Accessibility links

logo-print
16 ნოემბერს ”თავისუფალი დემოკრატების” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის წევრმა ნინო გოგუაძემ და ახალგორის რაიონის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ყოფილმა დირექტორმა თამარ მეარაყიშვილმა განათლების სამინისტროსგან მოითხოვეს პასუხი კითხვაზე - სიმართლეა თუ არა გავრცელებული ინფორმაცია, რომ მომავალი წლიდან ახალგორის ქართულ სკოლებს საქართველოს ხელისუფლება აღარ დააფინანსებს, მათ შეუწყდებათ ლიცენზია და სკოლების ატესტატები ძალას დაკარგავს?.. განათლების სამინისტრო ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში კი ახალგორის სკოლების დახურვას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ გაუგებრობა ინფორმაციის ნაკლებობამ გამოიწვია.
საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბავშვებს არ დაედგომებოდეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და, ცხადია, ამის გამო იქ ვერც მათი მშობლები გაჩერდებიან დიდხანს...

ახალგორის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ყოფილი დირექტორი თამარ მეარაყიშვილი შიშობს, რომ შესაძლოა მომავალი წლიდან ახალგორის ქართულ სკოლებს ლიცენზიები ჩამოერთვას, ატესტატებს ოფიციალური დოკუმენტის ძალა დაეკარგოს, რაც, საბოლოოდ, სკოლების დახურვას გამოიწვევს. მეარაყიშვილი აცხადებს, რომ იანვრიდან მოსალოდნელი ამ საფრთხის შესახებ მან ახალგორის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის, ნუგზარ პაპუნაშვილისგან შეიტყო. ის ეჭვობს, რომ ამ ნაბიჯს, თუ ის სიმართლეს შეესაბამება, ერთადერთი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს - სურვილი დაიცალოს ახლგორის რაიონის სოფლები ქართველი მოსახლეობისგან, რომელთა უსაფრხოებაზეც საქართველოს ხელისუფლება პასუხიმსგებლობას ვერ იღებს:

“მომავალი წლისთვის, როგორც ნუგზარ პაპუნაშვილმა გაგვაფრთხილა (ოღონდ პირად საუბარში), სკოლებს შეუჩერდება ლიცენზიები. შესაბამისად, იქ აღებული ატესტატები იქნება უკანონო ორგანოს მიერ გაცემული და თბილისში ჩვენი ბავშვები სწავლას ვერ გააგრძელებენ.”

აგვისტოს ომის შემდეგ ახალგორის სკოლების კურსდამთავრებულები დე ფაქტო ადმინისტრაციის მიერ გაცემულ ატესტატს იღებენ, შემდეგ ამავე ატესტატს ქართული მხარე ნოტარიულად ამოწმებს, რის შემდეგაც მას აბიტურიენტები საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში წარადგენენ. თუმცა წელს, როგორც თამარ მეარაყიშვილი ამბობს, სკოლებს ქართული მხარის მიერ დამოწმებული ატესტატები ჯერ არ მიუღია. პარტია ”თავისუფალი დემოკრატების” წევრი ნინო გოგუაძე საქართველოს განათლების სამინისტროს ახალგორის სკოლების მიზანმიმართულ რეპრესიებში ადანაშაულებს და შესაძლო მიზეზებსაც ასახელებს:
თუ ომმა და სისხლისღვრამ ვერ ამოუკვეთა ქართველებს ფეხი თავისი სამშობლოდან, ამას საკმაოდ წარმატებით ახერხებს საქართველოს განათლების სამინისტრო...

”საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბავშვებს არ დაედგომებოდეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და, ცხადია, ამის გამო იქ ვერც მათი მშობლები გაჩერდებიან დიდხანს. თუ ომმა და სისხლისღვრამ ვერ ამოუკვეთა ქართველებს ფეხი თავისი სამშობლოდან, ამას საკმაოდ წარმატებით ახერხებს საქართველოს განათლების სამინისტრო.”

ინფორმაციის გადამოწმება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ვცადეთ, რომლის პრესცენტრში გვითხრეს, რომ ასეთ საკითხებზე სამინისტრო კომენტარს არ აკეთებს.

რადგან თამარ მეარაყიშვილმა კონკრეტული პიროვნება დაასახელა რესურსცენტრის დირექტორის, ნუგზარ პაპუნაშვილის სახით, რადიო თავისუფლება მასაც დაუკავშირდა. აღმოჩნდა, რომ ის 20 ოქტომბრიდან ამ პოსტზე აღარ მუშაობს, გავრცელებულ ამბავს კი დეზინფორმაციას უწოდებს და ამბობს, რომ ზოგჯერ ადამიანებს უინტერესო სიმართლეს საინტერესო ჭორი ურჩევნიათ. ნუგზარ პაპუნაშვილი ამბობს, რომ თუ დე ფაქტო ხელისუფლებამ არ დახურა ახალგორის სკოლები, იქ ქართველი მოსწავლეები სწავლას ჩვეულებრივ განაგრძობენ:
მე ვიცი, რომ ატესტატები ქართულმა მხარემ უნდა გასცეს და ასეც იქნება. წელს მართლაც დააგვიანა, არ ვიცი რა მიზეზით, მაგრამ გვითხრეს, რომ აუცილებლად იქნება...


”ვინც იქ სწავლობს და სკოლასაც იქ დაამთავრებს, ჩვეულებრივ მიიღებს ქართულ ატესტატს. არაფერია გაუგებარი და არც მეარაყიშვილისთვის უნდა იყოს ეს გაუგებარი, მაგრამ რამით ხომ უნდა გამოიჩინოს თავი? ”

წელს რომ დამოწმებულმა ატესტატებმა სკოლებში მართლაც დაიგვიანა, ამას გვიდასტურებს ახალგორის ქართული სკოლის დირექტორი ნინო ამირანაშვილიც, თუმცა სკოლების დახურვაზე არც მას სმენია რამე:

”მე ვიცი, რომ ატესტატები ქართულმა მხარემ უნდა გასცეს და ასეც იქნება. წელს მართლაც დააგვიანა, არ ვიცი რა მიზეზით, მაგრამ გვითხრეს, რომ აუცილებლად იქნება. ან სკოლა რატომ უნდა დახურონ? ვმუშაობთ, ბავშვები გვყავს..."

მაშ, რამ გააჩინა სკოლების დახურვის შიში? - ვკითხეთ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის განათლების დეპარტამენტის დირექტორს სოსო ცოტნიაშვილს, რომელმაც ამ ამბავს შემდეგი ახსნა მოუძებნა:
მოხდა ამ სკოლების, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ლიკვიდაცია, თუმცა ეს არანაირ კავშირში არ არის არც დაფინანსების შეწყვეტასთან და არც სკოლების დახურვასთან...

”საქმე ისაა, რომ ყველგან, სადაც კი საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება, სკოლები არიან საჯარო სამართლის იურიდიული პირები. იგივე სტატუსი ჰქონდათ ომამდე ახალგორის სკოლებსაც, მაგრამ იმის გამო, რომ დღეს ეს ტერიტორია ოკუპირებულია, მოხდა ამ სკოლების, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ლიკვიდაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ. თუმცა ეს არანაირ კავშირში არ არის არც დაფინანსების შეწყვეტასთან და არც სკოლების დახურვასთან”, - და ამის დასტურად სოსო ცოტნიაშვილს გალის რაიონის სკოლები მოჰყავს.

ზურაბ ბენდიანიშვილი, რომელიც ხელმძღვანელობს ”კოალიციას დევნილთა უფლებებისთვის” რადიო თავისუფლებასთან საუბარში მნიშვნელოვნად მიიჩნევს ახალგორში დღემდე მცხოვრები ქართველების მიმართ ისეთი პოლიტიკის გატარებას, რომელიც მათ მშობლიური სოფლების დატოვებას კი არ აიძულებს, არამედ, პირიქით, იქ ცხოვრების გაგრძლებაში დაეხმარება. ზურაბ ბენდიანიშვილისათვის ამ დრომდე ახალგორის მოსახლეობაზე ზეწოლის ფაქტების შესახებ ცნობილი არ არის.

თამარ მეარაყიშვილი კი ამბობს, რომ წელს ახალგორში ზედიზედ დაიხურა ახალგორის უდედმამო ბავშვთა სახლი, დაფინანსება შეუწყდა ბაგა-ბაღებს, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლს და თუ იგივე საფრთხე სკოლებს არ ემუქრება, ამის დასტურს ის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისგან მოითხოვს.
XS
SM
MD
LG