Accessibility links

logo-print

საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორელებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება წაართვა


ახალგორი

ახალგორი

დღეს, 25 ოქტომბერს, დილიდანვე, ახალგორის მიმართულებით მიმოსვლა შეწყდა. რუსეთისა და დე ფაქტო რესპუბლიკის სასაზღვრო უწყებების წარმომადგენლებმა ეგრეთ წოდებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი 25-დან 29 ოქტომბრამდე ჩაკეტეს.

თამარ მეარაყიშვილი ამჟამად ახალგორში იმყოფება. მართალია, მას დევნილის სტატუსი არა აქვს და ვერც აქამდე იღებდა მონაწილეობას არჩევნებში, მაგრამ მისი ახლობლები 27 ოქტომბერს წეროვანის დევნილთა დასახლებაში აპირებდნენ ჩასვლას და საკუთარი უფლების გამოყენებას, თუმცა ამ უფლებით უკვე ვეღარ ისარგებლებენ.

ჟურნალისტი მარი ოთარაშვილი ახალგორში ოჯახის წევრებთან ჩასვლას ამ დღეებში ფიქრობდა. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ პუნქტთან რუსულ ენაზე დაწერილი განცხადება გამოაკრეს, სადაც აღნიშნულია, რომ ეგრეთ წოდებული საზღვარი საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების გამო იკეტება.

ახალგორელების ნაწილი ძირითადად წეროვანის დევნილთა დასახლებაშია რეგისტრირებული. ისინი დაბასთან კონტაქტს არ წყვეტენ და მუდმივი მიმოსვლა აქვთ. გარდა ამისა, ის ადამიანები, ვინც კომპენსაცია აიღო და დევნილის სტატუსითაც სარგებლობს, არჩევნებში მონაწილეობას აპირებდნენ, თუმცა ამას ვეღარ შეძლებენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ადრევე ცნობილი იყო, რომ არჩევნების წინ დე ფაქტო ხელისუფლებასა და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ახალგორისკენ გზის ჩაკეტვა ჰქონდათ განზრახული. ერგნეთის ბოლო შეხვედრაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით სუჯაშვილმა ოსური და რუსული მხარეების წარმომადგენლებს სთხოვა, რომ ეს არ გაეკეთებინათ, მაგრამ მისი თხოვნა არ გაითვალისწინეს.

ახალგორისკენ მიმოსვლა 29 ოქტომბერს აღდგება, დაბაში დარჩენილი მოსახლეობის ნაწილი კი, ვინც დევნილის სტატუსს ფლობს, არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.
XS
SM
MD
LG