Accessibility links

logo-print

ვის და როგორ აღუდგენს პროკურატურის ახალი დეპარტამენტი დარღვეულ უფლებებს


ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

„საშუალო და ქვედა რგოლის საჯარო მოხელეებს, რომლებმაც უფლებამოსილებას გადაამეტეს, მაგრამ არ ჩაუდენიათ სისხლის სამართლის დანაშაული, შესაძლოა პასუხისმგებლობა არ დაეკისროთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების ახალი დეპარტამენტის პრეზენტაციაზე. დეპარტამენტი გამოიძიებს საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილ იმ დანაშაულებრივ ფაქტებს, რომელთა შედეგადაც მოქალაქეებს მიადგათ ფიზიკური და მატერიალური ზიანი - ეს არის ქონების უკანონოდ ჩამორთმევისა და ძალადობის ფაქტები, ცემა-წამება, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობა. ვისთვის და როგორ აპირებს უფლებების აღდგენას პროკურატურაში შექმნილი ახალი დეპარტამენტი?

ახალი დეპარტამენტი გამოიძიებს საჯარო მოხელეთა მიერ, სავარაუდოდ, ჩადენილ დანაშაულს, რომელმაც მოქალაქეებს ფიზიკური და მატერიალური ზიანი მიაყენა. კერძოდ, დეპარტამენტი გამოიძიებს 2012 წლის 1 ოქტომბრიდან მთავარ პროკურატურაში შესულ საჩივარ-განცხადებებში მითითებულ ფაქტებს, მათ შორის, ქონების უკანონოდ ჩამორთმევის შესახებ. დღევანდელ პრეზენტაციაზე მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა განაცხადა, რომ ახალი სპეციალური დეპარტამენტის შექმნა განცხადებების სიმრავლემ და შინაარსობრივმა ერთგვაროვნებამ განაპირობა:

„მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ გამოძიების მიმდინარეობისას მაქსიმალურად იქნება დაცული სამართლიანობის პრინციპი, დეტალურად იქნება შესწავლილი და გადამოწმებული განცხადებაში მითითებული ფაქტები, მათ შორის, სახელმწიფოს სასარგებლოდ მოქცეული ქონების წარმომავლობის საკითხებიც და დაცული იქნება როგორც განმცხადებლის, ასევე მათ განცხადებებში მხილებული მოხელის უფლებები და კანონიერი ინტერესები“.

დეპარტამენტი გამოიძიებს ძალადობის ფაქტებს, რომლებიც მოიცავენ ცემა-წამების, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას, საპროცესო შეღავათების სანაცვლოდ ან სხვა მიზნით განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს, ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტებს...

გიორგი ბადაშვილის ინფორმაციით, დეპარტამენტში მუშაობისთვის საგანგებოდ შეარჩიეს ის პროკურორები და გამომძიებლები, რომელთა მიმართ არც პროკურატურაში და არც რომელიმე სხვა სამართალდამცავ ორგანოში საჩივარი არ შესულა. სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების ახალი დეპარტამენტის უფროსად პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი დაინიშნა, მის მოადგილედ კი პროკურორი კოკა კაციტაძე.

2012 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის იანვრამდე საქართველოს პროკურატურამ 52 530 საჩივარ-განცხადება მიიღო - ამის შესახებ დღეს განაცხადა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების ახალი დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ნადარეიშვილმა. მისი ინფორმაციით, ამ საჩივრებიდან 697 შეეხება ქონების ჩამორთმევას, 3 495 შემთხვევაში კი მოქალაქეები აღწერენ სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებისა და სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულს:

„დეპარტამენტი გამოიძიებს ძალადობის ფაქტებს, რომლებიც მოიცავენ ცემა-წამების, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას, საპროცესო შეღავათების სანაცვლოდ ან სხვა მიზნით განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს, ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტებს, რომელიც მოიცავს კანონიერი გზით მოპოვებული ქონების მუქარით, იძულებით ჩამორთმევას, ყველა სხვა დანაშაულს, რომლის ჩადენაშიც საჯარო მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი იქნება მხილებული“.

გარდა ქონების დაბრუნებისა, ასევე გასარკვევი იქნება რამდენად კანონიერად ფლობდნენ განმცხადებლები ამ ქონებას, განაცხადა პრემიერ-მონისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, ძალიან ბევრ მოქალაქეს აღუდგა დარღვეული უფლება, იქნება ეს ქონებრივი თუ სხვა უფლება, თუმცა ჯერ კიდევ მაღალია სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებული ინტერესი:

„ჩვენი ხალხი წლების განმავლობაში, მოგეხსენებათ, რომ იყო დამცირებული, შეურაცხყოფილი. ბევრ მათგანს ჩამოართვეს ქონება და გააკოტრეს, ბევრი ციხეში მოხვდა უკანონოდ. უსასტიკეს, შეურაცხმყოფელ, არაადამიანურ პირობებში ამყოფეს, იძალადეს მათზე, ჯანმრთელობა შეურყიეს, ცხოვრება დაუნგრიეს,.დღეს ეს ადამიანები მოთმინებით ელიან პასუხს“.

ჩამორთმეული ქონების დაბრუნების დროს მთავარი გასათვალისწინებელი ფაქტორი მაინც ფინანსური ფაქტორი იქნებაო, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. მისი სიტყვებით, თავდაპირველად დეპარტამენტმა სწორედ იმ საქმეებზე უნდა დაიწყოს მუშაობა, რომელიც ნაკლებ ფინანსურ დანახარჯს მოითხოვს:

თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

„საქმეების გადახარისხება უჩვენებს, რომ არის მრავალი საქმე, რომელიც შეიძლება იყოს ნაკლები ფინანსური დანახარჯით მოგვარებული - კერძოდ, ის საქმეები, რომელიც ეხება ჩამორთმეულ ქონებას, მაგალითად, სააგარაკე ნაკვეთს თუ სხვას, რომელიც ჯერ კიდევ სახელმწიფოს ხელშია“.

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, ბიუჯეტში არსებობს შესაბამისი თანხები, თუმცა, როგორც ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, განიხილება კომპენსაციის სხვა მექანიზმებიც:

„იმ შემთხვევებში, სადაც დადგინდება გამოძიების შედეგად, რომ ადგილი ჰქონდა კანონიერი ქონების ჩამორთმევის ფაქტებს, რა თქმა უნდა, მთავრობა გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს და ქონება დაუბრუნდება კანონიერ მფლობელს. იმ შემთხვევებში, როცა ქონება არ არსებობს, სახელმწიფოს აქვს სხვადასხვა მექანიზმები. ეს არის სხვა ქონებით ჩანაცვლების მექანიზმები, ეს არის ობლიგაციების მექანიზმი და სხვა“.

მიუხედავად იმისა, რომ პროკუტარის ახალი დეპარტამენტის მანდატსა და უფლებამოსილებასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები აქვს, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარეს ანა ნაცვლიშვილს პროცესის დაწყება უნიშვნელოვანეს ამოცანად მიაჩნია, ვინაიდან ბევრი მოქალაქე ელის თავისი სარჩელის სამართლიან გადაწყვეტას. სამოქალაქო სექტორის დიდი ნაწილი იზიარებს ამ პოზიციას. პროკურატურაში ახალი დეპარტამენტის შექმნას პოზიტიურად აფასებს საპარლამენტო უმრავლესობაც, უმცირეობისგან განსხავებით. „ნაცილონალურ მოძრაობაში“ მიაჩნიათ, რომ პროკურატურაში სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოსაძიებლად ახალი დეპარტამენტის შექმნა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემების გადაფარვას ემსახურება.

XS
SM
MD
LG