Accessibility links

logo-print

ახალი წლის ღამეს ნაზი ბერუაშვილი ცხინვალში დარეკავს. შვილს და შვილიშვილებს მოიკითხავს, ახალ წელს მიულოცავს და მშვიდობას უსურვებს. ეს მოკითხვა ცრემლიანი იქნება. ომის შემდეგ დედა-შვილს ერთმანეთი აღარ უნახავთ და მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაციით კმაყოფილდებიან. ნაზი ბერუაშვილი ამჟამად ორ ვაჟთან ერთად კარალეთის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. ქალიშვილი ცხინვალშია გათხოვილი. სიძე ოსია. ბებოს შვილიშვილები ენატრება. ნაზი ბებიას საახალწლო სუფრის პირველი სადღეგრძელო მშვიდობის იქნება, შემდეგ მოგონებების და მონატრებული ოჯახის წევრების ნახვის სურვილისა:

„მე ცალ-ცალკე არ ვიტყვი სადღეგრძელოს ქართველების და ოსებისა. ერთად ვიტყვი და ერთ სადღეგრძელოში მყავს ჩაფიქრებული. იყოს მშვიდობა, აღდგეს ნდობა, აღდგეს რწმენა, გვიყვარდეს ერთმანეთი, გადავეხვიოთ ძმურად ერთმანეთს. ბედნიერი, მშვიდობის და სიხარულის მომტანი, ურთიერთსიყვარულის და ურთიერთგაგების შობა-ახალი წელი გაგვითენდეს ჩვენ და ოსებსაც და ვიყოთ და ვიცხოვროთ. ამ ქვეყანაზე მუდმივად არავინ ვართ მოსული და დროებით შემოვედით ამ ქვეყანაზე და ნაწილ-ნაწილ გავდივართ ამ ქვეყნიდან. ისე ნუ გავალთ, რომ ჩვენს მომავალ თაობას რაღაც ისეთი გაუსაძლისი და ძნელად ამოსახსნელი ამოცანები დავუტოვოთ“.

იზოლდა მელაძე სოფელ სარიბარში ცხოვრობს. კასპის მუნიციპალიტეტის ამ 8-კომლიან სოფელში ძირითადად ეთნიკური ოსები ცხოვრობენ. 75 წლის მოხუცს ბევრი ქართველი და ოსი ნათესავი ჰყავს. ოჯახის წევრების დიდი ნაწილი ძირითადად ვლადიკავკაზსა და ახალგორში ცხოვრობს, იზოლდა ბებოს ინტერვიუს დროს ცრემლები მოსდის და ყველაზე მეტად ჩაკეტილი გზების გამო დაშორებულ ნათესავებთან შეხვედრას ნატრობს:

„ჩემი სიძე ქართველია, რძალი ქართველია. ასე ვართ ერთიმეორეში. ვაიმე, შვილები, ერთიმეორეს ვერა ვხედავთ. ჩემიანი არ მოდის, არა ვხედავ, აბა, რა გული უნდა მქონდეს. ლენინგორში მყავს ისინი. სამშობლო იქ მაქვს. დედა მომიკვდა და არ მიშვებდნენ. ძმა, ძმისშვილები ვერა ვხედამ. რო მოვლენ, დავხვდები, კარგი იქნება, მაგრამ, აბა, რანაირად?“

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარში ქართველები და ოსები ერთად ცხოვრობენ. სოფლის შესასვლელში ქართული პოლიციის საგუშაგო დგას, გასასვლელში კი ოსურ სოფელ ხელჩუასთან რუსეთის მესაზღვრეები მორიგეობენ. 2008 წელს ეს სოფელი დაიცალა. ქართველებმა დაზიანებული სახლები დატოვეს და გორის საბავშვო ბაღებში უსტატუსო დევნილებად ცხოვრობდნენ. რამდენიმე წლის წინ მათ სოფელში დაბრუნება დაიწყეს. ოს მეზობლებთან ისევ მეგობრული ურთიერთობა აქვთ და ახალ წელსაც ერთად დაიყენებენ. ზარდიაანთკარში სახლები ისევ დაზიანებულია, სოფელს ზევიდან რუსების მიერ მოწყობილი სამხედრო ბაზა გადმოჰყურებს, საიდანაც ხშირად სროლის ხმა ისმის. სოფლის მცხოვრები ალექსი ბესტავაშვილი ამბობს, რომ სასიკეთოდ ჯერ არაფერი შეცვლილა და სოფელი უყურადღებოდაა მიტოვებული:

„ეს ახალი წელი ჩვენთვინა არაფერი არ არის. იმიტომა რომა, თუკი არაფერს გაიხარებ, გინდა ყოფილა ახალი წელი, გინდა არა. კარგს რა ჯობიან? მშვიდობა რომ იქნება, ყველა მშვიდობას მიემხრობა და როცა მშვიდობა არ იქნება, აი, რა გავაკეთოთ?“

ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში 2015 წელს გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობდა. ზოგან უკვე ანთია ცისფერი ალი. ზოგან სამუშაოები ისევ დაუსრულებელია. მიმდინარეობს ელექტროენერგიის სისტემების გამოცვლა. კეთდება ჭაბურღილები, მაგრამ ამ სოფლებში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ეს არაა საკმარისი იმისთვის, რომ ომისგან დაზარალებული სოფლები წელში გაიმართოს. ზარდიაანთკარში გვითხრეს, იმედი ბოლოს კვდება, ჩვენც ამ იმედით ვცოცხლობთ და სოფლის შენებასაც გავაგრძელებთო.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG