდე“, - ამბობს ალექსი ახვლედიანი.

ოლიმპიური ფესტივალის ჩირაღდანი
ოლიმპიური ფესტივალის ჩირაღდანი

2010 წლის 27 ნოემბერს ბელგრადში ევროპის ოლიმპიური კომიტეტების გენერალურ ასამბლეაზე გამართულ კენჭისყრაზე კომიტეტის წევრებმა თბილისსა და ჩეხეთის ქალაქ ბრნოს შორის არჩევანი თბილისზე გააკეთეს და მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების უფლება საქართველოს დედაქალაქს მიანიჭეს. ივლისის ბოლოსთვის თბილისში ევროპის 49 ქვეყნის 14-დან 18 წლამდე 3 800-მდე სპორტსმენი მოიყრის თავს. ისინი ერთმანეთს სპორტის ცხრა სახეობაში შეეჯიბრებიან. ესენია: ძიუდო, ჩოგბურთი, სპორტული ტანვარჯიში, ველოსპორტი, მძლეოსნობა, ცურვა, ფრენბურთი, ხელბურთი და კალათბურთი. მათ შორის იქნებიან სპორტსმენები საქართველოდან. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი დოლაბერიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ქართველი სპორტსმენები ოლიმპიური თამაშებისათვის ამ ეტაპზე სასწავლო-საწვრთნელ შეკრებას გადიან. მისი თქმით, ეს ოლიმპიური თამაშები კარგი შანსია იმისათვის, რომ განვითარდეს სპორტის ის სახეობები, რომლებიც დღესდღეობით საქართველოში ნაკლებად წარმატებულია:

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი სახეობები, როგორიც არის, მაგალითად, ტანვარჯიში, ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში სპორტის ამ სახეობის ყოფნამ, შემიძლია ვთქვა, რომ გადაარჩინა სპორტის ეს სახეობა, რადგან მას ძალიან სჭირდებოდა მხარდაჭერა და ამ პროგრამამ, პირდაპირ რომ ვთქვათ, ძალიან დიდი ბიძგი მისცა ახალგაზრდებს. ასევე ხელბურთში... ის ასაკი, რომელიც მონაწილეობს ოლიმპიურ ფესტივალში, სწორედ ამ ასაკს უწევს 2017 წელს საქართველოში დაგეგმილ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში მონაწილეობა და ეს მათთვის მზადების ერთ-ერთი საუკეთესო ეტაპია“.

სწორედ ორი დღის წინ შედგა შეხვედრა ოლიმპიურ კომიტეტში, სადაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიუხედავად იმისა, რომ მშენებელი კომპანია გარანტიას იძლევა, რომ მშენებლობა 5 ივლისს დასრულდება, ჩვენ ამ რისკებს თავი ავარიდეთ და წავედით მეორე ვარიანტით, ანუ ხელბურთი ჩატარდება სპორტის სასახლეში...
ალექსი ახვლედიანი

ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის ალექსი ახვლედიანის თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, გეგმის მიხედვით მიდის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო საქმე. მისივე თქმით, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სპეციალურად „თბილისი 2015“- ისთვის უნივერსიტეტის ქუჩაზე დაწყებული ხელბურთის დარბაზის მშენებლობის დასრულება ვერ ესწრება და სწორედ ამიტომ ხელბურთის მატჩები სპორტის სასახლეში გაიმართება:

„ჩვენ მთელი წლის მანძილზე არაერთხელ ვთქვით, რომ თუ რაიმე საფრთხე შეექმნებოდა აღნიშნული ობიექტის მშენებლობის დასრულებას, ჩვენ ავამუშავებდით ალტერნატიულ ვარიანტს. სწორედ ორი დღის წინ შედგა შეხვედრა ოლიმპიურ კომიტეტში, სადაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიუხედავად იმისა, რომ მშენებელი კომპანია გარანტიას იძლევა, რომ მშენებლობა 5 ივლისს დასრულდება, ჩვენ ამ რისკებს თავი ავარიდეთ და წავედით მეორე ვარიანტით, ანუ ხელბურთი ჩატარდება სპორტის სასახლეში“, - ამბობს ალექსი ახვლედიანი.

აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის ქუჩაზე სპორტული კომპლექსის მშენებლობაზე პასუხისმგებლობა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ეკისრებოდა. მშენებლობის დროულად დასრულებისათვის დამატებით გამოიყო სამ მილიონ ლარზე მეტი, თუმცა, როგორც ალექსი ახვლედიანი ამბობს, ამ ეტაპზე ცხადია, რომ კომპლექსი 5 ივლისისთვის ვერ დასრულდება. საპირისპიროს ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი დოლაბერიძე და იმედს გამოთქვამს, რომ კომპლექსი ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის მზად იქნება. აპრილის ბოლოს დასრულდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პატრონაჟით მიმდინარე კიდევ ერთი ობიექტის, დიღმის საცურაო აუზის, მშენებლობა. ორივე ობიექტს, სამინისტროს მეთვალყურეობით, სახელმწიფოს 100 % წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმო შპს „სპორტმშენსერვისი" აშენებდა. უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მიმდინარე მშენებლობა არაერთხელ იქცა კრიტიკის საგნად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის მისამართით.

სპეციალურად ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისათვის ჩინური კომპანია "ჰოალინგ ჯგუფის" ინვესტიციით აშენდა ოლიმპიური სოფელი თბილისის ზღვის ტერიტორიაზე. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი სტარტს 26 ივლისს აიღებს და, პირველი აგვისტოს ჩათვლით, ერთ კვირას გასტანს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG